,,ბეღურების გადაფრენა” – ფილმი, რომელშიც ბეღურაც კი კარგად თამაშობდა

,,ბეღურების გადაფრენა" - ფილმი, რომელშიც ბეღურაც კი კარგად თამაშობდა,,სარკე”

,,ბეღურების გადაფრენა” თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა, შემდგომში ცნობილმა რეჟისორმა, თემურ ბაბლუანმა გადაიღო. ფილმს საბჭოთა ცენზურა მტრულად შეხვდა, დაიწუნეს, რადგან მასში კომკავშირის ხსენება არ იყო, არსად ჩანდნენ პიონერები და ა.შ. საბჭოთა ბავშვი კი მაგნიტოფონს იპარავდა. საბოლოოდ ფილმს მწვანე შუქი ცნობილმა რუსმა რეჟისორმა სერგეი გერასიმოვმა აუნთო, “ბეღურების გადაფრენა” კინოეკრანებზე გაუშვეს და პოპულარობაც მოიპოვა.

ფილმის სიუჟეტი ასე ვითარდება: მატარებელში, სადაც ბევრი მგზავრია, მთავარი გმირის ყურადღებას ერთი კაცი მიიქცევს, რომელიც ათასნაირ ამბავს ყვება და მგზავრებიც ინტერესით უსმენენ. მთავარი გმირი ხვდება, რომ მგზავრი ტყუილ-მართალს ერთმანეთში ურევს და ჩხუბს დაუწყებს. ისინი უკაცრიელ სადგურზე ჩადიან და მათი ჩხუბი იქ გრძელდება. აღმოჩნდება, რომ ის ტრაბახა კაცი სინამდვილეში სოფლელი მღებავია. საბოლოოდ მთავარ გმირს ნაცემი კაცი შეეცოდებდა და შესთავაზებს, რომ რუსეთში გაჰყვეს და იქ ერთად იმუშაონ მშენებლობაზე…

მსახიობი ტრისტან სარალიძე და რეჟისორი თემურ ბაბლუანი ერთი თაობის შემოქმედი ადამიანები არიან. თეატრალურშიც ერთ დროს სწავლობდნენ, პარალელურ კურსებზე. ბატონი ტრისტანი დამწყები რეჟისორის შემოთავაზებას მაშინვე დათანხმდა. ,,სარკესთან” ამ ამბავს ასე იხსენებს:

– თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც ამ ფილმის გადაღება დაიწყო. თემური ჩემს პარალელურ კურსზე, სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა. გამორჩეული ჯგუფი ჰქონდათ. ერთად სწავლობდნენ გია მატარაძე, გოდერძი ჩოხელი…

“ბეღურების გადაფრენა” თავიდან საკურსო ფილმად იყო ჩაფიქრებული. გადაღება 1977 წელს დაიწყო, შემდეგ დროებით შეჩერდა და ისევ გაგრძელდა. ჩემთვის ეს პირველი ფილმი იყო, ამით გამეხსნა გზა კინოში. თემურს ახლოს ვიცნობდი და შემომთავაზა, მის ფილმში მეთამაშა. მანამდე ფინეთში წავედი, უმაღლესი ინსტიტუტების წარჩინებული სტუდენტები ერთად გაგვიშვეს. ყველა ქალაქი მოვიარეთ. ჰელსინკში მაისური ვიყიდე, რომელსაც ამერიკის დროშა ეხატა. საქართველოში ასეთ მაისურებს იშვიათად ნახავდით. თემურს ძალიან მოეწონა და მითხრა, ფილმში ამ მაისურით გადაგიღებო.

კინოსტუდიის დიდ პავილიონში ვიღებდით. სპეციალური დიდი კუპე იყო გაკეთებული, რამდენიმე სცენა კი ნამდვილ მატარებელში გადავიღეთ. ამ დროს უკვე ზამთარი იყო. წარმოიდგინეთ, სიცივეში იმ მაისურით ვიჯექი, ამიტომაც ასეთი რაღაც მოვიფიქრე, თუ კამერა ჩემკენ არ იყო მომართული, ქურთუკი მეცვა. კამერა ჩემკენ რომ წამოვიდოდა, ქურთუკს მაშინვე ვიხდიდი. ერთ-ერთი სერიოზული კადრის გადაღების დროს ელვა გამეჭედა, გახდა ვერ მოვასწარი და მთელი კადრი გავაფუჭე. ამის გამო თემური გამიბრაზდა.

ფილმში ძალიან კარგ მსახიობებთან მომიწია მუშაობა და სტუდენტი ბიჭისთვის ეს ბევრს ნიშნავდა. რეზო ესაძე მუნჯის როლს ასრულებს. იმ დროისთვის მას უკვე გადაღებული ჰქონდა ფილმი “ერთი ნახვით შეყვარება”, რომელიც ძალიან მიყვარს. მთელ დღეებს ბატონი რეზოს გვერდით ვატარებდი, რადგან ზოგჯერ საინტერესო რაღაცებს ყვებოდა. ჩემთვის კი ასეთი პროფესიონალის თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანი იყო.

