ნონა გაფრინდაშვილი ,,ნეტფლიქსს” უჩივის – ,,უტიფრად და გამიზნულად მოიტყუა მის მიღწევებზე”

ნონა გაფრინდაშვილი ,,ნეტფლიქსს" უჩივის - ,,უტიფრად და გამიზნულად მოიტყუა მის მიღწევებზე",,ნიუ იორკ თაიმსის” ინფორმაციით, 16 სექტემბერს ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა, სტრიმინგ კომპანია ,,ნეტფლიქსის” წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყო ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში.

გამოცემის ცნობით, გაფრინდაშვილი სერიალ ,,ლაზიერის გამბიტით” მისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციას ითხოვს, ზიანი კი, საჩივრის ტექსტის მიხედვით, ,,მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის დამანგრეველი სიცრუის ჩვენება და მისი მიღწევების გაბათილებაა”. ამასთან, გაფრინდაშვილი ითხოვს, შესაბამისი მონაკვეთი სერიიდან ამოიჭრას.

,,ლაზიერის გამბიტის” ბოლო სერიაში მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის გამომცხადებელი აღნიშნავს, რომ გაფრინდაშვილი კაც მოთამაშეს არასდროს შეხვედრია.

,,ამ ინტელექტუალურ თამაშში მას სქესი თუ გამოარჩევს, თუმცა, ის ერთადერთიც არაა რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, ის ქალთა მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ იგი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეს”.

ნეტფლიქსი ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, გაფრინდაშვილისადმი მათი პატივისცემის მიუხედავად, მოჭადრაკის ბრალდებები უსაფუძვლოა.

,,ნეტფლიქსს” ქალბატონი გაფრინდაშვილისა და მისი შთამბეჭდავი კარიერის მიმართ მხოლოდ უკიდურესი მოწიწება აქვს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და ჩვენს ინტერესებს დავიცავთ”, — წერია კომპანიის განცხადებაში.

ქართველი მოჭადრაკის 25-გვერდიანი საჩივარი კი მიუთითებს, რომ გაფრინდაშვილი კარიერის განმავლობაში არაერთ გამოცდილ კაც ჩემპიონს შეხვედრია, სერიალში ნათქვამი ფრაზა მას, როგორც მოქმედ მოთამაშეს, პროფესიულ ზიანს აყენებს.

საჩივარი ასევე აღნიშნავს, რომ ,,ნეტფლიქსმა” – ,,უტიფრად და გამიზნულად მოიტყუა გაფრინდაშვილის მიღწევებზე, რათა სიუჟეტი იაფფასიანი და ცინიკური მიზნით გაედრამატულებინა, გამოგონილი გმირი კი ისე წარმოეჩინა, თითქოს მისი ნამოქმედარი არც ერთ ქალს, მათ შორის არც გაფრინდაშვილს, არ განუხორციელებია”.

ონ.ჯი