,,იმ არაკაცმა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა, ჩემთან ბედნიერი არ იყო” – ნოველა

,,იმ არაკაცმა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა, ჩემთან ბედნიერი არ იყო" - ნოველა,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე, ,,ცვლილებების დრო”

ირმამ მძიმედ გაახილა თვალები. ხელისცეცებით თხელი პლედის ქვეშ ტელეფონი მოძებნა და ეკრანს დახედა. შეტყობინება ნაცნობი მამაკაცისგან იყო. წერილი არ გახსნა, საწოლიდან წამოდგა და იატაკზე უწესრიგოდ მიყრილი ქოშები ფეხებზე წამოიცვა.

საძინებლიდან აბაზანამდე რამდენიმე ნაბიჯი უნდა გაევლო, მაგრამ წინა ღამით ისე დაიღალა, ორიოდე მეტრის გავლაც ეძნელა. როცა აბაზანაში სინათლე ჩართო, პირველი, რაც დაინახა, საკუთარი გამოსახულება იყო. სარკიდან შუა ასაკს მიტანებული ქალი უყურებდა, თვალის უპეების გარშემო მკრთალი სიშავე ემჩნეოდა, დაღლა დასტყობოდა, თითქოს ყველა დარდი, რაც კი ამ დრომდე გამოიარა, მისი აბაზანის სარკეს შემოენახა და ახლა გამომწვევად ქალის სახეზე ირეკლებოდა.

ირმამ საღამური გადაიძრო, იატაკზე მიაგდო და წყლის თბილ ჭავლს სახე შეუშვირა. ერთხანს გაუნძრევლად იდგა. გრძნობდა, თანდათან ეხსნებოდა დაღლა, სიმსუბუქე იგრძნო. წინა ღამიდან შემორჩენილი ფრაგმენტები ნელ-ნელა გაცოცხლდა გონებაში:

უზარმაზარი ჭაღი და სითეთრე რესტორნის დარბაზში. ირმა შეხვედრაზე გვიან მივიდა. მოკლე, ღია ფერის კაბა ეცვა, წითელი ტუჩსაცხი მსხვილ, მომწვანო თვალებთან სასიამოვნო კონტრასტს ქმნიდა. როცა ირმა დარბაზში შევიდა, რამდენიმე მაგიდიდან უცნობმა მამაკაცებმა მისკენ გააპარეს თვალი. ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალი, ქალს თავდაჯერებულობას მატებდა.

– დიდხანს ვოცნებობდი ამ შეხვედრაზე, – ფეხზე წამოდგა მამაკაცი, რომლის მაგიდასაც ქალი მიუახლოვდა და თავაზიანობის ნიშნად სკამი გამოუწია, რომ დაჯდომაში დახმარებოდა.

ქალს საპასუხოდ არაფერი უქთვამს, კაბა შეისწორა და მიმტანს ანიშნა, ერთი ჭიქა წყალი მიეტანა.

– სიმართლე გითხრათ, ცოტა დაბნეული ვარ, არ მეგონა, თუ ამდენად ლამაზი იყავით, – კაცი შემკრთალი ჩანდა.

– შეიძლება 42 წლის ქალი ლამაზი იყოს? – გულგრილად იკითხა ირმამ, – სათანადო სიტყვა ვერ მოძებნე, რამაზ.

რამაზ ღამბაშიძე 27 წლის იყო, სიმპათიური გარეგნობის ახალგაზრდა. თეთრ მაისურში ნავარჯიშევი მკლავები იკვეთებოდა. ერთი შეხედვითაც ემჩნეოდა, რომ თავდაჯერებულობა აკლდა, მაგრამ ცდილობდა, ქცევის ნორმებისთვის არ გადაეხვია.

– ქალი ყველა ასაკში თავისებურად ლამაზია.

– კარგი, – ცოტა ღვინო მოსვა ქალმა და ჭიქა მაგიდაზე დადო, – მითხარი, ასე დაჟინებით რატომ გინდოდა ჩემი ნახვა.

რამაზი ფეხზე წამოდგა, შარვლის ჯიბიდან პატარა, წითელბაბთიანი ყუთი ამოიღო, შემდეგ ისევ სკამზე ჩამოჯდა, ყუთს თავი ახადა და ირმას გაუწოდა:

– ცოლად გამომყევი! – ყუთში ოქროს ბეჭედი ბრჭყვიალებდა.

