თაკო კორინთელი ტელევიზიაში ექიმმა ქმარმა დააბრუნა

თაკო კორინთელი ტელევიზიაში ექიმმა ქმარმა დააბრუნა,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

,,პოსტივის” ტელეწამყვან თაკო კორინთელის ცხოვრებაში ახლა სრული ჰარმონიაა. აკეთებს საყვარელ საქმეს, გვერდით ჰყავს საყვარ
წმუნებს, რომ ყველგან სადაც უმუშავია, მოსწონდა თავისი საქმე, სიხარულით აკეთებდა მას და ახლაც ასეა.

-თაკო, მახსოვს, “მაესტროზე” საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყავით, ახლა გასართობ-შემეცნებითი გადაცემა მიგყავთ. რომელი უფროა თქვენი, სად უფრო გრძნობთ თავს კომფორტულად და რა განსხვავებაა პირადად თქვენთვის ახალი ამბებისა და გასართობი გადაცემის წაყვანას შორის?

– თავიდან, როდესაც გასართობ-შემეცნებით გადაცემას ვიწყებდი და პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, მეგონა, საინფორმაციო სამსახური იმდენად ჩემი იყო, გასართობ გადაცემაზე ვერ მოვახერხებდი გადართვას და ფეხის აწყობას, მაგრამ ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ორივე ჩემია. ასევე შემიძლია ვახსენო სერიალიც, ეს მესამე ამპლუაც ჩემთვის იმდენად საყვარელია, რომ ვერ გამოვყოფ ვერც ერთს (თაკო სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ბარბარიკას როლს ასრულებდა. რედ.შენ.).

ახლა სადაც ვარ, ძალიან კარგად და კომფორტულად ვგრძნობ თავს, მაგრამ ვერ გეტყვით, ჩემთვის ნიუსი სჯობს, სერიალი თუ შემეცნებით-გასართობი გადაცემა.

– მინდა, პირადზეც გკითხოთ. როგორია ახალშექმნილი ოჯახის ყოველდღიურობა?

– ახალს ვეღარ დავარქმევდი, საკმაოდ დიდი ხანი გავიდა ალბათ. ძალიან კარგია ოჯახური ცხოვრება და ყოველდღიურობა. ხანდახან ხომ ამბობენ, ყოველდღიურობა რომ იწყება, რაღაცები ნელდება, ფერმკრთალდებაო, მე ამისი აღარ მჯერა. ასე არ არის. პირიქით, იმაზე უფრო საინტერესოა ყოველი დღე, ვიდრე მე წარმომიდგენია.

– თქვენი ქმარი რა პროფესიისაა?

– ჩემი მეუღლე არის ექიმი, რეაბილიტოლოგი, ფიზიოთერაპევტი, არის ძალიან პროფესიონალი თავის საქმეში. არ ვიცი, ქება-დიდება გამომდის, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება მინდოდა, ყოფილიყო ჩემ გვერდით. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი მეუღლეა!

– გეხმარებათ, რომ წარმატებული იყოთ, მოსწონს თქვენი აქტიური რეჟიმი?

მე რომ დავბრუნდი ტელევიზიაში, ვგულისხმობ დილის გასართობ გადაცემას, 99 პროცენტი არის ჩემი მეუღლის დამსახურება. ის იყო ადამიანი, რომელიც სულ მიბიძგებდა, დავბრუნებოდი ჩემს პროფესიას, აუცილებლად ეკრანზე ვყოფილიყავი და აუცილებლად მეკეთებია ის საქმე, რომელიც მიყვარს. სულ მეჩიჩინებოდა, რადგან, როცა პაუზა გაქვს აღებული, მერე ჭირს ფეხის აწყობა.

ბოლოს, რომელმა ფრაზამაც ძალიან იმოქმედა, იყოს ის, რომ მითხრა, როგორ მინდა, დილით რომ ავდგები, ჩემს მეუღლეს ტელევიზიით ვუყურებდე და ვხედავდე, როგორ ტკბება თავისი საქმითო. ამან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ყველა დეტალში გვერდით მიდგას და მგულშემატკივრობს. უნდა, რომ უფრო წინ წავიწიო, უფრო განვვითარდე.

– სახლში დიასახლისობთ, საოჯახო საქმეებს აკეთებთ?

– საოჯახო საქმეებს თანაბრად ვინაწილებთ. ძალიან ბევრ რამეში მეხმარება და ეს არის ჩემთვის უდიდესი კომფორტი. როცა მეუღლე სახლის საქმეებშიც გვერდით გიდგას, ეს ყოფილა დიდი ჰარმონია. განა იმიტომ, რომ მე რამეს არ ვაკეთებ, უბრალოდ, ერთმანეთს ხელს ვუწყობთ. თუ დამინახა, რომ სამსახურიდან დაღლილი მოვედი ან არ ვარ კარგად, უსიტყვოდ მეხმარება, ყველა საქმეს საკუთარ თავზე იღებს.

– თქვენი კიდევ ერთი სიყვარული, თვენი ოთხფეხა მეგობარი ენდი როგორ არის?

– ჩემი ენდი არის თილისმა. ალბათ ხალხს გიჟი ვგონივარ, იმდენად არაამქვეყნიურად და არანორმალურად მიყვარს. ზოგადად ყველა ძაღლი მიყვარს და ახლა დავიწყე ჩემი თავის კონტროლი. შემიძლია ქუჩაში მიუსაფარ ძაღლს სახეში ვაკოცო და ხალხისგან ამ დროს საოცარი რეაქცია მოდის. არ მინდა, ვინმეს გიჟი ვეგონო. ენდი კი არის საუკეთესო მეგობარი, ერთგულების სიმბოლო.

ვინ თქვა, ძაღლს ჭკუა არ აქვსო?! თუ მოწყენილი ვარ, არ არსებობს, რომ არ იგრძნოს და ისე გამოხატავს, მიკვირს, როგორ ხვდება ჩემს განწყობას-მეთქი. როცა არ ვარ ხასიათზე, მოვა ენდი, მომიტანს თავის სათამაშოებს, მეფერება და ამის გამო ხშირად მიტირია კიდევაც, სიყვარულის თეთრი ღრუბელი ამდენს როგორ გრძნობს-მეთქი.