ცხოვრების აკვარიუმში წყალი გამოცვალეთ

ცხოვრების აკვარიუმში წყალი გამოცვალეთ,,სარკე”, ნინო მაღალაშვილი

ზოგჯერ თითქოს ყველაფერი რიგზეა – ირგვლივ ნაცნობი სახეები, იგივე მოვალეობები, ჩვეული დასვენება საყვარელ ბაღში, სახლის მშენებლობა – ყველაფრით კმაყოფილი ვართ და ამ დროს გვეუფლება განცდა, რომ ცხოვრება უხალისო გახდა, ხოლო ენერგია თანდათან გვეცლება. უსაფუძვლოდ გვაღიზიანებს ყველაფერი. სამსახურში, სახლში, მეგობრების წრეში ვტრიალებთ, ბედნიერები ვართ და მაინც რაღაც გვაშფოთებს, განგაშის შეგრძნება არ გვტოვებს. რა ხდება?

თუ აკვარიუმში წყალს არ გამოცვლით. წყალი აშმორდება. დროთა განმავლობაში ყველაფერი ძველდება. ფიზიკის კანონია – სისტემა, სადაც არაფერი იცვლება, დასაღუპად არის განწირული.

ზუსტად ასევეა მოწყობილი ცხოვრება და ასე ხდება ადამიანებს შორის ურთიერთობაშიც. ჩვენთვის ასეთი მომხიბვლელი, ჩვეული სტაბილურობაც თავიდან ძალიან მოგვწონს, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ხაფანგად იქცევა.

სასარგებლოა ახალი ადამიანების გაცნობა, თუმცა აუცილებელი არ არის მათთან  მეგობრული ურთიერთობის დამყარება. როგორც ჩეხოვის ერთი პერსონაჟი ამბობს – ძალიან მოგვენატრა ახალგაცნობილი ადამიანი და მართალიც არის. ერთფეროვანი ურთიერთობები, მუდმივად ერთსა და იმავე ადამიანებთან კონტაქტი ახალი ენერგიით ვერ აგვავსებს. მათგან ვეღარ ვიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის აუცილებელია. ოთახიც კი, სადაც ნივთები, ავეჯი წლების განმავლობაში უცვლელად დგას, ხაფანგად იქცევა.

ეცადეთ, რაღაც შეცვალოთ – გარდერობი, გარემოცვა, ფილმები, რომლებსაც უყურებთ. ყველას გვიყვარს და გვენატრება ძველი ფილმები, მაგრამ შეეცადეთ, ნახოთ რაღაც ახალი, უჩვეულო, ეს ეხება ასევე წიგნებს, მუსიკას, შემოუშვით სიახლე თქვენს ცხოვრებაში, ,,გამოაღეთ სარკმელი და გაანიავეთ ოთახი”. თუ ასე არ მოვიქცევით, ეს ,,შმორის სუნი” (პირობითად) თანდათან გამოგვაცლის სასიცოცხლო ენერგიას.

საჭიროა ემოციების განახლება, რაც მოგვანიჭებს სიხარულს და კარს გაუღებს ბედნიერ მოვლენებს.