სისხლძარღვებმა ფეხები რომ არ ,,დაამშვენოს” – ვარიკოზის ნიშნები და როდის მიმართოთ ფლებოლოგს

სისხლძარღვებმა ფეხები რომ არ ,,დაამშვენოს"  - ვარიკოზის ნიშნები და როდის მიმართოთ ფლებოლოგს,,სარკე”, აზა გაგოშიძე

დასაწყისში ვარიკოზი თითქმის შეუმჩნეველია, მაგრამ არის ნიშნები, რომლებიც მის განვითარებაზე მიგვანიშნებს. საჭიროა, ექიმს მანამ მიმართოთ, სანამ სისხლძარღვოვანი ბადე თქვენს ფეხებს ,,დაამშვენებს”.

ჩვენს სხეულში სისხლი წრიულად მოძრაობს. როდესაც სარქველები ცუდად დახურვას იწყებს, სისხლი ქვევით, ვენებში ჩამოდის, მათ აწვება, წელავს და დეფორმაციას ახდენს. ამის გამო სისხლის მიმოქცევა ნელდება და ვარიკოზი ჩნდება. თუ ზომებს დროულად არ მიიღებთ, დაავადება თრომბოზს და წყლულს გამოიწვევს. ვენების ხილული გამოწევა – გამობურცვა – ერთადერთი სიმპტომი არ არის, რომელზეც ფხიზლად უნდა იყოთ.

ფეხების შეშუპება პირველი საგანგაშო ზარია, ასევე _ წვივების ქავილი, წვივებზე მქრქალი ან მუქი ლაქები, დაბუჟება, ჩხვლეტა, კრუნჩხვები…

სავარჯიშო

ექიმის რეკომენდაციებით, ვარიკოზის დროს მდგომარეობის შესამსუბუქებლად დილით ვარჯიში შეასრულეთ.

,,ველოსიპედი” – ზურგზე დაწექით და ველოსიპედით სვლის იმიტაციის 30 მოძრაობა შეასრულეთ. შეისვენეთ და გაიმეორეთ.

,,ხოჭო” – ზურგზე დაწექით, ფეხები და ხელები ზევით ასწიეთ და აქნიეთ. ამ მომენტში მოდუნებული უნდა იყოთ. სავარჯიშო ლიმფის დინებას აწესრიგებს, შეშუპებას აქრობს.

თაფლის წამლები

თაფლი სუფთა ბამბის ქსოვილზე გაანაწილეთ. ფეხის გამობერილ ვენებზე დაიდეთ, ზემოდან აპკი დაიფარეთ და ბინტით გადაიხვიეთ. პირველ დღეს კომპრესი 2 საათი დაიტოვეთ, მომდევნო 2 დღეში 4 საათი. ყველა შემდეგი კომპრესი მთელი ღამე გქონდეთ. მკურნალობის მთელი კურსი 45-50 პროცედურას მოიცავს.

350 გ თაფლი და 250 გ გახეხილი ნიორი აურიეთ. ნარევი ბნელ ადგილას 5 დღე დადგით. 1 ს.კ. დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ. მკურნალობის კურსისთვის დაგჭირდებათ 3 ულუფა ნარევი.