ირმა შეკრთა, სიწითლე მოეძალა და გარშემო მიმოიხედა, ვინმე ხომ არ გვიყურებსო.

– ბეჭედი შეინახე და კარგად მომისმინე. 42 წლის ვარ, გათხოვილი, გასაგებია?

რამაზი სკამზე ისე გადაქანდა, თითქოს გვერდიდან ხელი ჰკრა ვიღაცამ.

– ბედნიერი არ ხარ, სხვა შემთხვევაში, ჩემთან მიმოწერას არ დაიწყებდი.

ირმამ ისევ ღვინის ჭიქას წამოავლო ხელი და ბოლომდე გამოსცალა.

– რამაზ, ის რეალური ცხოვრება არ არის, სოციალურ ქსელში ყველა თავისებურად ერთობა, თუმცა შენთვის არასოდეს დამიმალავს, რომ გათხოვილი ვარ.

– ასე არ გამოვა, ლამაზო!

სიმართლე რომ ითქვას, მსუბუქი ფლირტის უფლებას ქალი თავს ხშირად აძლევდა, თუმცა ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ ურთიერთობა მესიჯების ზღვარს არ გასცდებოდა და, თუ ვინმე წითელ ხაზს გადაკვეთდა, მაშინვე დაბლოკვის ღილაკით უშველიდა თავს.

რამაზის შემთხვევაში ასე არ მოხდა. როცა ირმამ გაიგო, რომ კაცი, რომელიც მას ინტერნეტით ესაუბრებოდა, 27 წლის იყო, მასთან ფლირტის გაგრძელება აღარ უფიქრია.

რამაზმა ეს მაშინვე იგრძნო და თავისი ,,გულისტკივილი” გაუმხილა, რომ ცუდად გრძნობდა თავს და სასწაფო ოპერაცია სჭირდებოდა. ირმამ თავი მოვალედ ჩათვალა, ახალგაზრდა ბიჭს მძიმე დღეების გადატანაში დახმარებოდა.

რამაზი ბედს უჩიოდა, ირმა ამშვიდებდა; რამაზი მის სილამაზეზე საუბრობდა (იმ ფოტოების მიხედვით, რომლებიც ქალს სოლიალურ ქსელებში ედო) და ირმაც მის ქათინაურებს იღებდა.

როგორც ბოლოს გაირკვა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ირმამ მშვიდად ამოისუნთქა და, როცა ახალგაზრდა მეგობარმა სთხოვა, ავადმყოფის მოსანახულებლად რამაზის სახლში მისულიყო, ირმა მიხვდა, რომ დრო იყო, „დედიკოს” როლიდან გამოსულიყო და წერტილი დაესვა სრულიად გაუმართლებელი ფლირტისთვის, მაგრამ დაბლოკვის ღილაკი ყოველთვის წარმატებით არ მუშაობს. სანამ ირმა ბიჭის წინაშე მორალური პასუხისმგებლობით ტკბებოდა, რამაზს მის შესახებ ყველაფერი გაერკვია და ქალს ახლა უკვე დაჟინებით სთხოვა შეხვედრა.

– არ მომწონს შენი ტონი, არც მღელვარების მიზეზი მესმის, – ირმას სასმელმა ვერ უშველა, მიხვდა, რომ საქმე უფრო რთულად იყო, ვიდრე თავად წარმოედგინა.

– ჩემი არასოდეს შეგეშინდეს, შენ შესახებ ყველაფერი ვიცი, მაგრამ ცუდად არ გამოვიყენებ, მხოლოდ ის მინდა, ცვლილებების არ შეგეშინდეს, გადწყვეტილება მიიღო და ჩემი გახდე.

– შენ ჯერ პატარა ხარ და ალბათ არ იცი, რომ ცვლილებები ასე არ იწყება. ერთად ვერასოდეს ვიქნებით, ეს დაიმახსოვრე.

– ვიქნებით, – რამაზმა ირმასთვის მიტანილ წყლის ჭიქას მთელი ძალით შემოაჭდო თითები და დარბაზში ისე მჭახედ გაისმა მსხვრევის ხმა, ირმას მოეჩვენა, რომ ნამტვრევებმა სახე დაუსერა.

