ედუარდ შევარდნაძე: ,,რეიგანს 12-ჯერ შევხვდი, ბოლოს უკვე ანეკდოტებს გვიყვებოდა”

ედუარდ შევარდნაძე: ,,რეიგანს 12-ჯერ შევხვდი, ბოლოს უკვე ანეკდოტებს გვიყვებოდა''ჟურნალ ,,სარკის” არქივიდან

ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მსოფლიო პოლიტიკოსებს შორის ერთ-ერთი, ვინც ჩვენს ქვეყანას დასავლეთისკენ გაუჭრა გზა, საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო. ,,სარკის” არქივში ინახება მეორე პრეზიდენტის ძალიან საინტერესო ინტერვიუ, სადაც იხსენებს აშშ-ის პრეზიდენტ რეიგანს, მასთან ურთიერთობას და, რაც ახლა ძალიან აქტუალურია, ბირთვულ იარაღს, რომლითაც საბჭოთა კავშირი ამერიკას ემუქრებოდა.

ინტერვიუ ედუარდ შევარდნაძის სიცოცხლის მიმწუხრს არის ჩაწერილი, როცა ის პრეზიდენტობის შემდეგ კრწანისის რეზიდენციაში ცხოვრობდა.

– ბატონო ედუარდ, უაღრესად საინტერესო გზა განვლეთ. რომელ პერიოდს გამოარჩევდით?

– საგარეო საქმეთა მინისტრი (საბჭოთა კავშირის. რედ.) რომ ვიყავი, დიდ პრობლემებზე მიწევდა მუშაობა, განსაკუთრებით ისეთზე, როგორიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის წინააღმდეგობის დაძლევა იყო. ჩვენ და ამერიკა ფაქტობრივად მტრები ვიყავით ისევე, როგორც დასავლეთის სხვა ქვეყნები და საბჭოთა კავშირი. მე და გორბაჩოვმა ვილაპარაკეთ იმის შესახებ, შევძლებდით თუ არა, დავპირისპირებოდით ამერიკას და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ვერ გავუძლებდით.

ამერიკა ძლიერი იყო. რეიგანს 12-ჯერ შევხვდი. ჩვენ გვქონდა ბირთვული იარაღი –  ,,ესეს 20″, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ყველა შტატს სწვდებოდა. რეიგანი იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ აეცილებინა კოსმოსიდან დარტყმა. მეცნიერებმა რაღაც ურჩიეს და გამოაცხადა, კოსმოსური პროგრამა შევქმენითო.

მე და გორბაჩოვმა ცნობილ მეცნიერებს ვკითხეთ, ეს რეალური იყო თუ არა. გვითხრეს, ბლეფია, ამის შექმნა არ შეიძლებაო. გავიდა რამდენიმე თვე და მეცნიერებმა ჩემთან შეხვედრა მოინდომეს, მითხრეს, მაშინ კი გითხარით, რომ ბლეფია, მაგრამ ყველაფერი კარგად გავიგეთ და მივხვდით, ასეთი რამის შექმნა შესაძლებელია, თუ მათ ამის საშუალებას ეკონომიკა მისცემსო.

მაშინ მე და გორბაჩოვმა ვთქვით, თუ ამერიკა მართლა შეძლებს ასეთი სისტემის შექმნას, ეს ბირთვული იარაღი რისთვის გვინდა, მონღოლეთს დავარტყამთ თუ პოლონეთსო. ავიღეთ კურსი, რომ ნელ-ნელა დამთბარიყო ჩვენი ურთიერთობა და პარტნიორები გავმხდარიყავით.

ჩემი პირველი შეხვედრა რეიგანთან ჯოჯოხეთი იყო. მითხრა – შენც ისეთივე წარმომადგენელი ხარ ბოროტების იმპერიის, როგორიც სხვებიო. არაფერი ვუპასუხე, გამეცინა. მეორე და მესამე შეხვედრამ ცოტა რბილად ჩაიარა. მერე ყველა შეხვედრის შემდეგ ლანჩს აწყობდა და ანეკდოტებს ყვებოდა.

