როგორ დავძლიოთ მორიდება და სიმორცხვე

როგორ დავძლიოთ მორიდება და სიმორცხვე,,სარკე”, აზა გაგოშიძე

რიდი, მორცხვობა, გაუბედაობა, გაწითლება არამხოლოდ ბავშვების თვისებაა. არასტანდარტულ მომენტებში დაბნევა, უხერხულობა, სიმორცხვე, სახის ალეწვა ზოგჯერ ბევრ მოზრდილ ადამიანსაც სჩვევია, მაგრამ თუ ეს მათი დამახასიათებელი თვისება გახდა, ეს უკვე ნამდვილი პრობლემაა.როგორ დავძლიოთ მორიდებულობა? არსებობს რამდენიმე მეთოდი.

გაიცინეთ – ისწავლეთ ,,შეკვეთით” სიცილი. ეცადეთ, სიცილი ბუნებრივი ჩანდეს. თქვენთვის უხერხულ სიტუაციებში გაიცინეთ ან ფართოდ გაიღიმეთ. ამგვარად ყურადღებას ,,დავალების” შესრულებაზე გადაიტანთ. თქვენი წაეშმაკება კი გარშემომყოფებს გაამხიარულებს და ერთად გაიცინებთ.

ტკივილზე გადაერთეთ – მორიდებულობა რაღაც მოვლენაზე წუთიერი რეაქცია არ არის. ყოველთვის გექნებთ ერთი-ორი წამი იმისთვის, რომ პროცესი საწყის სტადიაზე შეაჩეროთ. ამისთვის რაღაც მოიმოქმედეთ, ისეთი, რაც მსუბუქ ტკივილს აღძრავს, მაგალითად, კბილი კბილს დააჭირეთ, ფრჩხილებით ხელისგულს დააწექით, უჩქმიტეთ და ა.შ. მთავარია, თქვენი მოქმედება სხვებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს, ამიტომ ტუჩების მოკვნეტ-მოკუმვა არ ღირს. ორგანიზმი ტკივილზე ინსტინქტურად გადაერთვება და თქვენც ყურადღების კონცენტრაციას სხეულის მცირე მონაკვეთზე მოახდენთ. ამგვარად, თქვენთვის ამაღელვებელი სიტუაცია მეორე პლანზე გადავა.

აუტოტრენინგი – მოიფიქრეთ რომელიმე აფირმაცია, რომელიც დაგეხმარებათ, თავდაჯერებული გახდეთ. მაგალითად, ,,ყველა ადამიანს აქვს უხერხული მომენტები და ეს სრულიად ნორმალურია”, ან ,,ასეთი მომენტები ცხოვრებას ამრავალფეროვნებს და მოსაწყენ დღეებს აფერადებს”. კრიტიკულ მომენტში ეს ფრაზა გულში რმდენჯერმე გაიმეორეთ. ტვინი მასზე მაშინვე რეაგირებას მოახდენს და სახეს შესატყვის გამომეტყველებას მისცემს. თქვენი სიმორცხვე გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი დარჩება.

ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა – როგორც კი მორიდებულობის პირველ მაუწყებელს (პულსის აჩქარება, გულის ფანცქალი და სხვა) იგრძნობთ, მაშინვე ღრმად ჩაისუნთქეთ და იმავდროულად მხრები გაშალეთ. შემდეგ სრულად ამოისუნთქეთ (მხრები გაშლილი უნდა იყოს). ამით არამარტო დროს მოიგებთ, არამედ სავარჯიშოს შესრულებაზე გადაერთვებით. ამავე დროს გაშლილი მხრები ადამიანს აიძულებს, სიტუაციას მაღლიდან უყუროს. მაშასადამე, მორიდებულობა თქვენს შესახედაობას ვერაფერს დააკლებს.