,,თუში გიორგი გარდაიცვალა… დავაგვიანეთ” – გიორგი იდოიძეს ბოლო წუთებშიც გადარჩენის იმედი ჰქონდა

,,თუში გიორგი გარდაიცვალა... დავაგვიანეთ" - გიორგი იდოიძეს ბოლო წუთებშიც გადარჩენის იმედი ჰქონდაგიორგი იდოიძე, რომელსაც ხალხმა ათიათასობით ლარი შეუგროვა იმისთვის, რომ ახალი გული ჰქონოდა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა მინსკის კლინიკაში, სადაც გულის გადასანერგად იმყოფებოდა. 132 ათასი ლარი სჭირდებოდა, მაგრამ ,,ნანუკას შოუს” მაყურებელმა ორჯერ მეტი თანხა შეუგროვა.

,,დღეიდან ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვლება” – ამბობდა გიორგი, რომელმაც მოკლე დროში უამრავი ადამიანის გული მოიგო.

,,თუში გიორგი გარდაიცვალა” – ასე დაიწყო ნანუკა ჟორჟოლიანმა თავისი გადაცემა. მისი თქმით, ჩვენ ყველამ ერთად დავაგვიანეთ საჭირო თანხის შეგროვება. გიორგის ცოლმა, მაკა ალიაშვილმა ,,ნანუკას შოუში” ისაუბრა.

-დიდი მადლობა თანადგომისთვის და იმისთვის, რომ ეს ორი თვე გიორგიმ ბედნიერად გაატარა, იმედი ჰქონდა. თვენახევარია, მინსკში ვართ, დონორს ველოდებოდით. ორჯერ შემოვიდა გული, მაგრამ ორივე დაზიანებული იყო. გიორგის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდებოდა…

ბოლო სამი დღე განსაკუთრებით იმედიანად იყო, ამბობდა, ჩემს თავს გამოვიყვანო. ბოლოს რომ ვესაუბრე, საღამოს 10 საათი იყო. უცებ პირღებინება და ხველება დაეწყო. გაუკვირდა, კარგად ვიყავი და რა დამემართა, არ ვიციო. მითხრა, ცოტა ხანში გადმოგირეკავ და ხვალ ხელსაწმენდები მომიტანე, გამითავდაო. დაახლოებით 5-10 წუთში მივწერე, ხომ კარგად ხარ-მეთქი, მაგრამ არ მიუვიდა მესიჯი, ტელეფონი გამორთული იყო. 4 წუთში დამირეკეს, გიორგის მოულოდნელად გული გაუჩერდაო. ვერაფერი უშველეს.

გიორგის თითქმის ყველა ორგანო ჩათრეული იყო, ბოლოს ოპერაციის შანსიც აღარ არსებობდა… დავაგვიანეთ და ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი. 1 წელია, ვიცით, რომ შეიძლება გიორგის გული გაუჩერდეს, – უამბო ნანუკა ჟორჟოლიანს მაკა ალიაშვილმა.

„სიცოცხლე ყოფილა ყველაზე ძვირფასი“, – ამბობდა გიორგი იდოიძე. მის ცხედარს საქართველოში 13 მაისს ჩამოასვენებენ.