დათო მაღრაძე: ,,გაოცებული ვიყავი ჯაბა იოსელიანის მამაცობით”

დათო მაღრაძე: ,,გაოცებული ვიყავი ჯაბა იოსელიანის მამაცობით",,სარკე”, ია ქუთათელაძე

თავისუფლების პოეტი, რომელიც აღვირს არ ემორჩილება – ასე მოიხსენიებენ საზღვარგარეთ დათო მაღრაძეს. აქვს საერთაშორისო აღიარება, უამრავი ჯილდო, წოდება, ლიტერატურული პრემია და ორდენი, რომელთა უმრავლესობა ისევ უცხოეთშია მიღებული და ცოტაც სამშობლოში.

არც ცილისწამება დაჰკლებია და არც ჭორები. მიუხედავად ყველაფრისა, ყოველი ლექსის სტრიქონი მისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. სწორედ ამ ნაბიჯებით გაკვალა გზა მკითხველთა გულებისკენ.

– ბატონო დათო, როგორც თქვენს ლექსშია – “დეტალებში ჩანს დიდი ამბავი” – მოდით, მოუყევით მკითხველს თქვენი ცხოვრების დეტალები. დავიწყოთ თავიდან.

– ბედნიერი ვარ და უფლის მადლობელი, რომ ქართულ ტრადიციულ ოჯახში დავიბადე. მამა, ელგუჯა მაღრაძე, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ბიოგრაფიული რომანების ავტორი და მთარგმნელი გახლდათ. მან და მისმა დამ, თამარმა, თარგმნეს დასავლეთ ევროპული ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებები – მაინ რიდის, ჯეკ ლონდონის, ჯონ გოლზუორთის, თომას მელორის, შარლოტე ბრონტეს, კონან დოილის და სხვათა რომანები. ვამბობდი ხოლმე, დასავლეთ ევროპულ ლიტერატურას მკითხველი ჩვენი ოჯახიდან ეზიარა-მეთქი.

მამა როცა “მნათობის” რედაქტორად დანიშნეს, პოეზიის განყოფილებას ოთარ ჭილაძე ჩაუდგა სათავეში, პროზას – არჩილ სულაკაური. პასუხისმგებელი მდივანი ედიშერ ყიფიანი იყო. მეგობრები სამუშაო საათების დამთავრების შემდეგაც ვერ ელეოდნენ ერთმანეთს და საღამოს ჩვენთან, ოჯახში აგრძელებდნენ ჭიქა ღვინის თანხლებით ლიტერატურასა და ქვეყნის ჭირ-ვარამზე საუბარს.

ეს იყო დაუვიწყარი საღამოები. ყმაწვილი კაცი ვიყავი, ეზოში თამაშიც მიტაცებდა და ბიჭური გასართობებიც, მაგრამ იმდენად საინტერესო იყო მათი მოსმენა, შემეძლო მათ გვერდით საათობით ვმჯდარიყავი.

თბილისის ოთხი სკოლა გამოვიცვალე. მინდოდა, ისე მესწავლა, ჩემი ღირსება არ შელახულიყო. არა, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, მაგრამ დაუმსახურებელი შენიშვნების და არასათანადო მოპყრობის ატანა არ შემეძლო. ეს უბრალოდ საბჭოთა სკოლაში დამკვიდრებული წესები იყო.

მიუხედავად ამისა, დღესაც განსაკუთრებული პატივისცემით ვიხსენებ ჩემი პედაგოგების უმრავლესობას. გამორჩეულად მიყვარდა ქართული ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ბურჯანაძე. სწორედ მას ვანდე ჩემი პირველი ლექსები.

ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ ბებია და პაპა – დედის მხრიდან. სამწუხაროდ, მამის მამა არ მახსოვს. მეორე ბებიას კი წმინდა ნინოს სახელობის სიღნაღის სასულიერი სემინარია ჰქონდა დამთავრებული და განსაკუთრებულად სათნო ქალბატონი იყო. ისინი დიდებული მე-19 საუკუნის სურნელს ატარებდნენ.

