,,ჩემი და ჩემი მეუღლის სიყვარული ყოველდღიური ზრუნვით გამოიხატება” – ზაზა ხუციშვილს ცოლმა ვარდების ბაღი გაუშენა

,,ჩემი და ჩემი მეუღლის სიყვარული ყოველდღიური ზრუნვით გამოიხატება" - ზაზა ხუციშვილს ცოლმა ვარდების ბაღი გაუშენა,,სარკე”, ია ქუთათელაძე

მომღერალ ზაზა ხუციშვილს თავის ჯგუფ ,,ვაკის პარკთან” ერთად 1996 წლიდან იცნობს მსმენელი. მუშაობდა ტელეკომპანია ,,მაესტროსა” და რადიო ,,მაესტროში”. არაერთი მუსიკალური პროექტის ხელმძღვანელი იყო. ,,ვაკის პარკი” წარმატებით ატარებდა კონცერტებს და უამრავი მსმენელი ჰყავდა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, როცა ზაზამ და მისმა მეგობრებმა კრიტიკული პოზიცია დაიკავეს, ჯგუფი შავ სიაში შეიყვანეს, შესაბამისად, სამოქმედო ასპარეზი შეუზღუდეს.

ზაზამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე შეთავაზება მიიღო და დეპუტატის მანდატიც მოიპოვა. პარლამენტში სამართლიანობის მხარეს იდგა და არასწორი ნაბიჯებისთვის საკუთარ გუნდთან თავისი აზრის დაფიქსირებას არ ერიდებოდა. აზრთა სხვადასხვაობის გამო უმრავლესობის გუნდი ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დატოვა.

გაწონასწორებული, ნიჭიერი მუსიკოსი ყოველთვის შორს დგას ხმაურიანი პროცესებისგან, სკანდალისგან. პარლამენტში მუშაობის დასრულების შემდეგ პოლიტიკიდან დისტანცირდა და საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა. დღეს ჯგუფ ,,ვაკის პარკთან” ან სხვა მუსიკოსებთან ერთად აქტიურად აგრძელებს საკონცერტო საქმიანობას.

როგორ ცხოვრობს პოლიტიკიდან წასული მომღერალი დღეს, ამას ,,სარკის” ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ზაზა, ხშირად გვსმენია, საკანონმდებლო ორგანოში არ არის მსახიობების, მუსიკოსების და ზოგადად ხელოვანების ადგილიო. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე და როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, გეყარათ კენჭი?

-იქ არის შესაბამისი კომიტეტები – ევროინტეგრაციის, იურიდიული, ხელოვნების, განათლების, სპორტის და სხვა. არც ერთ პარლამენტის წევრს დიპლომით არა აქვს სპეციალობა – პოლიტიკოსი. ყველა სხვადასხვა პროფესიის არის და თუ ეკონომისტები ან იურისტებია საჭირო, ასევეა საჭირო მუსიკოსი, მეცნიერი თუ მსახიობი შესაბამის კომიტეტებში. დაბადებიდან თავს პოლიტიკოსებად რომ თვლიან, ასეთების არ მწამს. მთავარია, შენს სფეროში გქონდეს შესატყვისი განათლება და გამოცდილება.

წინადადება, შევერთებოდი ,,ოცნების” გუნდს და მეყარა კენჭი, მივიღე იმდროინდელი პრემიერმინისტრ კვირიკაშვილისგან. მაშინაც ვთვლი და ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ ის იყო ერთ-ერთი წარმატებული პრემიერი, რომლის დროსაც 1,8 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა ქვეყანაში. ეკონომიკური ზრდა იყო 7 პროცენტი. მას ჰქონდა სურვილი, ქვეყნის ერთგული, საქმის მცოდნე ადამიანები შემოეკრიბა და მე 51 წლის ასაკში დავთანხმდი ამ წინადადებას.

– ,,ოცნების” გვერდით რომ დადექით, ხომ არ იყო იმის შედეგი, რომ ეგრეთ წოდებულ შავ სიაში იყო თქვენი მუსიკალური ჯგუფი?

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ესეც იყო. კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია, ხელოვანები დაყო მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად და ამის გამო მათ შეუზღუდო სასიცოცხლოდ აუცილებელი საყვარელი საქმის კეთება. მიხეილ სააკაშვილმა რომ ჩაატარა გარკვეული რეფორმები და სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში დადებითი როლი ითამაშა, საკამათო არ არის, მაგრამ ამას მოჰყვა უპატიებელი შეცდომები, აღარ ჩამოვთვლი, რამაც გადაწონა მისი კარგად აღებული სტარტი.

– თქვენ დროზე ადრე დატოვეთ უმრავლესობა, შემდეგ ბევრმა მოგბაძათ, მაგრამ, მათგან განსხვავებით, არ დაგიწყიათ არსებული ხელისუფლების ლანძღვა-გინება.

– ჩემთვის მიუღებელია, ადამიანებს რომ გაუშვებენ გუნდიდან, სამსახურიდან, თანამდებობიდან და მერე ისინი მოხსნიან გუდას პირს, დაიწყებენ გაუგონარი ამბების მოყოლას, ლანძღვას და მოისხამენ წამებულის მანტიას. როცა ვაკრიტიკებდი სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას, მაშინაც ვცდილობდი, არ გავცდენოდი ზრდილობის ფარგლებს, არ მეხმარა შეუფერებელი სიტყვები, მელაპარაკა მხოლოდ ფაქტებით.