მალტაზე პრეზიდენტების შეხვედრა მოეწყო. ჩემსა და უფროს ბუშს (აშშ-ის  პრეზიდენტი რეიგანის შემდეგ. რედ.) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომ ამიერიდან ერთმანეთის მოწინააღმდეგეები აღარ ვიქნებოდით. ეს კიდევ ერთი გამარჯვება, წინგადადგმული ნაბიჯი იყო. თუ რამეა ჩემი ღვაწლი საერთაშორისო პოლიტიკაში, ეს ადამიანებთან სწორი მიდგომის უნარის შედეგია.

– თქვენი და გორბაჩოვის ურთიერთდამოკიდებულება როგორი იყო?

– როდესაც გორბაჩოვი ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა, დავმეგობრდით. ჩვენი მეუღლეებიც მეგობრობდნენ. ისინი ბიჭვინთაში ჩამოდიოდნენ და მე და ნანული ჩავაკითხავდით ხოლმე ერთი-ორი დღით.

– როგორი იყო თქვენთვის პრეზიდენტობის პერიოდი, როგორ შეაფასებთ?

– საქართველო ფაქტობრივად დაშლილი გახლდათ. არც პარლამენტი იყო, არც –  ხელისუფლება, არავითარი არჩევნები. იყო დიქტატორული რეჟიმი. ბევრმა მთხოვა ჩამოსვლა, განსაკუთრებით – ჯაბა იოსელიანმა და ირაკლი ბათიაშვილმა. ირაკლის აინტერესებდა, რა კაცი ვიყავი და მართლა მინდოდა თუ არა ქვეყნის დამოუკიდებლობა. ჩემთან მოვიდა, ოთხი საათი მომაცდინა. დამკითხა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

კაკო ასათიანმა თქვა, შევარდნაძე რომ არ ჩამოსულიყო, საქართველო დაიშლებოდაო. მართლა ასე იქნებოდა, რადგან პიროვნება არ იყო, ვის ირგვლივაც უნდა გაერთიანებულიყო ყველაფერი. მართალია, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი დაიკარგა ჩემს ჩამოსვლამდე, მაგრამ საქართველო ხომ გადარჩა?! მხოლოდ უკრაინასთან ჰქონდა ურთიერთობა.

40 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ზოგი ლაპარაკობდა, შევარდნაძე ძალიან ბევრს ხარჯავს თვითმფრინავებშიო. როგორ არ დავხარჯავდი?! საქართველო იზოლირებული ქვეყანა იყო. 40 ქვეყანას ფეხით ან მანქანით ხომ არ მოვივლიდი?!

– როგორ ხვდებოდით მოვლენებს, რომლებიც გაიძულებდათ, გადამდგარიყავით?

– სხვათა შორის, გადადგომაში რეკორდსმენი ვარ! საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ვიყავი, მივიღე გადამოწმებული ინფორმაცია, რომ კონტრრევოლუცია მზადდებოდა თეთრ სახლზე შეტევისათვის. გორბაჩოვს სჯეროდა, რომ ის ერთადერთი მართალი კაცი იყო მთელ მსოფლიოში და ,,პერესტროიკას” ვერაფერი შეცვლიდა.

ვხედავდი, რომ დიქტატურა მოდიოდა და ვფიქრობდი, როგორ შემეჩერებინა. მივედი დასკვნამდე, ალბათ საჭირო იქნება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ საზოგადოება გამოფხიზლდეს-მეთქი. სახლში გვიან მივედი და მეუღლეს, ნანულის, ვკითხე, რას იტყვი, რომ გადავდგე-მეთქი. მითხრა, არაფერს გეტყვი, ჩათვალე, რომ მხარი დაგიჭირე, მოსკოვშიც სადამდე უნდა ვიყოთ, ოდესმე ხომ უნდა დავბრუნდეთ საქართველოშიო.

ძნელი გადაწყვეტილება გახლდათ. ერთ-ერთი ადამიანი იყო ლიგაჩოვი, ვინც მთხოვა, თანამდებობაზე დავრჩენილიყავი. რაც შეეხება პრეზიდენტობიდან ჩემს წასვლას, ნანულიმ იცოდა, რომ ასე მოხდებოდა.

– რა განცდა დაგეუფლათ, როცა გიყვიროდნენ, გადადექიო?