– შეიშალე? – წამოიყვირა ქალმა და ფეხზე ადგომა დააპირა, მაგრამ კაცმა მკლავში ხელი ჩაავლო და ჩურჩულით უთხრა, – დაჯექი.

ირმა მის სურვილს დაჰყვა. კაცმა ქალის დამშვიდება დაიწყო, თან ცალი ხელით ბეჭდიან ყუთს ატრიალებდა.

– ბევრს არაფერს მოვითხოვ შენგან, მხოლოდ ერთგულება მჭირდება. მინდა, იქამდე იცოცხლო, სანამ სიბერით არ გარდაიცვლები, მე კი საყვარელი მეუღლის დაკარგვაზე დარდმა შემიწიროს, უშენობას რომ ვერ გადავიტან.

ირმა დაძაბული უსმენდა რამაზს. რაც მეტს ლაპარაკობდა კაცი, ქალს უფრო მეტად ეშინოდა მისი. უნდოდა, ამდგარიყო და გაქცეულიყო ან პოლიცია გამოეძახა, მაგრამ რამაზი თვალს არ აშორებდა. უცნაური გამოხედვა ჰქონდა – ღრმა, ლამაზი თვალები, რომლებშიც პერიოდულად სიგიჟე გაკრთებოდა ხოლმე. ირმას მოულოდნელად ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს თრობა მოეკიდა, ოღონდ სასმელის – არა. თითქოს ძილი მოერია, გამოსახულებები გაფერმკრთალდა და ქალმა უაზროდ გაიღიმა.

ირმას არ ახსოვს, როგორ გამოვიდა რესტორნიდან ან რა დრო გავიდა მას შემდეგ. მანქანის მკვეთრად დამუხრუჭების ხმამ გამოაფხიზლა. თვალები გაახილა და გვერდით რამაზი დაინახა, რომელიც ხმამაღლა იგინებოდა. ირმამ თავი წამოსწია და ნახა, რომ ხელჩანთაც იქვე ედო, ღია ჯიბიდან მობილური რეკავდა.

– უპასუხე, ძვირფასო, – ახალგაზრდა კაცმა ქალს გადახედა.

– სად ვართ? – იკითხა ირმამ მილეული ხმით.

– მალე გაიგებ, – მოკლედ უპასუხა მძღოლმა და კიდევ ერთ ორმოს რომ გადაუარა, ისევ აყვირდა, – რა გზებია, ვერ გაივლის ადამიანი!

ირმამ ფანჯრიდან გაიხედა, გარშემო მხოლოდ ხეები მოჩანდა, სიბნელე და ვიწრო, დიდი ხნის წინ მიტოვებული გაფუჭებული გზა, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაბურული სიღრმეებისკენ მიდიოდა.

– სახლში წამიყვანე, გთხოვ, – ქალს ხმა აუკანკალდა, ასე უმწეოდ თავი არასოდეს უგრძვნია. ახლა ის მართლაც პატარა, შეშინებული გოგო იყო, რომლის ბედსაც გერდით მჯდომი მამაკაცი განაგებდა.

– უკვე მივედით, – რამაზმა სევდიანად ჩაილაპარაკა.

ძლიერი ბიძგის გამო ირმა სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, მანქანა მკვეთრ აღმართზე აიჭრა და მაღალი მთის წვერზე გადაეკიდა.

– გადმოდი, – კაცმა ძრავი გამორთო.

ირმა სუნთქვაშეკრული იყურებოდა გარშემო, დარწმუნებული არ იყო, რომ, როცა კარს გააღებდა, მიწას შეეხებოდა ფეხით. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს მანქანა ჰაერში იყო გამოკიდებული.

– მოდი, ნუ გეშინია, – გაიღიმა რამაზმა და პირველი თვითონ გადავიდა მანქანიდან.

მთის მწვერვალიდან განათებული ქალაქი მოჩანდა, ქვემოდან კი სიბნელე იყურებოდა.

ღამბაშიძე ერთ ადგილზე გაჩერდა, თვალები დახუჭული ჰქონდა, თითქოს რაღაც ხმას აყურადებდა, გარშემო კი აუტანელი სიჩუმე იდგა.

– ორი დღე და ღამე ვეძებდი, ბოლოს პოლიციამ აქ იპოვა.

