,,კატასტროფაა, რაც აქ ხდება, პრუჟინებამოყრილი საწოლი, სიბინძურე, გასახეხი ყველაფერი, იმედია, აქედან ცოცხალი გამოვალ” – რას წერდა ირინა ბოკუჩავა, რომელიც კოვიდით გარდაიცვალა

,,კატასტროფაა, რაც აქ ხდება, პრუჟინებამოყრილი საწოლი, სიბინძურე, გასახეხი ყველაფერი, იმედია, აქედან ცოცხალი გამოვალ" - რას წერდა ირინა ბოკუჩავა, რომელიც კოვიდით გარდაიცვალა,,იმედია, აქედან ცოცხალი გამოვალ და სადმე კარგი ინტერვიუ უნდა მივცე!” – წერდა რეჟისორი ირინა ბოკუჩავა, მაგრამ… სამწუხაროდ, კორონავირუსთან ბრძოლაში დამარცხდა. სანამ მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, ფეისბუქში იმ გაუსაძლის პირობებზე წერდა, რაც კლინიკაში იყო.

,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში მოვხვდი დიღომში! ისიც ძლივს, შემთხვევით ერთი ადგილი გამონთავისუფლდა! კატასტროფაა, რაც აქ ხდება, ძველ, პრუჟინებამოყრილ საწოლზე ვიწექი წუხელ და წვეთი არ მიძინია, მიუხედავად დიმედროლის და სხვა საძილე საშუალებისა! ერთ თანაპალატელ სიფრიფანა გოგოს ისე შევეცოდე, თავის საწოლში გამიცვალა! აბაზანა-ტუალეტი კატასტროფა, სიბინძურე, გასახეხი ყველაფერი და ეს ხდება კოვიდიანების პალატაში!

მენეჯმენტი ნული. სადაა შეპირებული საწოლფონდი, მილიონებია დახარჯული ამ კოვიდპანდემიაზე. უარესისთვის მზადა ვართო! უარესი კი არა,  ელემენტარულს ვერ აგვარებთ! იმედია, აქედან ცოცხალი გამოვალ და სადმე კარგი ინტერვიუ უნდა მივცე! სირცხვილია ხალხის ჯანმრთელობაზე ფულის კეთება, სირცხვილი! არ გეპატიებათ! არავითარი პრეტენზია არა მაქვს ექიმებთან და მედპერსონალთან, ისინი თავდაუზოგავად შრომობენ, მაგრამ ხელშეწყობა არა აქვთ!”, – წერდა რეჟისორი.

რამდენიმე ხანში ის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ირინა ბოკუჩავას მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმებია _ ,,„ტყის ძმები“, „საუკუნის დანაშაული“, „როცა კარიბჭე გაიღება“. ის არის რეჟისორი  მუსიკალური კლიპების _  „გამარჯობა, აფხაზეთო შენი!“, „ქართულ-აფხაზური შერიგების ჰიმნი“, „ვარადა”.

ფილმ ,,ომის პატარძლის” რეჟისორი და სცენარის ავტორიც ირინა ბოკუჩავაა.

ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ დიდ დანაკრგს.