ბაჩო ქაჯაია: ,,აღარც მახსოვს, როგორ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ოჯახი შეგვექმნა”

ბაჩო ქაჯაია: ,,აღარც მახსოვს, როგორ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ოჯახი შეგვექმნა",,სარკე”, ია ქუთათელაძე

მსახიობის პროფესიას ნიჭთან ერთად იღბალიც სჭირდება. ბაჩო ქაჯაია ნამდვილად იღბლიანია. სრულიად ახალგაზრდა წლების წინ პოპულარულ სერიალ “შუა ქალაქში” გამოჩნდა. ხუმარა, პუტკუნა, მსუნაგი “დედას ბუშტი” მაყურებლისთვის დღემდე რჩება ერთ-ერთ საყვარელი პერსონაჟად, რომლის ფრაზებსაც დღესაც ხშირად გაიგონებთ ხალხში.

ბაჩო რუსთავის თეატრის მსახიობია, მიწვევით ,,თავისუფალ თეატრშიც” თამაშობს, ამავე დროს, მსახიობ გიორგი კალანდარიშვილთან ერთად იუთუბარხზე საავტორო გადაცემა აქვს. ოჯახს ბევრი რამ სჭირდება და სამი შვილის მამა ცდილობს, ძირითად პროფესიას სხვა საქმიანობაც შეუთავსოს.

-ბაჩო, მოგიტანათ ბედნიერება არჩეულმა პროფესიამ ანუ სწორი არჩევანი გააკეთეთ?

– მხოლოდ ახლა, წლების შემდეგ შემიძლია დარწმუნებით თქმა – დიახ, სწორი არჩევანი გავაკეთე. ადრე ვერ ვაცნობიერებდი, რომ ამ პროფესიაში ვიპოვე ჩემი თავი. ზუსტად ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის… დღეს ისეთი სწრაფი ცხოვრების რიტმია, არ მეგულება პროფესია, რომლის წარმომადგენელიც მხოლოდ დილის 9-დან 6 საათამდე მუშაობდეს და მერე მშვიდად იჯდეს სახლში, ტელევიზორთან მოკალათებული. სულ მოძრაობაში ვარ. ოჯახს ბევრი რამ სჭირდება, მეც ყოველთვის ვფიქრობ და ვეძებ გზებს, რომელიც მომცემს საშუალებას, ჩემს ოჯახს სათანადო პირობები შევუქმნა.

– გყავთ სამი ქალიშვილი. როგორი მამა ხართ, რა ინტერესებს ამჟღავნებენ გოგონები?

– დრო მიდის, გოგონები გაიზარდნენ. უფროსი 15 წლის არის, მომდევნო – 14-ის, პატარა – 9-ის. ნელ-ნელა არჩევანსაც აკეთებენ, რაღაც კონტურებს ხედავენ თავიანთი მომავლისა, რაშიც პირდაპირ ნაკლებად ვერევი. ვცდილობ, მათ არჩევანს, მათი ინტერესის სფეროებს პატივი ვცე, ხელი შევუწყო. მომწონს, როგორ აზროვნებენ. ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ უფროსი ქალიშვილები, მგონი, ჩემი პროფესიისკენ იხრებიან.

– მოდით, ცოტა შორი წარსულისკენ გავიხედოთ და გაიხსენეთ შეხვედრისა და გაცნობის ისტორია მასთან, ვინც თქვენი ცხოვრების თანამგზავრად აირჩიეთ, ანუ საყვარელ ქალთან.

– ჩვენ კლასელები ვიყავით, ერთად გავიზარდეთ და როგორ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ოჯახი შეგვექმნა, აღარც კი მახსოვს. 20 წლისები დავქორწინდით.

ასეთი დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, სულ ვცდილობ, თავისუფლი დრო ოჯახთან გავატარო, ყოველდღიურ რუტინად არ გადაიქცეს ჩვენი ყოფა, რომანტიკა არ დავკარგოთ. გავდივართ, ვსეირნობთ, პატარ-პატარა სიურპრიზებს ვუწყობთ ერთმანეთს.

ჩემი მეუღლე, მარიამ გურგენიძე, პედაგოგია, კულტუროლოგი, სკოლაში ხელოვნებას ასწავლის. ძალიან უყვარს თავისი საქმე, ბავშვები და ბავშვებიც სიყვარულით პასუხობენ.

– ოცნებები ხშირად გისრულდებათ?

– არ მგონია, ოცნება აუსრულებელი რჩებოდეს. თუ ძალიან გინდა, ეს მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. ამისთვის ბევრი უნდა იშრომო.ჩ ემთვის მთავარი არის პროცესი, ამიტომ, თუ არ გამომდის ისე, როგორც ჩაფიქრებული მაქვს, გულისწყვეტა არ ვიცი, რადგან ცდას ნამდვილად არ ვაკლებ.

– მიზანმიმართული და ნებისყოფიანი რომ ხართ, ადვილი შესამჩნევია თუნდაც იმით, რომ საკმაოდ დიდი წონა დაიკელით. რამდენად რთული იყო გახდომის პროცესი?

– რთული იმ გაგებით არ იყო, რომ თვითმიზნად არ მქონდა წონაში დაკლება. უბრალოდ, დავიწყე, შემდეგ პროცესმა გამიტაცა, ძალიან აზარტული გამოდგა და მივიღე შედეგი. ახლა ისევ მოვიმატე, არა – იმდენი, რაც დავიკელი, მაგრამ მაინც. ცოტა არ იყოს, მომბეზრდა მუდმივ რეჟიმში ყოფნა.