შეშინებული ადამიანები სასწრაფოდ სახლებს ტოვებენ – ,,წვიმა რომ დაიწყო, ვლოცულობდით”

შეშინებული ადამიანები სასწრაფოდ სახლებს ტოვებენ - ,,წვიმა რომ დაიწყო, ვლოცულობდით''მოსახლეობა ვაშლიჯვრის ფერდობს, მეწყერსაშიშ ზონას ტოვებს.

-ძალიან მეშინია და ალბათ სადმე გადავალ. ყველას ეშინია, ზოგმა უკვე გაიტანა ჩანთები. რამდენიმე ოჯახი უკვე ქირით გადავიდა. კიდევ ბევრი ამბობს, საცხოვრებლად სხვაგან გადავალთო. ხალხი არის შიშში. გუშინ წვიმა რომ დაიწყო, ვლოცულობდით, – ამბობს ,,პრაიმტაიმთან” ერთ-ერთი დევნილი ქალი.

ადგილობრივები  გამოცემასთან 10 წლის წინ მოვარდნილ ღვარცოფს იხსენებენ და ამბობენ, რომ ფერდობიდან კლდის ნაშალი პერიოდულად ჩამოდის.

-ბროწეულას ჩიხში 17 ოჯახი ვცხოვრობთ. წლების წინ ფერდობიდან დიდი წვიმის შემდეგ ღვარცოფი ჩამოვიდა და ეზოები დაგვიტბორა. ახლანდელი სიტუაცია იმდენად რთულია, რომ ყველას ეშინია და აქედან გარბიან. ზოგიერთს წასასვლელიც კი არ აქვს. მარტო ამ ჩვენს პატარა უბანში საცხოვრებელი რამდენიმე ოჯახმა უკვე დატოვა.

ერთ ოჯახს სამი ბავშვი ჰყავს, მათ შორის ტყუპები, სოციალურად დაუცველები არიან და სახლი სასწრაფო წესით დატოვეს. წასავლელი არსად ჰქონდათ, მაგრამ შიშის გამო ვერ გაჩერდენენ. ამ ფერდობზე ტერირორია რამდენიმე ადგილას არის დამეწყრილი.

დღეში სამჯერ ავდივარ და ვამოწმებ, რა მდგომარეობაა. ყოველდღე სულ უფრო მატულობს ნაპრალის სიღრმე. გერმანელმა სპეციალისტებმაც თქვეს, რომ მდგომარეობა რთულიაო, ახლა ხალხს მთავრობამ უნდა მიხედოს. ტაქსის მძღოლმა მითხრა, რომ ვაშლიჯვრის მოსახლეობაც ტოვებს სახლებსო, – ამბობს ,,პრაიმტაიმთან” ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოსახლეობის თქმით, მათთან მერიის წარმომადგენლები და დეპუტატი გია ვოლკსი მივიდნენ და მათგან მიიღეს დაპირება, რომ უცხოელი ექსპერტების დასკვნის დადების შემდეგ გადაწყდება, მოხდება თუ არა მათი იქიდან  გაყვანა.