,,ვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად”

,,ვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად''რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მსახიობმა გია გაჩეჩილაძემ ხელისუფლებას მიმართა, რომ 7 ნოემბერი ღირსების დღესასწაულად გამოცხადდეს.

-მინდა გითხრათ, რომ ღირსების დღეა 7 ნოემბერი და ყველა იმ ადამიანის დღე, ვინც ამ 20 წლის განმავლობაში ღირსება შეინარჩუნა. არ დაკარგა, მიუხედავად ყველანაირი ზეწოლისა, იმიტომ, რომ ეს დღე დაიწყო 2 ნოემბერს და მოშიმშილეები აქ დასხდნენ 7 ნოემბერს. იქიდან იწყება მთელი კოშმარი. კი, მართალია, მანამდე იყო ბუტა, მანამდე იყო სანდრო. მაგრამ მასობრივი ტერორი იწყება ზუსტად 7 ნოემბრიდან. ამიტომ, ვიფიქრე და თუ შეიძლება ერთად მივმართოთ და ვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ აქციაზე – „არ აგარევინებთ“, მოქალაქეებს მიმართა და კობა დავითაშვილი გაიხსენა.

-დღეს კობას, ჩვენმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენი მიანიჭა და ვფიქრობ, ეს ძალიან სიმბოლურია. დღეს კობა დავითაშვილს, ამ სწორუპოვარ მებრძოლს საქართველოსთვის, ჩვენთვის ყველასთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის, მიენიჭა ღირსების მედალი. ვფიქრობ, ამით ეს დღე უკვე არის დაარსებული.

კობა დავითაშვილს 7 ნოემბერს ღირსების ორდენი რომ გადაეცა, ესე იგი ყველა იმ ადამიანს გადაეცა, ყველა თქვენგანს, რომელიც იმ დღეს აქ იყო და გულშემატკივრობდა იმას, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. მზად იყო, ამისთვის საკუთარი სიცოცხლე გაეწირა, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.