თუ მეგობარი უცებ მტრად მოგვევლინა

თუ მეგობარი უცებ მტრად მოგვევლინა,,სარკე”, ნინო მაღალაშვილი

ადამიანის ყველაზე საშიში მტერი მისივე ყოფილი მეგობარია. მტრებმა ჩვენ შესახებ დიდად არც არაფერი იციან, მაშინაც კი, თუ გამუდმებით გვითვალთვალებენ. მათ არ უწყიან ჩვენი საიდუმლოებების, ოცნებების, მიზნების ანდა სუსტი წერტილების შესახებ, ამიტომ ხშირად იქ არ ,,გვირტყამენ”, სადაც საჭიროა.

მტრები არ იცნობენ ჩვენს ახლობლებს, არ იციან, რამდენი გვაქვს საფულეში, რატომ ვტირით ღამით, რისი გვეშინია. მათთან არც წარსულში დაშვებულ შეცდომებზე გვისაუბრია.

მეგობრებისთვის ცნობილია ჩვენი სუსტი წერტილები და მერე, თუ დასჭირდება, ზუსტად იცის, სად ,,დაგვარტყას”, ჩვენს საიდუმლოებებსაც უპრობლემოდ გაამჟღავნებს, რათა სხვებმაც იოლად ,,დაგვარტყან”.

სინამდვილეში, თუ კარგად დავფიქრდებით, ის ჩვენი მეგობარი არც არასოდეს ყოფილა, რადგან მას მეგობრობა საერთოდ არ შეუძლია, რადგან მეგობრობა, ისევე, როგორც სიყვარული და კიდევ ბევრი სხვა რამ, ნიჭია. თავს მეგობრად გვაჩვენებდა, სინამდვილეში კი ყოველთვის შურდა ჩვენი, თუმცა ამ შურს საგულდაგულოდ ნიღბავდა.

როცა გვიჭირდა, გვეხმარებოდა, რადგან ჩვენი არ შურდა, მაგრამ, როცა წარმატებას ვაღწევდით, არ იმჩნევდა.

ბოლოს და ბოლოს, ეს ე.წ. მეგობარი დაიღალა მეგობრის როლის შესრულებით და მტრობის მიზეზიც იპოვა. ჩვენში უკვე მხოლოდ ნაკლს ხედავს. არაფერი მოსწონს, წვრილმანიც აღიზიანებს. მტრობის დაწყების მიზეზად შეიძლება ნებისმიერი ჩვენი ნათქვამი, საქციელი თუ პოლიტიკური შეხედულება იქცეს. საბაბის მოძებნა მარტივია, მიზეზი კი შურია, რომელსაც  ჩვენ მიმართ ყოველთვის განიცდიდა.

ამის გამო ნუ დაღონდებით. უბრალოდ, მოვიდა დრო, როცა საკუთარი ზრახვები წარმოაჩინა და დაიმახსოვრეთ მთავარი – ბრძოლაში იმარჯვებს მხოლოდ უღალატო მეგობარი.