ნინუცა როსტიაშვილი სიყვარულს 3 წელი მალავდა

ნინუცა როსტიაშვილი სიყვარულს 3 წელი მალავდა,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

,,რუსთავი 2″-ის დილის გადაცემის ჟურნალისტი ნინუცა როსტიაშვილი სვანეთში სიუჟეტის გადასაღებად წავიდა და სახლში ნიშნობის ბეჭდით დაბრუნდა. შეყვარებულმა დაჩი დოლიძემ თავგზა ისე აუბნია, ბოლო წუთამდე ვერ მიხვდა, რომ მას ცოლობას სთხოვდა. ამ “შეთქმულებაში” დილის გადაცემის ლამის მთელი შემადგენლობა იყო ჩართული. შედეგად ძალიან რომანტიკული და ამაღელვებელი კადრები გავრცელდა სოციალური ქსელით. ნინუცა თავის სამწლიან რომანს საგულდაგულოდ მალავდა. ინტერვიუებში ამაზე არასოდეს არაფერს ამბობდა. ,,სარკესთან” კი თავისი საიდუმლო პირველად მოყვა.

– ნინუცა, სვანეთში ორიგინალური ხელის თხოვნა ვიხილეთ. მართლა მოულოდნელი იყო თუ, როგორც ჟურნალისტი, ხვდებოდით, რომ რაღაც ხდებოდა თქვენს თავს?

– რომ გითხრათ, ჩვენს ურთიერთობაში ეს მოულოდნელი იყო-მეთქი, მოგატყუებთ. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ ამ ნაბიჯსაც გადავდგამდით, უბრალოდ იმ დღეს არ ველოდი. სვანეთში გადაღებებზე ვიყავი და ჩემმა პროდიუსერმა დამირეკა, სვანეთში მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება, სადაც ბევრი საინტერესო ადამიანი იქნება და “კურიერს” უნდა, რომ ჩაერთოო. თან გამაფრთხილეს, ძალიან პომპეზური გალა საღამოა და ჩაცმულობაც შესაბამისი უნდა იყოსო.

რაც მქონდა საუკეთესო, ჩავიცვი და წავედი მითითებულ რესტორანში. ცოტა მეუცნაურა, რომ პროდიუსერი ზუსტად არ მეუბნებოდა საღამოს შინაარსს და არ მაძლევდა კონკრეტული ადამიანების ნომრებს, ვისთანაც უნდა მეკონტაქტა, მაგრამ მაინც ჩავთვალე, რომ ეს “კურიერს” სჭირდებოდა და ყველაფერში გავერკვეოდი. იმდენად მობილიზებული ვიყავი ჩართვაზე, იმანაც კი არ დამაეჭვა, რომ მთელი სივრცე სანთლებით იყო გაწყობილი. დავჯექი და ველოდებოდი ადამიანს, რომელიც ამ საღამოს ამბავში დეტალურად გამარკვევდა.

ფიქრი როცა დავიწყე, ნეტა, სხვა რამე ხომ არ ხდება-მეთქი, ფეიერვერკების ხმა გავიგონე და დაჩიც გამოჩნდა. მაშინვე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ხდებოდა. 2 წამით ადრე გავშიფრე დაჩის ჩანაფიქრი. შემოდგომისთვის გვქონდა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი, მაგრამ ხელის თხოვნა მაინც დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა.

– ხელის თხოვნის ამ ორიგინალურ ფორმაში ყველაზე მეტად მაინც რა მოგეწონათ, სად იყო თქვენი ხასიათი და ბუნება გათვალისწინებული?

– მე და დაჩიმ ერთმანეთი გუდაურში თხილამურებით სრიალის დროს გავიცანით. ორივეს ძალიან გვიყვარს თოვლი და სრიალი. არ ვტოვებთ სეზონს, რომ სვანეთში არ ჩავიდეთ სასრიალოდ. ზღვას ყოველთვის მთა მირჩევნია, იქ კარგად ვგრძნობ თავს. ამიტომაც ეს სიურპრიზი რომ სვანეთში მოხდა, უკვე კარგი იყო. ყველაფერი ლამაზი და ამაღელვებელი აღმოჩნდა ჩემთვის.

– აქამდე ინტერვიუებში თავს არიდებდით პირად საკითხებზე საუბარს. რატომ მალავდით ამხელა სიყვარულს?

– პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბარი არც ახლა მიყვარს. უბრალოდ ისეთ მნიშვნელოვან მომენტს ვერ დამალავ, როგორიც ხელის თხოვნაა. ჩვენი ბედნიერების გაზიარებით ძალიან თბილი მოლოცვები მივიღეთ სრულიად უცნობი ადამიანებისგან. ჩემმა დილის გადაცემამ ძალიან ემოციურად მომილოცა ეს ამბავი. ამ ემოციების შემყურე ბევრ რამეზე დავფიქრდი. ვფიქრობდი, რომ ვარ რიგითი ჟურნალისტი, ვის რაში შეიძლება აინტერესებდეს, მე გავთხოვდი თუ არა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, როდესაც ადამიანებს შენს პოზიტივს და ბედნიერებას უზიარებ, მათგანაც იმავეს იღებ. მაინც ვფიქრობ, რომ პირადი ცხოვრების ბევრი ნიუანსი შენთვის უნდა დაიტოვო.

– რამდენ წელს ითვლის თქვენი სიყვარულის ამბავი?

– 3 წელია ერთად ვართ. ოჯახებიც იცნობენ ერთმანეთს და ყველამ ყველაფერი იცოდა.

– გაგვაცნით თქვენი რჩეული.

– დაჩი დოლიძე 29 წლისაა, პროფესიით ფინანსისტი. ჩემზე 3 წლით უფროსია.

– რას აფასებთ ყველაზე მეტად ამ ადამიანში?

– პირველად ინტერვიუ რომ ჩამომართვეს, 11 წლის დამწყები მოდელი ვიყავი. მაშინ სათაური ჰქონდა, ნინი როსტიაშვილს მწვანეთვალება ბიჭები მოსწონსო. ბავშვობიდან მქონდა გაცნობიერებული, რომ ჩემს მეორე ნახევარს მწვანე თვალები უნდა ჰქონოდა. როცა დავინახე დაჩის მწვანე თვალები და შემდეგ უამრავი სხვა თვისება, მივხვდი, რომ ამ ადამიანის გვერდით მინდოდა მთელი ცხოვრების გატარება.

– ნერვიულობდით, სანამ სადედამთილოს გაიცნობდით?

– როდესაც დაჩიმ პირველად მითხრა, რომ დედა უნდა გაეცნო, ცოტა ავნერვიულდი. დაჩი დედისერთაა და წარმოდგენა მქონდა, რომ დედისერთა ბიჭების დედები ძალიან ეგოისტები არიან. რეალურად ძალიან ვცდებოდი. დაჩი ახლა ხშირად ამბობს ხოლმე, ვინ ხარ შენ დედაჩემისთვის, ვერ ვხვდებიო.

ძალიან ვუგებთ ერთმანეთს, გართობაც გვიყვარს ერთად. უკვე მოვასწარით და უცხოეთშიც ვიყავით. ყველას უკვირს, როცა იგებენ, რომ რძალ-დედამთილი ვართ. როგორც დედაჩემთან მაქვს ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა, ასევე დაჩის დედასთან. მეც და დაჩიც ძალიან მეოჯახე ადამიანები ვართ, ამიტომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ოჯახების დამოკიდებულებაც.

სანამ ერთად აღმოვჩნდებოდით თურქეთში, დაჩის დედას, ბაკოს (ალექსანდრა ნაკაიძე), უკვე ძალიან კარგად ვიცნობდი. წლების განმავლობაში ჟურნალისტი იყო და ახლა პიარ სპეციალისტია. ერთად მოვხვდით ანტალიის მიმართულებით საინფორმაციო ტურში. ერთკვირიან მოგზაურობაში ყველაზე კარგად მე და ბაკო გავერთეთ. დავიმხეთ იქაურობა, არც ერთი სიმღერა და ცეკვა არ გამოგვიტოვებია, ყველანაირ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა. სანაპიროზე მთელი დღე ერთად ვირუჯებოდით, სამუშაოშიც ძალიან მეხმარებოდა და გართობითაც ერთად ვერთობოდით.

– თქვენი მეორე ნახევრისთვის რომელი ამპლუა უფრო მოსაწონია – მოდელი ნინუცა, ჟურნალისტი ნინუცა თუ “მის საქართველო”?

– სამოდელო კარიერას უკვე წლებია თავი დავანებე. “მის საქართველოს” კონკურსანტობა ხშირ შემთხვევაში დავიწყებულიც გვაქვს. ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი და ეს საქმე ყველაზე მეტად მომწონს. დაჩიც მაქსიმალურად მიწყობს ხელს, რომ ჩემს საყვარელ საქმეში ვიყო რეალიზებული. მოგეხსენებათ, რა რეჟიმშიც გვიწევს მუშაობა და დაჩისთვის ეს გასაგებია.