,,ჩემი და ჩემი შვილების ფოტოებს ჯვრები ჰქონდათ დასმული, თვალები – ამოთხრილი” – რას გაექცა შაინინა ამერიკაში, სადაც მეორე ნახევარი იპოვა

,,ჩემი და ჩემი შვილების ფოტოებს ჯვრები ჰქონდათ დასმული, თვალები - ამოთხრილი" - რას გაექცა შაინინა ამერიკაში, სადაც მეორე ნახევარი იპოვა,,სარკე”, ია ქუთათელაძე

პოპულარული ტელესახე ნინო ბარათაშვილი, მეტსახელით შაინინა, ორი წელია, რაც ამერიკაში გაემგზავრა და იქ თავშესაფარი მოითხოვა. წასვლას წინ უძღოდა შემაშფოთებელი, მეტიც, საშიში ამბავი, რომელიც მის ცხოვრებაში მოხდა. თბილისში, ნინოს მშობლების ყოფილ სახლში, უცნობი პირები შეიჭრნენ და დაარბიეს. ეს არ ყოფილა ქურდობის ბანალური შემთხვევა, რადგან სახლიდან ფასეული არაფერი წაუღიათ. ბოროტმოქმედებმა დაამტვრიეს ავეჯი, ჭურჭელი, საღებავებით დასვარეს კედლები, გაანადგურეს ყველაფერი, რაც ხელში მოხვდათ.

სახლი დასახლების შუაგულშია, ერთი ღობით გამოყოფილი პოლიციის შენობიდან და, მიუხედავად ამისა, არც მეზობლებში მოიძებნა ვინმე, ვინც საეჭვოს შენიშნავდა და პოლიციამაც უმოქმედობა გამოიჩინა. საქმე დღემდე გაუხსნელია.

გაურკვეველი ძალების თავდასხმამ ნინო ისე შეაშინა, ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტა, თუმცა ეს არ იყო იოლი გამოსავალი. ამერიკაში ჩასული ახალგაზრდა ქალი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ სწორედ განსაცდელმა მიიყვანა საბოლოოდ ბედნიერებასთან – მისი ცხოვრება დაუჯერებლად იღბლიანად განვითარდა.

დედამიწის მეორე ნახევარსფეროზე ახალი ცხოვრების დაწყების შესახებ ნინო ბარათაშვილი “სარკეს” უყვება.

– ნინო, წლები მუშაობდით სხვადასხვა ტელეკომპანიაში, დამკვიდრებული გქონდათ თქვენი ადგილი, იყავით პოპულარული სახე, გქონდთ გეგმები… უცებ  კი გაუჩინარდით და მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ყველაფრის დატოვება და უცხოეთში გამგზავრება გადაწყვიტეთ, სადაც ფაქტობრივად ნულიდან უნდა დაგეწყოთ ცხოვრება. რამ გიბიძგათ ამისკენ?

– ჩემს ცხოვრებაში მოხდა სრულიად აუხსნელი, გაუგებარი და საშიში ამბავი. ჩემს მშობლებს ჰქონდათ სახლი სოფელ დიღმის ცენტრში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. მეც მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული. მათი გარდაცვალების შემდეგ ეს სახლი განსაკუთრებით ძვირფასი გახდა ჩემთვის, უფრო სწორად, ყველაფერი, რაც სახლში იყო, მათი ხელშენავლები ნივთები. მე და ჩემი შვილები ამ სახლში დიდ დროს ვატარებდით.

მოგეხსენებათ, დიღომი თბილისიდან ერთი ხელის გაწვდენაზეა, ახლა კი ტერიტორიულადაც თბილისს ეკუთვნის. ერთ დღეს ჩემი სახლი გატეხეს, გატეხეს არა გასაქურდად, არამედ გასანადგურებლად, სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამას, რადგან ყველაფერი, რაც სახლში იყო, ნამსხვრევებად აქციეს. განსაკუთრებით შემზარავი იყო ფოტოსურათების ნახვა, ჩემი, ჩემი შვილების სურათებს წითელი საღებავი ჰქონდა გადასხმული, ჯვრები დასმული, თვალები ამოთხრილი, თითქოს მიმანიშნებდნენ, რომ ისევე გამისწორდებოდნენ, როგორც ამ სურათებს.

