,,მე და ჩემი ტყუპისცალი ძმები დავუნახივართ და წასულა იმქვეყნად” – წერილი გარდაცვლილ დედას

,,მე და ჩემი ტყუპისცალი ძმები დავუნახივართ და წასულა იმქვეყნად" - წერილი გარდაცვლილ დედასანზორ კაჭახიძემ წერილი მიუძღვნა დედას, რომელიც 20 წლის ასაკში მისი და მისი ძმების გაჩენისას გარდაიცვალა. 20 წლის გოგონამ სამ ტყუპს აჩუქა სიცოცხლე და იმქვეყნად გადაინაცვლა…
,,ყველა წერილს და, მით უფრო, მილოცვას ჰყავს თავისი ადრესატი. იციან, ვის სწერენ, რა უნდა მისწერონ. მე ერთ გოგონას მინდა, მივწერო, 20 წლის სტუდენტ გოგონას. ვერ ვწერ… არ ვიცი, რა მივწერო. რატომ არ ვიცი? ალბათ  იმიტომ, რომ ჩემთვის სრულიად უცნობია, მაგრამ ჩემი ყველა უჯრედისთვის მაინც ნაცნობი და მშობლიური.
დედაა ჩემი, მშობელი დედა.

მერე რა, რომ არასდროს მინახავს… მიყვებიან, რომ თავად ვყავართ ნანახი მე და ჩემი ტყუპისცალი ძმები. დავუნახივართ და წასულა იმქვეყნად. შეგვეხო თუ არა, ჩაგვეხუტა თუ არა, არავის ახსოვს!
მგონი, ვერ მოასწრო. ან კი რა უნდა მოესწრო 20 წლის გოგოს…
ოთხმა შვილმა გავაგრძელეთ იმ გაზაფხულიდან სხვა, მისთვის მოუსვლელი გაზაფხულებით ტკბობა.

ყველა გვეუბნება, რომ დედას ვგავართ. თუ გვეტყვიან, რომ ლამაზებიც ვართ, ამ სილამაზეს დედას ვუთვლით. მაინტერესებს კი, როგორი იყო დედაჩემი…
სხვისი მონაყოლი კი არა, ჩემი თვალით დანახული მინდა! ცოტა კი ვიცი, ვუყურებ ჩემს ძმებს…

მე არ მგონია, რომ დედას ვგავართ. დედა უფრო ლამაზი იყო, ვფიქრობ, მაგრამ ბებიაჩემს რომ ჩვენ სამის დანახვა თავის ქალიშვილს ახსენებს, ამას როგორ გავექცე?! რაც ვიცნობ, მას მერე სულ ცრემლებით აქვს თვალები სავსე, სასაცილო ამბებს რომ ყვება, მაშინაც ტირის!
გვიყურებს და ტირის… ჩავალ სოფელში და ის მეტყვის, რომ მისი მსხვერპლი ჩვენს სიცოცხლედ ღირდა”.

2018 წელი