როგორ ვუშველოთ უძილობას

როგორ ვუშველოთ უძილობას,,სარკე”, აზა გაგოშიძე

უძილობას დღის რეჟიმის ,,ეშინია”. ერთსა და იმავე დროს დაწექით და ადექით დასვენების დღეებშიც კი. დასაძინებლად ოპტიმალური დროა 22:00-23:00 საათი. ძილი რეკომენდებულია 7-8 საათი. ვისაც 5 საათი ან ნაკლები და იმათაც, ვისაც 9 საათი ან მეტი სძინავთ, შრომისუნარიანობა და აზროვნებითი შესაძლებლობები დაქვეითებული აქვთ.

თუ თქვენი უძლობის მიზეზი ემოციური დაძაბვა ან გადაუჭრელი პრობლემებია, დღიური აწარმოეთ. დაწერეთ, რამ აგაღელვათ ან რამ გაგახარათ. ამგვარად ყურადღებას დადებით მომენტებზეც გაამახვილებთ და იოლად დაიძინებთ.

მაგნიუმი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც ძილის ხარისხზე გავლენას ახდენს. მისმა უკმარისობამ შეიძლება უძილობა გამოიწვიოს. ყოველდღიურად შეავსეთ მარაგი მაგნიუმით მდიდარი პროდუქტებით, როგორიცაა: თხილეული, თესლები, ბურღულეული (განსაკუთრებით წიწიბურა), ჩირი, პარკოსნები, ფოთლოვანი მწვანილი, საზამთრო. დღის მეორე ნახევარში უარი თქვით ყავაზე – ორგანიზმიდან მაგნიუმს რეცხავს.

უძილობის გამო შფოთვა უფრო მავნეა, ვიდრე თავად უძლობა. თუ სწრაფად დაძინება გიჭირთ, მოსინჯეთ რაიმე სასარგებლო საქმიანობა, წაიკითხეთ წიგნი, მოუსმინეთ მუსიკას. ნერევული სისტემა გაწონასწორდება და ძილისთვის განეწყობით.

საღამოს გვირილის ან მელისას ჩაი დალიეთ – მომადუნებელი ეფექტი აქვს.

ძილის წინ 3-5 წუთი ყურის ბიბილო დაისრისეთ. აქტიურ წერტილებზე ზემოქმედება მოდუნებაში დაგეხმარებათ.

ფეხები გაითბეთ. ჩაიცვით წინდები (რეზინი მოშვებული უნდა იყოს).

ძილისთვის ბუნებრივი ქსოვილის, თავისუფალი სამოსი შეარჩიეთ.

სინათლის ყველა წყარო გამორთეთ ან თვალებზე სინათლისგან დამცავი სახვევი გაიკეთეთ.

საწოლში თავთან ტელეფონს ნუ დადებთ – ელექტრომაგნიტური ტალღები ნორმალურად დასვენებას ხელს უშლის.

საწოლში ნუ იმუშავებთ, საწოლი მხოლოდ ძილისთვისაა.