რა დათმო ლაშა ღლონტის ქალიშვილმა სიყვარულისთვის – ,,მამამ ჩემი ქმარი საკუთარი შვილივით მიიღო”

რა დათმო ლაშა ღლონტის ქალიშვილმა სიყვარულისთვის - ,,მამამ ჩემი ქმარი საკუთარი შვილივით მიიღო",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

ანი ღლონტი, რომელიც საზოგადოებამ ქართული სიმღერების საოცარი შესრულებით გაიცნო, მომღერალ ლაშა ღლონტის ერთადერთი ნებიერა ქალიშვილია. ბავშვობაში მღეროდა, მაგრამ მოგვიანებით სცენას ჩამოშორდა, რასაც მამა ძალიან განიცდიდა. მას სულ უნდოდა, რომ ქალიშვილი ქართული სიმღერით სცენაზე ეხილა. მუსიკალური შოუ ,,მიმღერე” კი ანისათვის სცენაზე დაბრუნების გადაწყვეტილებაც აღმოჩნდა, სადაც ქმართან, თორნიკე მაისურაძესთან ერთად გამოჩნდა.

თუ როგორია ღლონტების მამაშვილობა და როგორ შეეგუა ერთადერთი ქალიშვილის გათხოვებას მამა, ამის შესახებ ქვემოთ, ანისთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ანი, როცა მუსიკალურ შოუში “მიმღერე” მამასთან და ქმართან ერთად შემოგთავაზეს გამოსვლა, როგორ მიიღეთ ეს გამოწვევა?

– მუსიკალური წრე ბავშვობიდან ასე თუ ისე მიცნობს, ამიტომ ძალიან ვნერვიულობდი, ამდენი წლის შემდეგ როგორ დავბრუნდებოდი სცენაზე. ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის და ბევრიც ვინერვიულე. როგორც ლაშას შვილს, ყოველთვის სხვანაირად მაკვირდებიან, სხვანაირად მისმენენ და მაფასებენ. როგორც კი შოუში აღმოვჩნდით.

ქმარი ადვილად დაიყოლიეთ, სცენაზე გამოსულიყო?

– მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე მღერის ანსამბლში, ადვილად ვერ დავიყოლიეთ. ძალიან თავმდაბალია და არ უყვარს კამერებთან და შოუში გამოჩენა. მისი თავმდაბლობიდან გამომდინარე, გამიჭირდა დათანხმება.

– ერთადერთმა, ნებიერა ქალიშვილმა როგორ აცნობეთ მამას, რომ გათხოვებას აპირებდით? ნერვიულობდით, გეშინოდათ?

– საერთოდ არ მინერვიულია, რადგან მამაჩემისთვის არაფერი დამიმალავს ცხოვრებაში. ჩვენი სიყვარულის დაწყებიდან მალევე ვუთხარი ჩემს გრძნობებზე და ისიც ძალიან გაგებით მოეკიდა.

ჩემს ცხოვრებაში სანამ ეს სიყვარული გამოჩნდებოდა, ვაპირებდი ამერიკაში სწავლის გაგრძელებას. ერთ მშვენიერ დღესაც შევედი მამასთან და ვუთხარი, ვეღარსად წავალ, რადგან ძალიან შეყვარებული ვარ-მეთქი. მისი პასუხი კი ასეთი იყო, სხვანაირად რომ მოქცეულიყავი, ის გამიკვირდებოდა, რა თქმა უნდა, მივესალმები შენს გადაწყვეტილებასო.

მამამ ჩემი ქმარი საკუთარი შვილივით მიიღო და ხანდახან ამბობს კიდეც, ვერ ვხვდები, რომელი უფრო მიყვარხართო. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ მამას და ჩემს ქმარს ასეთი ურთიერთობა აქვთ.

– ბაბუა ლაშა რამდენად განსხვავდება მამა ლაშასგან?

– არაჩვეულებრივი ბაბუაა. როცა დრო აქვს, სულ ცდილობს, შვილიშვილებთან გაატაროს, ეთამაშოს მათ. დარწმუნებული ვარ, როცა დრო მოვა, სიმღერაშიც ამეცადინებს. ვერ ვიტყვი, რომ ბაბუა ლაშა ძალიან განსხვავდება მამა ლაშასგან, ჩემ მიმართაც ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი იყო. დედა უფრო იჩენდა სიმკაცრეს ხანდახან.

– ლაშამ დაინახა თქვენს შვილებში მომავალი მომღერლები?

– სხვათა შორის, ჩემგან განსხვავებით, ჩემს შვილებზე არ აქვს განსაკუთრებული მოთხოვნა, რომ აუცილებლად უნდა იმღერონ. ბავშვებს აქვთ უკვე მონაცემები და ვნახოთ, როგორ განავითარებენ.