8 ნოემბერს, საქართველოსთვის ისტორიულ დღეს ვროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ერთობლივი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გაკეთდა.
ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები გამოეხმაურენ. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი დადებით რეკომენდაციას სოციალური ქსელებით მაშინვე მიესალმა.
„ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი. ევროკომისია დღეს რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის კარი ღიაა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას“, – დაწერა ბორელმა სოციალურ ქსელზე X.
ევროკომისის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება:
„დღეს საჭიროა თამამი გადაწყვეტილებები და ლიდერობა. ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს… მიენიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ცხრა ნაბიჯი არის გადადგმული“.
მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ საგანგებო ბრიფინგზე მიულოცა:
-გილოცავთ, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს, რომ მან კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ჩემი გულითადი მილოცვა ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ხელისუფლებას, ოპოზიციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, არასამთავრობო სექტორს, მედიას, მაგრამ, პირველ რიგში, ჩემი მილოცვა ქართველ ხალხს, რომელიც ყოველთვის მტკიცედ და უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ არჩევანს.
ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. მე არ შემხვედრია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ სურდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მნიშვნელოვან ნაბიჯებს მოითხოვს. ამ ნაბიჯების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული შემდეგ ეტაპზე გადასვლის საკითხი. ეს არის გაფართოების პროცესის ბუნება – მუდმივი რეფორმები, რომ თქვენი ქვეყანა მზად იყოს, როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანმა წევრმა, საკუთარი ადგილი დაიკავოს.