– მითხრეს, რომ პარლამენტთან ახალგაზრდობა იყო შეკრებილი. დილის 7 საათზე მათთან წავედი. არ ვარ მიჩვეული იმას, რომ მიყვირონ და არ მომისმინონ. გავხსენი სხდომა, სიტყვით გამოვედი. არ მაცალეს დამთავრება, შემოიჭრნენ და დაიკავეს ჩემი ადგილი პრეზიდიუმში. ეს ნორმალური იყო?!

სასწრაფოდ გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. ვიყავი მთავარსარდალი, ჯარი, პოლიცია მემორჩილებოდა. ჩავჯექი მანქანაში. სახლში მივდიოდი და ვფიქრობდი – კი, გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ხვალ შეიძლება შეჯახება მოხდეს და სისხლის გუბეები დადგეს-მეთქი. მანქანიდან დავრეკე – გააუქმეთ ბრძანება-მეთქი.

ნანული უკვე ავად იყო. მივედი სახლში და ნანული მეუბნება: “კარგად ვიცი, რა არის საგანგებო მდგომარეობა, სისხლი გინდა, დაღვარო?”. ვუთხარი, ნანული, რატომ გგონია, რომ შენ ფიქრობ და მე არ ვფიქრობ, უკვე ვიფიქრე და გადაწყვეტილებაც მივიღე, თუ საჭიროა,  გადავდგები, მხოლოდ შენ შეეგუე ამას-მეთქი. მითხრა, ყოველგვარ გადაწყვეტილებას შევეგუები, გარდა სისხლისღვრისაო.

დავიბარე ოპოზიცია. საუბარი არ გამომივიდა. მიშა უზრდელურად მელაპარაკა, იმდენად უზრდელურად, რომ ვუთხარი, მოდი, ხვალ შევხვდეთ ერთმანეთს და კაცურად მელაპარაკე-მეთქი. წავიდა. ზურა ჟვანია და ნინო ბურჯანაძე დარჩნენ. ცოტა ხანს ვისაუბრეთ. მეორე დღეს ვერ შევხვდით მე და მიშა ერთმანეთს, არ მოვიდა.

მესამე დღეს დავიბარე. დავსხედით, პირველმა ზურამ დაიწყო. ყველაზე მეტად მას უჭირდა, ცრემლებიც კი შევნიშნე მის თვალებში. მითხრა, ბატონო ედუარდ, 8 წელი ვიმუშავე თქვენთან და ხომ წარმოგიდგენიათ, რა ძნელი სათქმელია ჩემთვის ეს, მაგრამ ყველაზე მშვიდობიანი და უკეთესი თქვენი გადადგომა იქნებაო. მაშინ დროს ნუღარ ვკარგავთ, ახალგაზრდები ხართ, ნიჭიერები და თქვენ იცით-მეთქი. ზურას უკეთ ვიცნობდი, ნამდვილად ნიჭიერი იყო, ერთ დღეში აითვისებდა ერთი წლის ასათვისებელს…

– პრეზიდენტობიდან თქვენი წასვლა გარკვეულწილად ალბათ იმანაც განაპირობა, რომ სწორ ინფორმაციებს ვეღარ ფლობდით. თქვენი ინფორმატორი უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაია იყო. მასზე რას გვეტყვით?

– ნუგზარი ძალიან დამაკლდა. რაღაც მოხდა. ბინძური ჭორები დაწერეს მასზე, რაც ტყუილია. ნუგზარმა მითხრა, რა ვუთხრა ჩემს შვილს, ამას რომ ნახავს, უკვე 12 წლისაა, გაზეთებს კითხულობსო. აჭარაში აპირებდა წასვლას. აღარ წავიდა. ჩემთან, კაბინეტში იყო, ნერვიულობდა, რაღაც უნდა მოვიფიქროო. იარაღის ხმარება არ იცოდა. ჩემთან საუბრის შემდეგ თავის კაბინეტში ჩავიდა. მდივანს დაუძახა და სთხოვა, იარაღის გამოყენება ესწავლებინა. ასწავლა. მდივანი რომ გავიდა, 15 წუთში გასროლაც მოხდა…