,,ჩვენი შვილი ლევანმა მოასვენა სახლში… კლინიკაში თვითონ წაიყვანა, მაგრამ ვერაფერი უშველეს”
ლევან თედიაშვილის და ნანა მჭედლიშვილის ტრაგედია

,,ჩვენი შვილი ლევანმა მოასვენა სახლში... კლინიკაში თვითონ წაიყვანა, მაგრამ ვერაფერი უშველეს"თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის, ლევან თედიაშვილის და მისი მეუღლის, ოფთალმოლოგ ნანა მჭედლიშვილის ცხოვრებას უდიდესი ტკივილი სდევს თან _ შვილის დაღუპვა. ქალბატონი ნანა ,,კვირის პალიტრასთან” ყვება:

-ძალიან მხიარული ბიჭი იყო ვახო, სადაც მივიდოდა, სულ სიცილ-კისკისის ხმა ისმოდა. ადამიანებთან იოლად ურთიერთობდა, საოცრად პასუხისმგებლიანიც იყო. ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. მანამდე სამხატვრო აკადემიაში აბარებდა, კარგად ხატავდა, დღესაც მაქვს მისი ნახატები შენახული.

როდესაც ვახოზე ვფიქრობ, ვცდილობ, ფიქრი შევწყვიტო, თორემ შეიძლება გავგიჟდე. ჩემი მეორე ვაჟი – ბესო ძალიან დაიჩაგრა და გამოიცვალა ვახოს გარდაცვალების შემდეგ, სულ სხვანაირად ლაღი იყო და დაითრგუნა, ძალიან დააკლდა ძმა. ახლა მხოლოდ მისთვის ვცდილობ, ფეხზე ვიდგე. მას კარგი ოჯახი ჰყავს და ამით ბედნიერი ვარ.

ვახო ისე დავკრძალეთ, ბესოს არ გავაგებინეთ. არ მინდოდა, მეორე შვილიც დამეკარგა. რა ხდებაო, რაღაცას ეჭვობდა და კითხულობდა, მაგრამ ვეუბნებოდი, მალე შენთან მოვდივარ, ამერიკაში და ვახოს რომ რამე ცუდი დამართოდა, მანდ ხომ არ წამოვიდოდი-მეთქი. ორივე მშვიდობით დაბრუნდა-მეთქი ომიდან, ვატყუებდი. ბესო მაშინ 17 წლის იყო, მარტო ვერ გაუმკლავდებოდა დარდს.

დაკრძალვის შემდეგ წავედი, თვითმფრინავიდან როგორც ჩამოვედი, შავი შარფი მოვიხსენი, რომ არ შეშინებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ვუთხარი და ცოტა ხანს დავრჩი მასთან…

–თქვენ როგორ გაიგეთ?
–ლევანმა მოასვენა სახლში. 1993 წელს მოხდა ეს ამბავი, 23 სექტემბერს… იმ დილას ურეკია ვახოს, მაგრამ კაბელი იყო გაფუჭებული და ვერ ველაპარაკე. იმ თვითმფრინავით უნდა წამოსულიყვნენ, ბაბუშერაში რომ ააფეთქეს. დაბომბვა რომ დაიწყო, ბარძაყის არტერიაში მოხვდა ნამსხვრევი და სისხლდენით გარდაიცვალა. საავადმყოფოში წაიყვანა ლევანმა, მაგრამ ვეღარაფერი უშველეს.

–მისი შეჩერება სცადეთ?
–არა და ვერც შევაჩერებდი. ლამის ქალებსაც კი უნდოდათ წასვლა და როგორ ვეტყოდი, შენ სახლში დარჩი-მეთქი. ლევანი ამის გამო მოსკოვიდან ჩამოვიდა, მეც შენთან ერთად წამოვალ, ერთი დღე დამელოდეო, სთხოვა. უნდოდა, დაეცვა შვილი.წინადღეს ყველაფერი მოიმარაგეს, მეც გამოვუცხვე რაღაცები და ორივე გავაცილე…