მაკა ზამბახიძე: ,,ჩემსას ველოდები და, აჰა, შვილმა გამიჩინა პატარა”

მაკა ზამბახიძე: ,,ჩემსას ველოდები და, აჰა, შვილმა გამიჩინა პატარა",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

,,დამამახსოვრდი” – ასე ჰქვია შვიდწლიანი პაუზის შემდეგ გამოშვებულ მაკა ზამბახიძისა და რატი დურგლიშვილის, ანუ დუეტ “ჯორჯიას”, პირველ მუსიკალურ კლიპს, რომლის პრემიერაც შუაგულ ზაფხულში თბილისში შედგა. დუეტი “ჯორჯია” კვლავ ქართული შოუბიზნესის ნაწილი გახდა. რატი და მაკა პარალელურად გააგრძელებენ სოლო კარიერასაც. მათი ტანდემი მხოლოდ დუეტი არ არის – 20 წელზე მეტია, ცხოვრების გზაზე ერთად მოდიან. მაკა უკვე, მართალია, ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ ბებიაა, რატი კი ჯერ დაოჯახებას არ ჩქარობს, სამაგიეროდ, მაკას შვილიშვილს ხშირად უმღერის.

– მაკა, როგორ ფიქრობთ, რა აქვს დუეტ “ჯორჯიას” ისეთი მაგიური, რომ ამდენი წელი მოთხოვნადია? როცა ცალ-ცალკე მღეროდით, მსმენელები მაინც დუეტს ითხოვდნენ თქვენგან.

-მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნაყოფიერი სოლო კარიერა მქონდა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყველა კონცერტზე, ყველა გასტროლზე სულ საუბარი იყო ჩვენს დუეტზე. არ ვიცი, რა მაგია აქვს “ჯორჯიას”. ალბათ ძალიან ორგანულები ვართ, არ ვთამაშობთ და გვიყვარს, რასაც ვაკეთებთ. პოზიტიურობა და გულწფელობა ყოველთვის გადამდებია. ჩვენთან ერთად ადამიანი ვერ მოიწყენს.

რატის მეათე კლასიდან ვიცნობ. 15 წლისები ვიყავით, როდესაც გავიცანი და ერთად სიმღერა გადავწყვიტეთ. ძალიან დიდი დრო გავიდა.

– რატის ხასიათში რას ებრძვით ყველაზე მეტად?

-კონკრეტულ საკითხებში გადაწყვეტილების მიღება ხშირად უჭირს. ამ დროს ლიდერის ფუნქციებს მე ვირგებ და რატიც გადაწყვეტილებამდე მიმყავს.

– რატიმ, როგორც მეგობარმა, როგორი გვერდში დგომა იცის?

-რატი ძალიან კარგი მეგობარია. ჩვენ ჯერ მეგობრები ვიყავით და შემდეგ გავხდით სცენაზე დუეტი. ძალიან ყურადღებიანია, უყვარს სიურპრიზების გაკეთება. ჩემი შვილიშვილი ქოქოსი ისე უყვარს, რომ გიჟდება. როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავს, მის სანახავად გარბის.

-რატომ ეძახით პატარა მიქაელს ქოქოსს?

-ყველას გვაგიჟებს. ქოქოსი მე შევარქვი, უცებ ასე დავინახე და მივამსგავსე. ბავშვს ნამდვილ სახელს აღარავინ ეძახის, კრეატიული სახელი მოვუძებნე.  ბებიობა მხოლოდ სტატუსად მაქვს, უფრო შვილივით მყავს. 38 წლის ასაკში გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და დიდი სითბო შემოიტანა. ჩემსას ველოდები და, აჰა, შვილმა გამიჩინა პატარა! ჩემი და ქოქოსის ურთიერთობა ძალიან მხიარული და ემოციურია. ძალიან მიყვარს მისი წვალება.

– როცა ბავშვი ტირის, როგორ აწყნარებთ, თქვენი სიმღერით?

-სიმღერით, რა თქმა უნდა. ძალიან უყვარს სიმღერა, ამ დროს ცეკვავს, ტაშს უკრავს. სიმღერა აჰიპნოზებს და მე და სალომეც სულ ვანებივრებთ ჩვენი სიმღერებით.