ნინო ლეჟავა: ,,არ ვთვლი, რომ პირველ ქორწინებაში მძიმე შეცდომა დავუშვი”

ნინო ლეჟავა: ,,არ ვთვლი, რომ პირველ ქორწინებაში მძიმე შეცდომა დავუშვი",,სარკე”, ია ქუთათელაძე

მსახიობი ნინო ლეჟავა 18 წლის იყო, როცა დიდ ეკრანზე გამოჩნდა. რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილის ფილმში ,,თბილისი ჩემი სახლია” მთავარი როლი შეასრულა. ახალგაზრდა მსახიობის თამაში იმდენად შთამბეჭდავი და გამორჩეული იყო, თბილისის კინოფესტივალის მთავარი პრიზი ,,ოქროს არწივი” მიიღო. დიდმა რეჟისორმა, რეზო ჩხეიძემ, აღფრთოვანებულმა უთხრა, დაიმახსოვრე, შენ დიდი მომავალი გაქვსო.

მსახიობის ცხოვრების გზა რთული აღმოჩნდა. მისი პირველი ქორწინება კომპოზიტორ მიხეილ ზაქარიაშვილთან გაშორებით დასრულდა.

– ადამიანი შეუცდომელი ვერ იქნება, თუმცა არ ვთვლი, რომ პირველ ქორწინებაში რაიმე მძიმე შეცდომა დავუშვი, რომლის გამოსწორებაზე ფიქრიც მომიწია. ერთადერთი, რაც იყო, ძალიან ახალგაზრდა გავთხოვდი. ნაადრევი ქორწინება კი ხშირად დაცილებით მთავრდება, – ამბობს ,,სარკესთან” მსახიობი.

ნინო რამდენიმე თეატრში ერთდროულად მუშაობდა.  როლებისთვის რეჟისორებთან მლიქვნელობა არასდროს გამოუჩენია. სხვანაირად ვერც მოიქცეოდა, იგი მსახიობ გია ლეჟავას შვილი იყო, რომლის ბრწყინვალე ნიჭიც დაუფასებელი დარჩა, სიცოცხლე კარგი როლის მოლოდინით გალია.

დრო გავიდა, ნინოს ცხოვრებაში დიდმა სიყვარულმა შეაბიჯა. მან და რეჟისორმა გოგა ქაჩიბაიამ ოჯახი შექმნეს და სამი ბიჭი შეეძინათ  (უფროსი ვაჟი პირველი ქორწინებიდან ჰყავს).

ნინო ლეჟავა: მეორე ქორწინებისას 30 წლის ვიყავი, აბსოლუტურად გააზრებული მქონდა ჩემი ნაბიჯი, ვიცოდი, ვინ იყო ჩემი რჩეული. რეჟისორი ადამიანისგან მილიონები არ მომითხოვია.მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს დალხენილი ცხოვრება, ყველაზე დიდ სიმდიდრეს ვფლობთ – შვილებს და ერთმანეთის სიყვარულს. არ ვარ დეპრესიული, ყოველთვის ვეძებ გამოსავალს. ჩემი სახლის ქვეშ ზოომაღაზიაა და იქაც დავიწყე მუშაობა.

– ცნობილია, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება გქონდათ მამასთან.

– მეოთხე შვილზე 6 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. ეს მძიმე დარტყმა იყო ჩემთვის, მაგრამ მომავალ შვილზე პასუხისმგებლობის ფიქრით გავაგრძელე ცხოვრება. 2 წლის შემდეგ დედა გარდაიცვალა. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ დაფიქრდნენ, სანამ რაიმე სიტყვას წარმოთქვამენ, რადგან სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. დედამ მამაჩემს დაკრძალვის დროს დაატირა, ვიცი, უჩემოდ ვერ გაძლებ, ცოტა მაცალე, ნინოს დავეხმარები და ორ წელში შენთან წამოვალო. ზუსტად ორ წელში გარდაიცვალა. ასე დავრჩი მარტო.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”