პოეტმა ია ნანეიშვილმა ლეიკემია დაამარცხა – ,,ზოგჯერ საკუთარ დარდებზეც უნდა გაიცინო, თორემ ცხოვრება შეგშლის”

პოეტმა ია ნანეიშვილმა ლეიკემია დაამარცხა - ,,ზოგჯერ საკუთარ დარდებზეც უნდა გაიცინო, თორემ ცხოვრება შეგშლის",,სარკე”, ნანა კობახიძე

პოეტი ია ნანეიშვილი სოციალურ ქსელში სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და თავისი ლექსებით მრავალათასიანი აუდიტორია მიიზიდა. მისი ლექსები და ჩანახატები ინტერნეტსივრცეში, შეიძლება ითქვას, ხელიდან ხელში გადადის, ზოგჯერ უავტოროდ, ზოგჯერ სხვა ავტორის გვარითაც.

პოეტს 4 წლის წინ მოულოდნელად მძიმე განსაცდელი დაატყდა თავს, ვერაგ დაავადებასთან – მწვავე ლეიკემიასთან მოუწია გამკლავება. ამ რთულ ბრძოლაში ლექსების წერა ეხმარებოდა. იმავე პერიოდში გამოიცა მისი პირველი კრებულიც ,,ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენთან ერთად ვივლი”, რასაც სხვა კრებულებიც მოჰყვა. თავისი ცხოვრების გზაზე პოეტი ,,სარკის” მკითხველებსაც უამბობს:

-აღმოჩნდა, რომ ჩემი განცდები ასობით ადამიანის განცდებთან თანხვედრაშია. ვწერ იმას, რასაც გული მკარნახობს. მეუბნებიან, რომ მახვილიანი კალამი მაქვს, რადგან სათქმელი ყოველთვის მიზანში ხვდება… როდესაც ავად ვიყავი, ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი, მრჩეველი მე ვიყავი. ზოგჯერ საკუთარ დარდებზეც უნდა გაიცინო, თორემ ცხოვრება შეგშლის.მამაცი და შეუპოვარი უნდა იყო. ცხოვრება ვერ იტანს წუწუნა და სუსტ ადამიანებს…

ქიმიოთერაპიის ერთ-ერთი კურსის შემდეგ სახლში გამწერეს. ფეხზე დგომის ძალა აღარ მქონდა. რა უნდა მექნა ასეთ დროს?! საკუთარი თავი უნდა გადამერჩინა! მეც ავდექი და უძლურება ძალად გადავაქციე. ფსკერიდან საკუთარი სიცოცხლე ამოვიყვანე…

მწვავე ლეიკემია დაამარცხეთ და ამ თემას წიგნი მიუძღვენით. რას ურჩევთ მსგავსი განსაცდელში მყოფებს?

– ერთი წამითაც არ იფიქრონ სიკვდილზე! ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე! თუ გინდა, იცოცხლო, უნდა დაიჯერო, რომ გადარჩები. მადლობა ჰემატოლოგს, ლია კარკაძეს, რომელმაც სიცოცხლე შემინარჩუნა.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”