თემური რამდენადაც დიდი პროფესიონალია, იმდენად რთული კაცია. მას უნდა, რაც კი კადრშია მოცემული, ყველაფერი მაქსიმალურად მიიტანოს მაყურებლამდე და თან ესთეტიკურად კარგად გააკეთოს. ეს კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თემური ბევრს შრომობს ხოლმე სასურველი შედეგის მისაღწევად. “ბეღურების გადაფრენას” რომ იღებდა, არც ყვირილს ერიდებოდა, არც შელაპარაკებას, რადგან მისთვის მთავარი იყო შედეგი. პატარა დეტალიც თუ არ მოეწონებოდა, არ “გაატარებდა” და იქამდე იღებდა, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევდა. მართლაც ძალიან კარგი ფილმი გამოვიდა.

ფილმში ბრწყინვალე მსახიობებთან ერთად ქართული კინოს ორი ვარსკვლავი თამაშობს – ელგუჯა ბურდული და გურამ ფირცხალავა. სამწუხაროდ, არც ერთი აღარ არის ცოცხალი და დღეს მათ მიერ მოყოლილ ისტორიებს ოქროს ფასი აქვს. ისინი ,,სარკეს” უყვებოდნენ ფილმზე, რომელიც სტუდენტმა ბიჭმა მეგობრების დახმარებით გადაიღო.

ელგუჯა ბურდული: მე და თემურ ბაბლუანი მეგობრები კი ვიყავით, მაგრამ მხოლოდ ამის გამო არ ამიყვანდა მთავარ როლზე. ალბათ ჩემში რაღაც ისეთი დაინახა, რაც მის ფილმს სჭირდებოდა. საინტერესო როლი შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. მანამდე რუსეთში ხუთ ფილმში გადამიღეს, საქართველოში კი ეს ჩემთვის პირველი როლი იყო.

გადაღებების დროს სცენარი თვალით არ გვინახავს. ყველა მსახიობი მთლიანად თემურზე ვიყავით მინდობილი. რასაც გვეტყოდა, ყველაფერზე ვთანხმდებოდით. სცენარი თავიდან ბოლომდე რომ წავიკითხეთ, ფილმი უკვე მზად იყო. წარმოიდგინეთ, ჩვენი რეაქცია როგორი იქნებოდა. მაშინ მივხვდით, რა გადავიღეთ, მუშაობის პროცესში კიდევ ვერ ვაცნობიერებდით.

“ბეღურების გადაფრენა” სადიპლომო ნამუშევრად იყო გამიზნული და არა – ეკრანზე გამოსასვლელად. თემურს მეგობრები ვეხმარებოდით და ისე გადავიღეთ, მაგრამ იმდენად კარგი გამოვიდა, კინოეკრანებზეც წარმატება მოიპოვა. ფინანსები ცოტა გვქონდა. ხშირად ჩემს ფულს ვხარჯავდი, რომ მსახიობებისთვის მატარებლის ბილეთები ამეღო ან საჭმელი გვეჭამა. მაშინ სხვა დრო იყო, სიყვარული და მეგობრობა ფასობდა, ფულზე არავინ ფიქრობდა.

ფილმში არაჩვეულებრივი პარტნიორი მყავდა – თემურ ბიჭიაშვილი. ის ჩემი გამორჩეული მეგობარი იყო. მისი გარდაცვალება ისე განვიცადე, თითქოს საკუთარი ძმა გამომაკლდა… ყველაზე სახალისო ჩვენი ჩხუბის სცენები იყო. 30-მდე დუბლს მაინც ვაკეთებდით. ბოლო გადაღებაზე კი უკვე აღარც ვფიქრობდით, რა და როგორ გაგვეკეთებინა და კარგად ვჩხუბობდით ხოლმე.

გადაღებები თბილისში, კასპსა და ხანდაკში მიმდინარეობდა. ხანდაკში ჩვენი მაყურებლები ჩიტები, არწივები, შევარდნები და ძროხები იყვნენ. ერთხელ სროლის ხმა გავიგონეთ. ამ დროს დავინახეთ, რომ ფრთაში დაჭრილი ქორი მოფრინავდა და უკან ყვავი მოსჩხაოდა. გადასაღებ მოედანს გადაუფრინეს, ქორი იქვე, ბუჩქნარში ჩაეშვა და ყვავიც მიჰყვა. როგორც ჩანს, ქორს ვიღაცამ ესროლა, ყვავი კი სისხლის სუნზე გამოეკიდა. მთელმა გადამღებმა ჯგუფმა მუშაობა შევწყვიტეთ და ბუჩქებს მივაშურეთ. სად არ ვეძებეთ, მაგრამ ქორს ვეღარ მივაკვლიეთ, არადა მისი შველა გვინდოდა. ეტყობა, ყვავმა ჭკუით გვაჯობა და უცებ გაათრია.

სოფელ ხანდაკში ძველი ეკლესიის ნაშთი იყო, რომელიც ზუსტად ჩვენი გადასაღები მოედნის ზევით მდებარეობდა. იქ ხშირად ავდიოდით და სანთლებს ვანთებდით.

