ჟურნალისტი გალიდან: ,,ქართულ წიგნებს პერანგის ქვეშ ვმალავდით”

ჟურნალისტი გალიდან: ,,ქართულ წიგნებს პერანგის ქვეშ ვმალავდით",,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

ჟურნალისტ გიგა ბენიას ნაამბობი ფილმის სცენარს ჰგავს რომელიღაც შორეულ ქვეყანაზე, სადაც ბავშვები წიგნებს პერანგებში მალავენ, რომ არ წაართვან, სადაც სკოლაში ,,კომისია” დადის იმის შესამოწმებლად, რომელ ენაზე იღებენ განათლებას და ა.შ.

სამწუხაროდ, გიგა არც შორეულ ქვეყანაზე გვიყვება და არც უცხო ადამიანებზე. ის საქართველოს ულამაზესი კუთხიდან, აფხაზეთიდან არის. სკოლა გალში დაამთავრა,  უმაღლესი განათლება კი თბილისში მიიღო.

გიგა ბენია გვიყვება:

– აფხაზს, რუსს თუ სხვა ეროვნების ადამიანებს შეუძლიათ, საჭესთან მთვრალები დასხდნენ, ქართველმა კი წესის დაცვის შემთხვევაშიც ,,გაიშნიკს” ფული უნდა გადაუხადოს.

სკოლაში ხშირად დადიოდა ე.წ. კომისია, რომელიც გვამოწმებდა, ქართულად ხომ არ ვსწავლობდით. ქართულ სახელმძღვანელოებს ხან იატაკქვეშ ვმალავდით, ხან საპირფარეშოში ვყრიდით,  თუ ვერ მოვასწრებდით, პერანგის ქვეშაც  ვინახავდით…

საქართველოს ისტორიის წიგნი სკოლაში მორიგეობით დაგვქონდა მხოლოდ მათ, ვინც სკოლასთან ახლოს ვცხოვრობდით, მალე რომ მივსულიყავით და ნაკლები შანსი ყოფილიყო იმის, ვინმეს გავეჩერებინეთ და წიგნები ენახა.

ერთხელ ეს მართლაც მოხდა და მათ ამის შესახებ გაიგეს. იმ დღიდან ჩვენს სკოლაში ქართულად არაფერი ისწავლება. ამის შემდეგ მე, პირადად, შევდიოდი უმცროს კლასელებთან და საქართველოს ისტორიის შესახებ ვუყვებოდი.

სამწუხაროდ, რუსულმა პროპაგანდამ გალში მცხოვრები ზოგიერთი ჩემი თანატოლი ქართველი  დააჯერა, რომ მეგრელები ქართველები არ ვართ და საქართველომ საკუთარი ენა წაგვართვა. ზოგიერთებს ისიც დააჯერეს, რომ აფხაზური გვარები აქვთ და აფხაზებად ჩაწერეს.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”