– რა იყო ეს, მუქარა პირადად თქვენ მიმართ თუ რაიმე გაურკვეველი სექტის ქმედება, რა დასკვნა დადო პოლიციამ?

– ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, ჩემთან პირად საკითხზე ანგარიშის გასწორება არავის ენდომებოდა, რადგან არავისთან პირადი კონფლიქტი არ მქონია და საერთოდაც განაწყენებული ადამიანები არ მყავდა. მეუღლესაც ძალიან დიდი ხნის წინ გავშორდი. არც პოლიტიკური და პროფესიული კუთხით შეიძლებოდა ეს შურისძიება ყოფილიყო. მე არ ვიყავი გამოკვეთილად ოპოზიციური ან ხელისუფლების მხარის პოზიციების გამომხატველი. რა თქმა უნდა, ჩემი აზრი გამაჩნდა და გამაჩნია, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუნდაც განსხვავებული აზრისთვის არავინ დამსჯიდა.

ერთია, ვერაფრით ამიხსნია პოლიციის უმოქმედობა. ჩემს სახლს და პოლიციას ღობე ყოფს და ამაზე უსაფრთხო და დაცული ადგილი რა უნდა იყოს?! როგორც ანაბეჭდებით დაადგინეს, სულ მცირე, შვიდი ზრდასრული ადამიანი არბევდა იქაურობას. ნუთუ არავინ გამოჩნდა დამნახავი მჭიდროდ დასახლებულ უბანში?! ვერ გეტყვით, რატომ ვერ გამოიძიეს, უკვე ორწელიწადნახევარი გავიდა და ერთი ეჭვმიტანილიც არ ჰყავთ.

ძალიან გულგატეხილი ვიყავი, ადამიანების უდიდეს გულგრილობას შევეჩეხე. განსაკუთრებით მეტკინა სამეზობლოს დამოკიდებულება ჩემი მშობლების ხსოვნის მიმართ, მათ ხომ უამრავი წელი გაატარეს ერთად. არავინ გამოიჩინა გულისხმიერება. არ შეიძლებოდა, ვინმეს რამე არ დაენახა, არ გაეგონა, არადა სრული დუმილი იყო. მივხვდი, რომ იმ სახლში მე ვეღარ ვიცხოვრებდი, იმ ადამიანებთან ვერ მექნებოდა ურთიერთობა. სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო, ხომ გაგიგონიათ. როგორც კი ამერიკაში ჩამოვედი, ეს სახლი ინტერნეტით გავყიდე.

ძალიან შემეშინდა. ვერ ვიგებდი, საფრთხე საიდან მემუქრებოდა. ქუჩაში გასულსაც კი საშინელი შეგრძნება მეუფლებოდა, მეგონა, მითვალთვალებდნენ, მოკვლას მიპირებდნენ. ასეთ პირობებში ნამდვილად ვერ დავრჩებოდი ჯანმრთელი. შვილებმა და მეგობრებმა მირჩიეს, აქაურობას გავრიდებოდი. ასე გადავწყვიტე წასვლა.

– თქვენს სურათებთან ერთად შვილების სურათებიც იყო დაზიანებული. გამოდის, უჩინარი მტერი მათაც ემუქრებოდა. შვილები თუ დატოვეთ უსაფრთხოდ?

– ისინი ზრდასრული ადამიანები არიან, 20 წელს გადაცილებულები. შესანიშნავად შეუძლიათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, თან არც გამოჩენა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ. ცხოვრობენ, თავიანთ საქმეს აკეთებენ, თითქმის არავინ იცის მათი მისამართი, ამიტომ მათი არჩევანი იყო აქ დარჩენა. მე ვერ დავაძალებდი და ვერც ახლა დავაძალებ სადმე გადასახლებას მუდმივად ან დროებით. მათ არჩიეს, მე წავსულიყავი, ჩვენ დარჩენის პრობლემა არ გვაქვსო.

– ვინ არის ის ადამიანი, ვინც შეცვალა თქვენი ყოფა ამერიკაში?