როცა გამიჩნდა აზრი, რომ მმართველი გუნდი უშვებდა გარკვეულ შეცდომებს, მე არ მოვრიდებივარ ჩემი აზრის გამოთქმას. გავაცანი მათ ჩემი მოსაზრებები და რადგან ვერ შევჯერდით, წამოვედი უმრავლესობიდან. დარჩენილი ერთი წელი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დავყავი.

– სად ხართ ამჟამად, რას საქმიანობთ?

– არსად ვმუშაობ, არც სახელმწიფო დაწესებულებაში, არც კერძო კომპანიაში. ზოგჯერ გაკვირვებით მეკითხებიან, კი მაგრამ, შენ არ დაგასაქმესო. მეცინება. არა, არ დამასაქმეს და არაფერი ტრაგედია არ არის ამაში, არც თავად მითხოვია. მე მაქვს ჩემი პროფესია, ვარ მოქმედი მუსიკოსი და ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს.

– მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, ქართველებს არ გვიკვირს რუსეთის აგრესია, მათ ეს ჯოჯოხეთი ბევრჯერ გამოგვატარეს, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. უკრაინის ხელისუფლება აშკარად გამოხატავს თავის უკმაყოფილებას ჩვენი მთავრობის მიმართ. ამაზე რა აზრის ხართ?

– უკრაინას ვუსურვებ გამარჯვებას ამ ომში. ,,იუთუბზეძძ მიდევს ჩემი მუსიკალური სოლო პროექტი “რუსი ჯარისკაცი”. იქ გამოვხატავ ჩემს პოზიციას. როცა ხაზს უსვამენ რუსეთის მართლმადიდებლობას, მინდა, ხმამაღლა ვთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებას და უმრავლესობას ქრისტიანული არაფერი სცხია.

უკრაინის ხელისუფლების არასწორი დამოკიდებულება ახლა არ დაწყებულა. მაშინ, როცა ორი სახელმწიფოს მეგობრობაზეა საუბარი და მეგობრობას მართლა ძველი ფესვები აქვს, უბრალოდ მიუღებელია, რომ შენს სახელმწიფოში შეიფარო მეგობარი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების მიერ დამნაშავეებად გამოცხადებული ძებნილები. ასეთი დამოკიდებულების და არასწორი პოლიტიკის გამო წინა პრეზიდენტი პოროშენკო რა შედეგებამდე მივიდა, ყველამ ვიცით.

დღესაც იგივე გრძელდება. ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ, ვიზიარებთ მათ ტკივილს, მაგრამ მათი ხელისუფლება არ უნდა მიგვითითებდეს, ჩვენ რა პოლიტიკა გავატაროთ. საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რატომ ნიშნავს უკრაინის ხელისუფლება ასეთ საეჭვო კადრებს მმართველ ორგანოებში.

– მოდით, თქვენს მყარ და საიმედო თავშესაფარზე ანუ ოჯახზე ვისაუბროთ. გვიამბეთ თქვენს ერთადერთ შვილზე, როგორ ზრდიდით, როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდა.

– ერთი ქალიშვილი მყავს, ანა-ლიზა, რომელიც 17 წლის გახდა. ვეცადეთ, სიყვარულით და პატივისცემით აღგვეზარდა და ვფიქრობთ, მივაღწიეთ იმას, რომ ერთმანეთთან გულწრფელი ურთიერთობები გვაქვს. დედასთან საკმაოდ გახსნილია და თავის პატარა პრობლემებზე გულახდილად საუბრობს.

– თქვენი ცოლი რითია დაკავებული? ვიცი, რომ მხატვარია.

– აღარ ხატავს. ახლა ერთი პროფესია აქვს, დიასახლისის. ჩვენ წყნეთთან ახლოს, სოფელ ახალდაბაში, აგარაკზე ვცხოვრობთ, გვაქვს ძალიან კარგი ეზო, 100-მდე ვარდის სახეობა, რომელიც მთლიანად ჩემი მეუღლის დამსახურებაა. ეს არის საოცარი არტთერაპია, ულამაზესი ფერები, სურნელი. მთელი დღე ეზოში ფუსფუსებს. მეც იქვე ვარ, როცა დრო მაქვს. დიდი მოვლა და ყურადღება სჭირდება. მისი ხელოვნება მთლიანად ვარდების მოვლაში აკუმულირდა.

– რა ფაზაშია თქვენი სიყვარული და რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა “ოჯახი”?

– ჩვენ გაგვიგრძელდა ურთიერთობა და გვიან მოვახერხეთ დაქორწინება. ბედნიერებაა, რომ მოვახერხე. სიყვარული გრძელდება. ის ბუნებრივად, თავისთავად შენშია და ყოველდღიური ზრუნვით გამოიხატება, ერთად სადილობით, ვახშმობით, ჩვეულებრივ ამბებზე საუბრით, სიმშვიდით, როცა ვარდებით აბრიალებულ ეზოში მოფუსფუსე მეუღლეს ხედავ, როცა სამივე ერთად ვიკრიბებით და თუნდაც ჩვენი საქმით ვართ დაკავებული.

ოჯახი ერთობაა, ყველაზე დიდი მონაპოვარი. სიყვარულია ის, მე რომ კონცერტს მოვრჩები, ზედმეტი ათი წუთითაც არ მინდა დარჩენა და მიმეჩქარება იქითკენ, სადაც, ვიცი, რომ მუდამ მელოდებიან.