ჭირვეულ ბავშვებს თევზი აჭამეთ – ამ ფენომენს დიეტოლოგები მარტივად ხსნიან

ჭირვეულ ბავშვებს თევზი აჭამეთ - ამ ფენომენს დიეტოლოგები მარტივად ხსნიან,,სარკე”, ნათია ტოტიკაშვილი

იაპონელი ბავშვების უმრავლესობას იშვიათად აქვთ ზედმეტი წონის პრობლემა. ამ ფენომენს დიეტოლოგები მარტივად ხსნიან: იაპონური სამზარეულო ნაკლებად ცხიმიანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის.

იაპონელები საშუალოდ დღეში 58 გ ცხიმს იღებენ. ისინი კვებაში ერთ პრინციპს იცავენ – თევზი ხორცის ნაცვლად და ეს წესი ბავშვებზეც ვრცელდება. ყველაზე ცხიმიანი თევზიც კი არ არის ისეთი კალორიული, როგორიც, მაგალითად, ხბოს ხორცი და, რაც მთავარია, ჯანმრთელობისათვის თევზეული ხორცზე სასარგებლოა.

თევზი მდიდარია პროტეინებითა და ა, დე, ე, ბ12, ბ6 ვიტამინებით. ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმოვან მჟავა ომეგა 3-ს, რომელიც ორგანიზმს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისაგან იცავს, ამაგრებს ტვინისა და ნერვულ ქსოვილებს, ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის გაუმჯობესებას. როგორც დიეტოლოგები ირწმუნებიან, ზემოთ აღნიშნული მჟავები განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია ორსულებისა და ბავშვებისათვის.

თევზს ბავშვის ორგანიზმი იოლად ითვისებს და 100 გრამის მირთმევის შემთხვევაში საჭირო ცილების დღიური რაოდენობის ნახევარს იღებს. ცილებმა რომ სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს, თევზი ადუღებულ წყალში  ჩავყაროთ და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ. არ არის საჭირო 5 წუთზე დიდხანს  ხარშვა.

ფარისებრი ჯირკვლისთვის აუცილებელია ყოველდღიურად 150-200 მგ იოდი. ამისათვის საკმარისია დღეში 100 გ თევზი და შვილის ორგანიზმის სადღეღამისო ნორმას შევავსებთ.

სტრესისა და ნერვიულობის დროს ორგანიზმი მაგნიუმის დეფიციტს განიცდის. თუ შვილებს თევზეულს ვაჭმევთ, დამამშვიდებელ ეფექტს მოახდენს და ნაკლებჭირვეულიც იქნება.

ინგლისელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ომეგა 3-ით მდიდარი პროდუქტები ისევე მოქმედებს, როგორც დეპრესიის საწინააღმდეგო წამლები. ასე რომ, დეპრესიულ ბავშვებს თევზეული არ მოაკლოთ.