– ქალბატონი რეიჩელი, ვისთანაც მომიწია მუშაობის დაწყება, 95 წლის გახლდათ, საკონცენტრაციო ბანაკგამოვლილი ებრაელი. ამერიკაში ასეთებს უდიდეს პატივს სცემენ, მასზე ფილმებია გადაღებული. წარმოშობით რუმინელი იყო.

ასეთი ადამიანებისთვის იმ ქალაქში არსებობს შეხვედრის, თავშეყრის ადგილი, სადაც რეიჩელი დადიოდა და თავის თანამემამულეებს ეკონტაქტებოდა. იქ გავიცანი მარიუსი, ისიც რუმინელი, რომელიც მეგობრობდა რეიჩელთან, სტუმრადაც დადიოდა ჩვენთან. მაშინ დიდი კონტაქტი არ გვქონია. მე ინგლისური არ ვიცოდი, საკომუნიკაციოდ მხოლოდ ოციოდე სიტყვისგან შემდგარი მარაგი მქონდა.

მალე რეიჩელი გარდაიცვალა. ზუსტად იმ დროს გამოცხადდა პანდემია. წასასვლელი არსად მქონდა. ის ქალაქი, სადაც ჩემი დედობილი ნარგიზა ცხოვრობდა, პირველივე დღიდან ჩაიკეტა და შესვლა არ შემეძლო. ამ დროს დარეკა მარიუსმა, რომელიც ძალიან გულდაწყვეტილი იყო რეიჩელის გარდაცვალებით. მკითხა, რას აპირებო. არ ვიცი, როგორ მოვახერხე, როგორ გავაგებინე ჩემი ინგლისურით, რომ ორ დღეში ბინა უნდა დამეცალა. კითხვაზე, სად ვაპირებდი წასლვას, ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი. მაშინ მე მოვალ და წაგიყვანო.

ეტყობა, ამ სამყაროში ვიღაცამ ილოცა ჩემთვის, რომ ცხოვრების უძნელეს ეტაპზე მარიუსი გამოეგზავნა. გზის გამკვლევი და მეგობარი შემძინა, რომელიც მომავალში დიდი სიყვარული გახდებოდა.

– ესე იგი, ფაქტობრივად სრულიად უცხო ადამიანმა გიპატრონათ.

– ჩვენი ნაცნობობა ორ თვეს მოიცავდა. მარიუსმა წამიყვანა თავის სახლში, ყურადღებას არ მაკლებდა. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ პანდემია მალე გაივლიდა.

ცოტა შიშიც მქონდა – უცხო ქვეყანაში უცხო ადამიანის გვერდით აღმოვჩნდი, მაგრამ მარიუსი ძალიან გულისხმიერი იყო, ჩემზე 18 წლით უფროსია და თავდაპირველად მამაშვილური ურთიერთობა გვქონდა. მარტის თვე იყო, როცა მარიუსის სახლში მივედი, სადღაც ზაფხულში კი უკვე ვიგრძენი, რომ ჩვენს ურთიერთობაში სხვა სითბო გაჩნდა. ეს აღარ იყო მამაშვილური დამოკიდებულება, ეს იყო სიყვარულის ნოტები. ასე რომ, არც მან გამიშვა სხვაგან და მეც დავრჩი და დავრჩი.

– გაგვიმხელთ, რა გეგმები გაქვთ?

– მე ვარ ინტუიციური ფსიქოთერაპევტი. ვარ დიპლომირებული კონსულტანტი. ახლა აქ ვსწავლობ ბედნიერების მეცნიერებას, მალე ავიღებ კიდევ ერთ სერთიფიკატს. ვისმენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების ლექციებს ამ დარგში.

მოკლედ რომ გითხრათ, მე ვარ არბიდი თერაპევტი. ეს ნიშნავს ტრავმების თერაპევტს. ტრავმები მრავალნაირია, იწყება ჩანასახის პერიოდიდან, მშობიარობის მომენტიდან და გრძელდება მთელი ცხოვრება. ამ ყველაფერს სჭირდება ღრმა ცოდნა, გამოკვლევა, საუბრები და აღმოჩენა იმ ერთადერთი მთავარი მიზეზისა, რაც განაპირობებს ადამიანის ფსიქოემოციური ფორმის ამა თუ იმ ფაზის არსებობას. ამ პროფესიისკენ სწრაფვა ყოველთვის მქონდა.