დედის მშობლებს კლასიკური გიმნაზია ჰქონდათ დამთავრებული. გამორჩეულები იყვნენ სიდარბაისლით, სიტყვა-პასუხით, განათლებით. ყოველ ზაფხულს მათთან ვატარებდი სოფელ ძეგვში, სადაც ხეკორძულა მტკვარს ერთვის. ვხუმრობდი კიდეც, არ ვიცი, სვეტიცხოველს როგორ ავაშენებ, მაგრამ ხეკორძულას წყალი მეც მისვამს-მეთქი.

– ლექსის დაწერა, რითმიანის ან თუნდაც თეთრის, ბევრს შეუძლია, მაგრამ, როდის იბადება პოეტი, რომლის სტრიქონები ძალიან ახლობელია მკითხველისთვის?

– როცა მოდის განცდა, რომ საიდუმლოს მონაწილე ხდები. ეს მსგავსია ევქარისტიის – პურისა და ღვინის სისხლ-ხორცად გარდაქმნის. ასევე იქცევა სიტყვები ლექსად. თუ პოეტი ხარ, ეს ამაღლებული მდგომარეობა არასდროს გტოვებს. ღელვა ისეთივე მაქვს, როგორიც მეშვიდეკლასელ ბიჭს მქონდა პირველი ლექსების წერისას. განსხვავდება განზრახვა, ინტერესები, იცვლება გარესამყარო, სათქმელი.

ხელოვანი ქმნის ღირებულებებს, ხელოსნები ქმნიან ამქარს, არსებობს მშობლიური ლიტერატურა და არსებობს მშობლიური მაკულატურა. მოხალისე მეტია, ვიდრე ნამდვილი ლიტერატურის შემქმნელი. ისინი ერთად, გუნდურად გამოდიან ავანსცენაზე – ბიჟუტერიის ხალხი, რომლებიც ერთმანეთს აძლებინებენ.

ხელოვანი მარტო მოდის, როგორც ოთარ ჭილაძის “გზაზე ერთი კაცი მოდიოდა”. შეიძლება თანამედროვე გენერაცია არ იყოს ისე მომზადებული, რომ უცებ აღმოაჩინოს, დააფასოს. თავის დროზე ასე გამორჩა თბილისს ფიროსმანი, პარიზს – მოდილიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი საერთოდ არ დაინახეს.

მთავარია, შენ არ გამოგრჩეს შენი ეპოქა და ეპოქას თუ გამორჩი, არა უშავს. თუ ღირებული ხარ, სხვა ეპოქა გიპოვის, გამოგარჩევს, შეიძლება საერთოდაც შენით დაათარიღოს ეპოქა და შენი ნაბიჯებით ჩაიაროს თავისი გზა.

ჩვენს ქვეყანას უამრავი გამოჩენილი ადამიანი, მწერალი, პოეტი ჰყავს, რომლებმაც დაწერეს ქვეყნის ისტორია, შედევრები შექმნეს, გვაზიარეს მარადიულ დღესასწაულს. ამ დღესასწაულისკენ მიმავალ გზაზე გამოსაღებ კარიბჭეს კი სახელური იაკობ გოგებაშვილმა შეაბა. სწორედ “აი ია”-თი იწყება ქართულ სიტყვასთან ზიარება. და თუ კარგად ჩეჭიდები ამ სახელურს და შეაღებ კარს, შეძლებ, გახდე ამ სასწაულის თანამონაწილე, შეისისხლხორცო წინაპართა ნაანდერძევი, ჩასწვდე სიღრმეებს და შეიგრძნო წამის მარადიულობა.

– როგორ ფიქრობთ, ქართული კულტურა და ქრისტიანობა სინონიმებია?

– ქართული კულტურა არის ქრისტიანული კულტურა არა – დოგმატიზმით, არამედ შინაარსით, გახსნილობით, თავისუფალი არჩევანით, ქსოვილით. ჩვენი კულტურული კოდი დაკავშირებულია ათ მცნებასთან, ათი მცნება კი არის ზნეობრივი კანონი და სწორედ ეს კანონი განსაზღვრავს შენს ქცევას და გაძლევს საშუალებას, დაინახო შენი შეცდომები. როცა ათი მცნების რევიზია იწყება, ეს არის ნიშანი, რომ იწყება ქარიშხალი, რომელიც ზიანს აყენებს ერის სულიერ მდგომარეობას.

მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, როცა ძველი დაჭაობდა და ახლის მოთხოვნა გაჩნდა, პროგრესის სახელით მოსულმა ბოლშევიკებმა ეს ახალი ისეთ მაცდურ საბურველში გახვეული მოგვაწოდეს, რომ უცებ მოვირგეთ და გავითავისეთ. არადა სიღრმეში დიდი ბოროტება იმალებოდა. მე-19 საუკუნის ნაღვაწისა და ნაშრომის ნგრევა 70 წლის განმავლობაში გაგრძელდა. დაიწყო ეროვნული ფასეულობების ფსევდოფასეულობებით შეცვლა. ეს იყო ათი მცნების საპირისპირო იდეოლოგია.

მაშინ რომ ბოლშევიკებმა წააქეზეს მოსახლეობა საზოგადოების წინააღმდეგ, ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება. ადამიანები დაარწმუნეს, რომ ის, რაც უნდა გეამაყებოდეს და ვინც გუშინ გეამაყებოდა, ის არის დამნაშავე იმაში, რომ დღეს თავად არ ხარ საამაყო. ამიტომ აიღეს ქვა და ჩაქოლეს საზოგადოების საუკეთესო შვილები.

დღემდე არ დამთავრებულა ქვების სროლა. მათი სულიერი შთამომავლები მუდმივად პიედესტალს ეძებენ, საიდანაც მუდმივად უნდა გვიქადაგონ, გვიკიჟინონ და ჩვენში ახალი ადამიანი აღზარდონ. ისინი გვთავაზობენ თავისუფლებას.

ეს, ერთი შეხედვით, სიკეთეა, მაგრამ თუ მათ აჰყვები, შეიძლება გაგათავისუფლონ თავად თავისუფლებისგან, ოჯახისგან, დედაშვილობისგან, მშობლებისგან და შეგძინონ მშობელი 1 და მშობელი 2. გაგათავისუფლონ მეგობრისგან და შეგძინონ პარტნიორი და შენ ხდები ახალი პროდუქტის, ტრენდის შვილი. არადა ტრენდი და მოდა წარმავალია, რწმენა და უფლის გზა – მარადიული. ხელოვანის დანიშნულებაც ეს არის – წვეთში ოკეანის არეკვლა, წამის მარადისობად ქცევა, ქრისტიანობაში რწმენის, მოქმედების, სულიერების თავისუფლების დანახვა.

ის, ვინც ჩვენ ღმერთად ვაღიარეთ, გოლგოთისკენ მიმავალ გზას ერთი თეთრი პერანგით მიუყვება. ქრისტე ცოდვებისგან გათავისუფლების გზას გვთავაზობს, ავაზაკი ბარაბა კი – თავისუფლების ნამცეცებს. ჩვენ, ადამიანები, ჩვენი საბანკო ანგარიშებით და კომერციული პროექტებით ბარაბას გზას გავდივართ. ვია დოლოროსას ერთი თეთრი პერანგი ეყოფა.

– საბანკო ანგარიშები – არა, მაგრამ თანამდებობა კი ნამდვილად გქონდათ და არც თუ პატარა- საქართველოს კულტურის მინისტრი ბრძანდებოდით.

– დიახ და ამ ჩემს თანამდებობას ბევრი ჭორ-მართალი ახლდა. სამოქალაქო ომი დამთავრებული იყო, ქვეყანას სახელმწიფო საბჭო მართავდა. ყველა თანამდებობრივ საკითხს შევარდნაძე-სიგუა-იოსელიანი წყვეტდნენ. მინისტრობის მსურველიც ბევრი იყო. კანდიდატებმა ერთმანეთი თავად ჩააგდეს. ბოლოს შევარდნაძეს უთქვამს, იქნებ ახალგაზრდა თაობაში იპოვოთ ვინმე, ძველ საქმეებში გაუსვრელი და კულტურასთან დაახლოებულიო.

ჩემთვის ფრიად პატივსაცემმა ელდარ შენგელაიამ შესთავაზა ჩემი კანდიდატურა და ჩვენი პირველი შეხვედრაც მაშინ შედგა. ნაცნობობა არც ჯაბა იოსელიანთან მაკავშირებდა. ჩემმა ძალიან ძვირფასმა უფროსმა მეგობარმა, შესანიშნავმა მწერალმა და დრამატურგმა, რეზო თაბუკაშვილმა, გამაცნო ჯაბა. ასე გადაწყდა ჩემი მინისტრობა.

