ჟანრი ლოლაშვილი: ,,ხანუმა” – ეს იყო არაჩვეულებრივი ბითურობა” – გენიალური სპექტაკლი, რომელსაც თეატრმცოდნეები აუმხედრდნენ

ჟანრი ლოლაშვილი: ,,ხანუმა" - ეს იყო არაჩვეულებრივი ბითურობა" - გენიალური სპექტაკლი, რომელსაც თეატრმცოდნეები აუმხედრდნენ,,სარკე”

54 წლის წინ რუსთაველის თეატრის სცენაზე, ავქსენტი ცაგარელის პიესის მიხედვით, სრულიად ახალგაზრდა რეჟისორმა ,,ხანუმა” დადგა. ნოვატორულ სპექტაკლს თეატრალები და კრიტიკოსები ეჭვით და არაკეთილგანწყობილად შეხვდნენ, არადა აღმოჩნდა, რომ ეს გენიალური მიგნება იყო. დარბაზში ტაში და ოვაციები გრგვინავდა. მაყურებელმა სიახლე არათუ მიიღო, მასზე დასასწრები ბილეთი ძნელად საშოვნელი გახდა. სპექტაკლი 10 სეზონის განმავლობაში სცენიდან არ მოხსნილა.

ის ახალგაზრდა რეჟისორი რობერტ, რობიკო სტურუა გახლდათ. თავად თვლიდა, რომ სპექტაკლის წარმატება იმდენად მისი დამსახურება არ იყო, რამდენადაც გენიალური მსახიობების – სალომე ყანჩელის, რამაზ ჩხიკვაძისა და ეროსი მანჯგალაძის. ამ სამეულიდან, შეუძლებელია, გამოყო ერთი რომელიმე მთავარი, თითოეულის ნიჭი თანაბრად რწყინავდა.

რამაზისა და ეროსის დუეტი სრული იმპროვიზაცია იყო. ერთხელ ეროსის ორკესტრის ხელმძღვანელ ლევონ ოგანეზიანთან პირდაპირ სცენაზე გაურჩევია ,,დინამოსა” და ,,არარატის” საფეხბურთო მატჩი. ,,ხანუმა” ქართული თეატრის ისტორიას კიდევ ერთი საოცარი ეპიზოდით შემორჩა, სადაც სოფიკო ჭიაურელი კინტაურს ცეკვავს.

ჟანრი ლოლაშვილი ,,სარკესთან” იხსენებს: ჩვენი ,,ხანუმა” ნამდვილი ვოდევილი იყო. ერთ რამეს ვიტყვი, რომ ეს იყო არაჩვეულებრივი ბითურობა, ერთგვარი სისულელეებით სავსე. მასში იყო დაცინვა მაშინდელ ქალაქელებზე.

თავდაპირველად ხალხი “ხანუმას” არაერთგვაროვნად შეხვდა. ეს იყო დადგმა, რომელიც სრულიად სხვა ჟანრში იყო გადაწყვეტილი, მით უმეტეს, რუსთაველის თეატრისთვის. იყო სახუმარო ჟანრის, ყოველგვარი რთული დრამატურგიული წრეების გარეშე. იყო ძალიან უბრალო სპექტაკლი, რომელშიც დამალული პათეტიკა, უტრირებული თეატრალური ხერხები, ორიგინალური მუსიკა, ქალაქური ფოლკლორი და სხვა ბევრი საინტერესო რამ იყო გამოყენებული.. განსაკუთრებით თეატრმცოდნეები აგვიმხედრდნენ. რუსთაველის თეატრი ჰეროიკული დრამის თეატრად იყო მიჩნეული და უცებ ასეთი გარდასახვა მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

თეატრში რობიკომ პირველმა შემოიტანა დამანგრეველი იუმორი, რომელიც ყველანაირ ზღვარს სცდებოდა. რაც მთავარია, მან სალომეს, ეროსისა და რამაზს იმპროვიზაციის დიდი საშუალება მისცა. მათაც, როგორც უზადო ნიჭის პატრონებმა, ეს უფლება გამოიყენეს. რომ იტყვიან, თავები გაიგიჟეს.

სარკე