– ვინ? – ჩურჩულით იკითხა ირმამ.

– ოცი წლის იყო, – კაცმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და უცებ წარბები შეკრა, – ყვირის, შველას ითხოვს, გესმის?

– აქ არავინაა, გთხოვ, დამშვიდდი, – ირმა თვალებით გასაქცევს ეძებდა.

– ხო, არავინაა, ის მოკლეს, – რამაზს გამომეტყველება შეეცვალა, მოიხარა, მიწაზე დაემხო და ატირდა.

ახლა ზუსტად ის დრო იყო, როცა ირმას შეეძლო, გაქცეულიყო, კაცს მძევალისთვის არ ეცალა. რამდენიმე ნაბიჯი კიდეც გადადგა სიბნელისკენ, ზურგისკენ შეტრიალდა, რამაზი ისევ მიწაზე იყო დამხობილი. კიდევ რამდენიმე ნაბიჯი… ბოლოს შეჩერდა და უკან გამობრუნდა.

კაცმა ცრემლიანი თვალებით ახედა ქალს.

– ალბათ ბედნიერი არ იყო ჩემთან, სხვასთან წავიდა. ცოლს არასოდეს ვაკონტროლებდი. პოლიციამ თქვა, რომ იმ არაკაცმა ჯერ გააუპატიურა შემდეგ კი მოკლა. ბედნიერი არ იყო, ხვდები, ეს რას ნიშნავს?

– მესმის, მაგრამ უნდა დამშვიდდე. ამ ადგილზე აღარასოდეს ამოხვიდე, შემპირდი.

რამაზმა გაკვირვებით შეხედა ქალს. ცრემლები შეიმშრალა. განწყობა ისე შეეცვალა, თითქოს არაფერი მომხდარა. ჯიბისკენ ხელი წაიღო და პატარა ყუთი ამოაძვრინა.

– ცოლად გამომყვები?

ირმას სახეზე სიბრალული გამოესახა, თუმცა რამაზს არ დაუნახავს, ბეჭედს დასჩერებოდა.

– თბილისში დავბრუნდეთ და ამაზე იქ ვისაუბროთ, – ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა ირმა, მანქანის კარი გამოაღო და უთხრა, – დაჯექი.

კაცი უსიტყვოდ დაემორჩილა. მანქანა ფრთხილად ჩამოიყვანა ფერდობიდან, მაგრამ, სანამ მათი სავალი ვიწრო ბილიკი ცენტრალურ გზას შეუერთდებოდა, მანქანას პოლიციის ეკიპაჟმა გზა გადაუღობა. ოფიცერმა ირმა გადაიყვანა და გულდასმით შეათვალიერა.

– შეტყობინება მივიღეთ, შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით. თქვენ კარგად ხართ?

ქალი ერთ წამს შეყოვნდა, რამაზს გახედა, კაცს ხელები თავს ზემოთ აეწია. მეორე პოლიციელი სავარაუდო ეჭვმიტანილს ჩხრეკდა.

– მას არაფერი დაუშავებია, – უპასუხა ირმამ.

რამაზი უმისამართოდ იყურებოდა. ქალი გრძნობდა, რომ კაცი პოლიციას ვერც კი ამჩნევდა, ქარისგან მოტანილ ხმას აყურადებდა და გამალებით უცემდა გული.

– კარგია, რომ მოხვედით, მას ექიმის დახმარება სჭირდება.

.

ირმამ აბაზანის ონკანი დაკეტა და ფეხშიშველი, ტანზეშემოხვეული პირსახოცით საძინებლისკენ წავიდა, საწოლზე ჩამოჯდა, ტელეფონი აიღო და სასაუბრო გახსნა. მივლინებაში წასული ქმრისგან შეტყობინება ისევ არ იყო.

,,მადლობა ყველაფრისთვის, საოცარი ქალი ხარ, მალე ისევ შევხვდებით”, – წერდა რამაზი კლინიკიდან.

ირმას გაეღიმა, წერილი წაშალა და ტელეფონი საწოლზე მიაგდო, თვითონ კი გულაღმა მიწვა ბალიშზე. თვალდახუჭულს მრავალი წლის შემდეგ თავში პირველად გაუელსვა აზრმა – იქნებ მართლაც დროა, ცვლილებების…