მარიამ კუბლაშვილი: ,,პატიმარი ცხოველივით ღმუის და ტირის, ცოცხლად იტანჯება”
რას წერდა ადვოკატი 1 წლის წინ დაწესებულებაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი შეიძლება გადაიყვანონ

მარიამ კუბლაშვილი: ,,პატიმარი ცხოველივით ღმუის და ტირის, ცოცხლად იტანჯება''ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი 1 წლის წინ სასჯელაღსრულების N18-ე  დაწესებულებაში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე წერდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას აპირებენ.

,,საშინელი განუკითხაობა და ადამიანთა წამება ხდება სასჯელაღსრულების N18-ე დაწესებულებაში, პატიმრებმა შიმშილი დაიწყეს. არაადამიანური ტკივილები აქვს ერთ-ერთ ჩემს კლიენტს, რომელსაც ფეხი მოკვეთეს და მეორე ფეხია მოკვეთის საშიშროების ქვეშ, გამაყუჩებელსაც არ აწვდიან.

ცხოველივით ღმუის და ტირის, ცოცხლად იტანჯება, ექიმი არ არის,  ელემენტარული რომ დაგჭირდეს, რა ვქნათო, ანალგინი ან ვალერიანი შეიძლება მიაწოდონ… რა ჩვენი ბრალია, ესაა, რაც გაგვაჩნიაო… ელოდებიან, როდის ვეღარ გაუძლებს და ტკივილისგან ხორცს დაიჭამს…

რამდენი წერილი მაქვს გაგზავნილი პროთეზის თხოვნით, რათა პატიმარი გადაეყვანათ გეგუთში, მიჯაჭვულია ლოგინს და სავარძელს, ჰაერზე გაყვანას ითხოვს, სუნთქვას… ადამიანი ტიროდა, ასეთი უსუსური და სასოწარკვეთილი მეც არასდროს ვყოფილვარ, როგორ დავხმარებოდი, ვერ გავიგე…

როდესაც გაუსაძლისი ტკივილები ეწყება, არანაირი ყურადღების გამოვლენა არ ხდება, ცხოველივით ღმუის და ყვირის. ფაქტია, გარდაუვალია მეორე ფეხის ამპუტაციაც. ელემენტარულად მედიკამენტი არ დააფინანსა სახელმწიფომ და ჩემი ხარჯით შევუძინე. მომწერა სამედიცინო დეპარტამენტმა, თავად შეიძინეთო.

ოჯახს საშუალება აღარ აქვს, ანუ მოკვდეს? მედიკამენტის სახელწოდება – პარკინია. არასდროს არაა საკმარისი ექიმი და მედიკამენტი, ეს პირველად ჩემგან გაიგეთ? რამდენი პატიმარი იტანჯება სამედიცინო მომსახურების ხარვეზების გამო სასჯელაღსრულების სისტემაში, ან კლინიკა ,,ვივამედი” ვისია და რატომ არის მიჯაჭვული პენიტენციური სამსახური ამ კლინიკაზე?

ჩემი პოსტის შემდეგ პატიმარი ,,ვივამედში” გადაიყვანეს, სადაც უამრავი ხარვეზია. საერთოდ ყველა პატიმარი იქ გადაჰყავთ, არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩივილები აქვს მას. ყოვლისშემძლეა კლინიკა ,,ვივამედი”, – წერდა მარიამ კუბლაშვილი.

გაზეთ ,,ალიასთან” ადვოკატი აცხადებს, რომ ამ დაწესებულებაში დღემდე არაფერი შეცვლილა.

ალია