ფილმს თავიდან დაბრკოლებები შეხვდა და საბჭოთა კინოეკრანზე არ უშვებდნენ. ამბობდნენ, მასში არც კომკავშირელია ვინმე და არც პიონერიო. არ მოსწონდათ ის ეპიზოდი, როცა ბავშვი მაგნიტოფონს იპარავს. სხვათა შორის, იმ ბიჭის როლში ჩემი შვილია – ლადო.

მოსკოვში დიდმა რე-ჟისორმა სერგეი გერასიმოვმა ჩვენი ფილმი კინოსარეჟისორო ფაკულტეტის ყველა სტუდენტს რამდენჯერმე აჩვენა. შემდეგ საქართველოს ცკ-ში დარეკა და იკითხა, ამ ფილმს კინოეკრანზე რატომ არ უშვებთო. მთავრობამ კი ამ საქმის მოგვარება ჟიული შარტავას მიანდო. მან თავისთან დაგვიბარა.

მე და თემური მანამდე უკვე კარგად ვიცნობდით ჟიულის და მასთან ვმეგობრობდით. იქ რომ მივედით და ფილმი ნახა, მხოლოდ ის იკითხა, რად გინდოდათ ის ეპიზოდი, სადაც ბავშვი მაგნიტოფონს იპარავსო. თემურმა უპასუხა, ეგ ბავშვი მაგნიტოფონს კი არა, სიმღერას იპარავსო. მე კი ვუთხარი, ეგ მაგნიტოფონი მართლაც ლადოსი იყო და ცოტა ხნით გვათხოვა, რომ გადაღებებში გამოგვეყენებინა, რადგან დროულად არ დავუბრუნეთ, გადასაღებ მოედანზე მოვიდა და თავისი მაგნიტოფონი უკან წაიღო, ჩვენ კი ეს ყველაფერი გადავიღეთ და ფილმში შევიტანეთ-მეთქი. ეს რომ ვთქვი, სამივეს გაგვეცინა. ამის შემდეგ ,,ბეღურების გადაფრენა” საბჭოთა ეკრანზე გაუშვეს.

ხშირად ვადარებ ერთმანეთს “უძინართა მზესა” და “ბეღურების გადაფრენას” და მინდა, ვთქვა, რომ ეს უკანასკნელი უფრო მეტად მიყვარს. მასში მთელი სული და გული ჩავდე და ხალისით ვითამაშე. “უძინართა მზეშიც” სულით და გულით ვიმუშავე, მაგრამ ჩემი გმირი ძალიან მეცოდება. “ბეღურების გადაფრენა” არის ფილმი, რომელსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუყურებ, განსხვავებით ,,უძინართა მზისგან”. მისი ყურება მიჭირს.

გურამ ფიცხალავა: ,,ბეღურების გადაფრენას” რამდენჯერაც ვნახავ, იმდენჯერ სიხარულისა და სინანულის განცდა მეუფლება. სიხარულის იმიტომ, რომ ასეთ კარგ ფილმში მეც მივიღე მონაწილეობა და სინანულის იმიტომ, რომ წლები მალე გარბის…

სულ მიკვირს, გუჯა ბურდულმა ბეღურა ასე როგორ მიიჩვია. რომ გენახათ, ეს ჩიტი როგორ იქცეოდა, გეგონებოდათ, ვინმემ დაარიგაო. გუჯას ადამიანივით ყველაფერს უჯერებდა. მხარზე დაისვამდა და ასე დადიოდა. ბარტყი იყო, რომ მოიყვანეს და ასე მიიჩვია. მოკლედ, ბეღურამაც კარგად ითამაშა.

მე და თემური ერთმანეთთან ვმეგობრობდით. ერთ დღეს სახინკლეში ვიყავით. სწორედ იმ დღეს მომიყვა “ბეღურების გადაფრენის” სცენარი. რამდენიმე ხანში კი ფილმში მონაწილეობა შემომთავაზა. მე ეპიზოდური როლი მაქვს, მილიციელი ვითამაშე. მართალია, თემური იმ დროს სტუდენტი იყო, მაგრამ პროფესიონალიზმი მაშინვე ეტყობოდა. რადგანაც ეს სადიპლომო ფილმი იყო, ხელმომჭირნედ ვიყავით, ენთუზიაზმით ვმუშაობდით. ისეთი დრო იყო, ყველა სიხარულით ვაკეთებდით საქმეს. სამუშაო რომ გვქონდა, ამითაც კმაყოფილები ვიყავით და ფუტკრებივით ვშრომობდით.

გადაღების მომენტში ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ,,ბეღურების გადაფრენა” კაცური ფილმია. დღესაც, რამდენჯერაც ამ ფილმს ვნახავ, იმდენჯერ ვრწმუნდები, რომ მართლა კაცური ნამუშევარია. იშვიათად ხდება ხოლმე, სადიპლომო ფილმი ასეთი კარგი გამოვიდეს.