,,დღეს გავაცილეთ ჩვენი კოტე… აი, ასეთმა კეთილმა ბიჭმა დაგვტოვა” – კოტე ინაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან

,,დღეს გავაცილეთ ჩვენი კოტე... აი, ასეთმა კეთილმა ბიჭმა დაგვტოვა" - კოტე ინაშვილს მეგობრები ემშვიდობებიანდღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს ჟურნალისტი კოტე ინაშვილი. ის ავტოავარიაში დაიღუპა. კოტე ინაშვილი პოლიტიკოს ირმა ინაშვილის ძმა იყო. მისი ოჯახის წევრები უამრავი ადამიანის სამძიმარს იღებენ.
,,დღეს გავაცილეთ ჩვენი კოტე… ვერ ვიჯერებ, რომ ამას ვწერ… აქამდე პოსტიც ვერ მივუძღვენი, ისეთი შოკი მქონდა… ნათელში იყავი, კეთილო და საყვარელო ადამიანო”, – წერს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე.
,,ჩემი ციხის მეოთხე წელი სრულდებოდა. ჩემ გარშემო გოგოები ხან თვეები ვერ ურეკავდნენ ოჯახის წევრებს, არ ჰქონდათ სიჯისი ბარათის შესაძენი ფული,
არ ჰყავდათ ადვოკატები, უფლებადამცველები. მეც ასე ვიყავი…. ხან კივილამდე ენატრებოდათ დედებს შვილების ხმის გაგონება… აი, ამ დროს რადიო ,,ობიექტივში” ირმა ინაშვილმა ახალი გადაცემა დაანონსა ,,მიესალმე პატიმარს”.
გადაცემის ავტორი კოტე ინაშვილი იყო… იმ დღიდან კოტე გახდა მთავარი ხიდი ჩვენსა და თავისუფლების ხმას შორის…
ადამიანები, ჩვენი მეგობრები, ნაცნობები, ნათესავები გვირეკავდნენ, გვკითხულიბდნენ, გვეფერებოდნენ… და ამ სითბოს ავტორი კოტე კი ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს გვჩუქნიდა დიდ იმედს, დიდ სითბოს… ყველას, ათასობით ადამიანს გვეფერებოდა და ხვალინდელი დღის იმედს გვაძლევდა… პირველი გადაცემის დასრულების მერე ციხის ტელეფონიდან გოგოებმა დავურეკეთ და მადლობა ვუთხარით. ახლაც მახსოვს, მისი სიტყვები –
როგორ მერიდებოდა, გადაცემა თავისუფლებიდან რომ მიმყავდა ამდენი ადამიანისთვის და როგორ გამახარეთ, ასე რომ გამიხარებიხართო. აი, ასეთმა კეთილმა ბიჭმა დაგვტოვა …. კოტე, დროებით და მომავალ შეხვედრამდე იქ,  ზევით”, – წერს ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი.
,,ბევრი პატიმრის იმედი, რწმენა და სიცოცხლის ნაპერწკალი იყო! ციხეში ,,ხმა მიაწვდინე პატიმარს” გადაცემა რომ იწყებოდა, საკნებში იმედი ჩნდებოდა!
მე ყოველდღე ობიექტივის შენობაში პატიმრების მშობლების, გამწარებული დედების უზარმაზარ რიგს ვხედავდი… ყველა მხოლოდ კოტეს ინაშვილს კითხულობდა, ყველას იღებდა, ყველას მდგომარეობას ეცნობოდა, ყველას აიმედებდა”, – დაწერა ნინო კვარაცხელიამ.