როგორ მოვიქცეთ, თუ ფეხები და სახსრები გვტკივა

როგორ მოვიქცეთ, თუ ფეხები და სახსრები გვტკივა,,სარკე”, აზა გაგოშიძე

გამონაზარდების დროს ყოველ სამ დღეში ერთხელ: 3 ლიტრ ცხელ წყალში 1 ს.კ. საჭმელი სოდა გახსენით, დაუმატეთ 8-10 წვეთი 5%-იანი იოდის ხსნარი. აბაზანის ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 წუთისაა. შემდეგ ფეხები კარგად შეიმშრალეთ და მტკივან ადგილზე 5%-იანი იოდის ხსნარი წაისვით, დილით – ვაზელინი გადაისვით. ამ დროს კარგია მცენარეული და რძის დიეტის დაცვაც.

კარგია დინდგელის კომპრესებიც. დინდგელი ხელში დაარბილეთ, გამონაზარდზე დაიდეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ. პროცედურა ყოველდღიურად გაიმეორეთ.

ქუსლებზე ნახეთქებისთვის: 1 კვერცხი დაამტვრიეთ (ნაჭუჭიანად), დაასხით 100 მლ ძმრის ესენცია და 100 გ ნაღების კარაქი შეურიეთ. ბნელ ადგილზე 21 დღე დააყოვნეთ. ყოველ სამ დღეში კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მალამო დოლბანდზე წაუსვით და დახეთქილ ადგილებზე დაიდეთ, ზემოდან წინდა ჩაიცვით. პროცედურა 5 დღის განმავლობაში გაიმეორეთ. თუ წვის შეგრძნებამ შეგაწუხათ,  ფეხი კარგად გაიწმინდეთ.

ართროზის, ართრიტის, ნიკრისის ქარის დროს კარგია, თუ 2-4 კვირის განმავლობაში დღეში 3-5-ჯერ, ჭამამდე, ჭიქა წყალში გახსნილ 5%-იანი ვაშლის ძმრის 8-10 კოვზს დალევთ. თუ თორმეტგოჯას ან კუჭის წყლული გაწუხებთ, ვაშლის ძმრის რაოდენობა 3-5 ჩაის კოვზამდე უნდა შეამციროთ.

რეკომენდებულია სოჭის წიწვების ზეთის აბაზანები. 5-6 წვეთი სოჭის ზეთი ფეხებისთვის განკუთვნილ აბაზანაში ჩააწვეთეთ (აბაზანის ტემპერატურა 37-39 გრადუსი უნდა იყოს), წყალი იმდენი ჩაასხით, რომ ფეხი კოჭებამდე დაიფაროს. 15-20 წუთის შემდეგ ფეხებში სიმსუბუქეს იგრძნობთ, მოგეხსნებათ სტრესი, დაძაბულობა და დაღლილობის შეგრძნება. უფრო მეტი ხნით აბაზანის მიღება კუნთებს ადუნებს და დაძინებას უწყობს ხელს. მკურნალობის კურსი 12 აბაზანაა, შემდეგ 5-6 კვირა შეისვენეთ.