,,დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მამამ ვერ გაძლო და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე…” – ლადო აფხაზავას უმძიმესი ისტორია

,,დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მამამ ვერ გაძლო და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე…” - ლადო აფხაზავას უმძიმესი ისტორიალადო აფხაზავას, რომელსაც გუშინ სახლთან თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ, მძიმე ცხოვრება აქვს გავლილი. ის ერთ-ერთ ტელეინტერვიუში თავის ოჯახზე, დედაზე ყვებოდა:

-დედა როცა წავიდა, ჩვენი ოჯახის საქმეც ცუადად წავიდა. ამიტომ ქალები არიან ის ადამიანები, რომლებიც ოჯახს ამაგრებენ. დედა ძალიან ახალგაზრდა, 50 წლის გარდაიცვალა. ქიმიოთერაპიას ვუკეთებდით. მაშინ სახელმწიფო ქიმიოთერაპიას არ აფინანსებდა, ამიტომ ყველაფერი გავყიდეთ, პიანინოც კი… როცა გარდაიცვალა, ერთი თმის ღერი ვნახე მის ბალიშზე და ის თმა შევინახე. ისე მოხდა, რომ 3-4 წლის შემდეგ გავხსენი და თმა ჭაღარა იყო. გამიკვირდა… ძალიან ემოციური იყო ჩემთვის ეს წუთები. მე და მამამ ძალიან ადრე დავაფასეთ ქალის ღვაწლი ოჯახში…

დედა როცა ცოტა კარგად იყო, ერთი ფირუსულა დარგო და მთელ ეზოს მოედო. არც ვამუშავებ მიწას, რომ რომელიმე არ დავაზიანო. განსაკუთრებით მაშინ ყვავიან, როცა 3 მარტი მოდის…

ვერ ვიაზრებდი, რომ დედა უნდა გარდაცვლილიყო. მაშინ 17-18 წლის ვიყავი. მე დედას ვპატრონობდი. ბოლო წუთამდე მის გვერდით ვიყავი. ბოლოს ერთნაირად დავიწყეთ სუნთქვა. მან ცოტა შეანელა სუნთქვა და როცა შეანელა, მეც შევანელე. ბოლოს ხელი ჩამჭიდა და ვერ დავაცილეთ ხელები…

დედას და მამას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მამამ ვერ გაძლო და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე იმავე ოთახში, სადაც დედა გარდაიცვალა… როცა დედა დავმარხეთ, წვიმა დაიწყო. მეც გავიპარე სახლიდან და მამაც. სხვადასხვა გზებით წავედით. გავიხედე და მამაც მორბოდა და ცელოფანი მოჰქონდა… ორივემ გადავაფარეთ, ჩავეხვიეთ ერთმანეთს და ვიტირეთ, იმიტომ, რომ ჩვენ სახლში ვიყავით და დედა – არა…