,,მაიკო, მოვიდა ცეცხლი ჩემს სახლამდე, გავრბივარ” – რა ხდება საბერძნეთში

,,მაიკო, მოვიდა ცეცხლი ჩემს სახლამდე, გავრბივარ" - რა ხდება საბერძნეთშისაბერძნეთში მცხოვრებნი ისევ განსაცდელის წინაშე დგანან. რამდენიმე დღეა, რაც ქალაქებში ხანძარი მძვინვარებს, იწვის ტყეები, სახლები, დაწესებულებები. საბერძნეთში მცხოვრები მაია ბაჩანაშვილი მუდმივად ეხმიანება ჩვენს მოქალაქეებს და მათ შესახებ ინფორმაციას ფეისბუქშიც დებს.
ახლახან მან ძალიან მძიმე სტატუსი გამოაქვეყნა. ,,მაიკო, მოვიდა ცეცხლი ჩემს სახლამდე და გავრბივართ”, – მისწერა ერთ-ერთმა ემიგრანტმა ქალბატონ მაიას.
,,ათენში მცხოვრებ ქართველებს _ რომლებიც ხანძართან ახლოს ხართ, ძალიან გთხოვთ, გამაგებინეთ როგორ ხართ. თუ რამით შევძლებ დახმარებას, თქვენს გვერით მიგულეთ”, _ წერს მაია ბაჩანაშვილი ფეისბუქში.
საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი მოსახლეობას მიმართავს:

,,მოგიწოდებთ, რომ შეზღუდოთ არამიზნობრივი გადაადგილება და იყოთ ძალიან ფრთხილად. თუ გაიცემა ევაკუაციის ბრძანება, დაემორჩილეთ მას და დატოვეთ რისკის შემცველი ტერიტორია. სახლები კვლავ აშენდება, ხეები კვლავ გაიზრდება, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უკან არ დაბრუნდება.

ამ საგანგებო სიტუაციაში ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, სახელმწიფომ, თვითმმართველობამ, მოხალისეებმა, მოქალაქეებმა ერთად უნდა ვიბრძოლოთ. მოვა დრო კრიტიკისთვის, თვითკრიტიკისთვის, მაგრამ ახლა _არა, ახლა ამის დრო არ არის”.

საქართველოს საელჩო საბერძნეთში მოკლე განცხადებით შემოიფარგლა:

,,მოგიწოდებთ, ზედმიწევნით გაითვალისწინოთ სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს მოწოდებები: მოერიდეთ ყველანაირ საქმიანობას, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ცეცხლის გაჩენა. აკრძალულია ტყის ტერიტორიაზე შესვლა. მოერიდეთ არამიზნობრივ გადაადგლებას. თუ შენიშნავთ კვამლს ან ცეცხლს თქვენს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სახანძრო დეპარტამენტს ნომერზე: 199. უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793.

შეგახსენებთ აგრეთვე ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია – 100,
სასწრაფო დახმარება – 166”.

,,ღმერთის იმედადაა დარჩენილი ათენში მცხოვრები ემიგრანტები. საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს საელჩო ათენში… გამოეთრიეთ კაბინეტებიდან, სათითაოდ მოიკითხეთ ყველა ემიგრანტი და მიხედეთ ამ ხალხს!” _ წერს მაია ბაჩანაშვილი