,,მამაჩემის სუნთქვის აპარატი 25 დღე ხელით მეჭირა, სკამიც კი არ მქონდა” – მამაშვილობის მადლი

,,მამაჩემის სუნთქვის აპარატი 25 დღე ხელით მეჭირა, სკამიც კი არ მქონდა" - მამაშვილობის მადლიექიმმა-ტრავმატოლოგმა, დარინა ცეცხლაძემ აღჭურვილობა ჩაიცვა, ნიღაბი მოირგო და კორონავირუსით ინფიცირებულ მამას, 56 წლის რომან ცეცხლაძეს შეჰყვა კოვიდგანყოფილებაში. რომან ცეცხლაძეს ფილტვის მაქსიმალური, 24-ქულიანი დაზიანება.

დარინამ მამასთან კლინიკაში 42 დღე გაატარა. აქედან 25 დღე მას ხელით ეჭირა სუნთქვის აპარატი, რომ მამისთვის ჰერმეტულად მიეწოდებინა ჟანგბადი. 42 დღის შემდეგ, დარინას მამა საავადმყოფოდან გაწერეს.

-ტრავმატოლოგი ვარ, მაგრამ ვთხოვე კოლეგებს, რომ შევიდოდი მასთან ერთად. მდგომარეობა მძიმე იყო, საჭირო გახდა „სიპაპი“ (სუნთქვის აპარატი) და რეანიმაციაში გადაყვანა.

მამას დამამშვიდებლებზე ჰალუცინაციები დაეწყო. არ იჩერებდა აპარატს, ამიტომ იძულებული ვიყავი, აპარატი ხელით დამეჭირა. დაახლოებით 25 დღე მეჭირა ხელით „სიპაპი“, რომ ჰაერის მიწოდება არ შეფერხებულიყო.

სპორტსმენიც ვარ და ვთქვი, ეს ომია და ყველა ახლა ვსწავლობთ ამ ვირუსთან ბრძოლას, მამას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, რაღაც უნდა მომხდარიყო, რაც მას დაეხმარებოდა და ჩავრთე სპორტული ვიტამინები, ჟანგბადის გამააქტიურებელი, რომელსაც სპორტსმენები ვიყენებთ. რამდენიმე დღეში იყო შედეგიც – პაციენტი უკვე დამჯდარიც იჭერდა სუნთქვას, სატურაცია ავიდა 92-ზე…

თავიდან სკამიც არ იყო, მერე ბორბლებიან სკამზე ვიჯექი, მამას თავი ხელზე მედო, რომ ჩამძინებოდა, მეგრძნო მისი მოძრაობა.

მცირე ჩაძინების დროსაც გესმის, როგორ ვარდება ჟანგბადი და აპარატი სხვაგვარად იწყებს მუშაობას, ეს შეცვლილი ხმა გატყობინებს რომელიღაც პაციენტის მონაცემები შეიცვალა, ეს ხმა გაფხიზლებს…

12 კილო დავიკელი, სახიდან კანი გადამძვრა, ნიღაბი რომ მოვიხსენი… ნელ-ნელა ძალა უბრუნდება. ვაძლევ ცილებს, ქათმის ფილეს, ხაჭოს, ხბოს ხორცს, კვერცხის ცილას გულის გარეშე, – ამბობს დარინა.

ნეტგაზეთი