ჩემი პროექტები მქონდა, გარკვეული მოსაზრებები და გეგმები. მინისტრის პორტფელი იოლი სატარებელი არ აღმოჩნდა. ჩემი დრო მთლიანად წაიღო. ჩემი და ხელისუფლების აზრები ერთმანეთს ასცდა და თანამდებობა საკუთარი სურვილით დავტოვე.

ჯაბა იოსელიანთან კი ამის შემდეგ გარკვეული მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ის უდაოდ მომხიბლავი ადამიანი იყო. მე მინახავს ის აფხაზეთის ომში და გაოცებული ვიყავი ამ ხანდაზმული კაცის საოცარი სიმამაცით. საინტერესო მწერალიც იყო. თუმცა ყოველთვის ვფიქრობდი და ვამბობდი, რომ მისი სახელმწიფო მეთაურად ყოფნა არ აღმაფრთოვანებდა. ხალხი კი, როგორც წისქვილი, ჭორ-მართალს ფქვავდა და ბრწყინვალე ქართველი პოეტის, აფხაზეთის ომის ვეტერანის, ბაადურ ბალარჯიშვილის, ლექსი “ჩემო გენერალო” ჩემ შექმნილად ჩათვალეს. ამით ცდილობდნენ ლექსისთვის გეოგრაფიაც და ავტორიც შეეცვალათ.

– თქვენი პოეზია და საოცარი მუხტის მატარებელი ლექსები კარგად არის ცნობილი უცხოეთში და უამრავი პრემიის, ჯილდოს მფლობელიც ხართ. ამაზეც ვისაუბროთ.

– ჩემი რამდენიმე ლექსი პირველად გენუის ფესტივალზე გაჟღერდა, რომლებიც შესანიშნავმა ქართველმა ქალბატონმა, ბრწყინვალე ლიტერატორმა და ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, ნუნუ გელაძემ და იტალიელმა ამელია ბელორამ თარგმნეს. მიღებული მაქვს ჯაკომო ლეოპარდის პირველი პრემია და ოქროს მედალი. სალვატორე კვაზიმოდოს პრემია, დანტე ალიგიერის საზოგადოების ოქროს მედალი, რომელიც გადმოგვეცა მე, ქალბატონ ნუნუ გელაძეს და ჩემს სამშობლოს, რომელსაც განასახიერებდა ჩვენი ელჩი იტალიაში – კოტე სურგულაძე. ბურბო-ნების სამეფო სახლმა დამაჯილდოვა რაინდის პირველი ხარისხის ტიტულით და წმინდა გიორგის ორდენით.

ჩემი ლექსები თარგმნილია იტალიურად, ინგლისურად, უნგრულად, გერმანულად, თურქულად, არაბულად. არ მიბრძოლია, რომ ჩემი შემოქმედების პოპულარიზაცია უცხოეთში მომხდარიყო. ამაში იღბალი დამეხმარა. არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან თუ სამეფო ოჯახთან პირადი ნაცნობობა არ მქონია. თავისთავად მოხდა, ლექსებმა თვითონ იპოვა მკითხველიც და დამფასებელიც.

პოეზიას და ხელოვნებას არ აქვს საზღვრები. თუ შენი სათქმელი დროულია, თანამედროვე და სხვათა სათქმელის შემცველი, არ დაიკარგება.

ამპარტავნებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ლექსის სტრიქონები – “მე ამოვკენკავ თქვენთვის სამშობლოს ამ სანაგვედან, როგორც მამალი” – იტალიაში, როკა იმპერიალეს კედლის ფილაზეა ამოტვიფრული და მსოფლიო კლასიკოსების ფილების გვერდითაა განთავსებული. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა სტრიქონები ორ ენაზეა შესრულებული – ქართულად და იტალიურად.

ჩემი ლექსები ითარგმნა ოსურ და აფხაზურ ენებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ თარგმანი შეასრულეს ეთნიკურად ოსებმა და აფხაზებმა. ოსურად ქალბატონებმა, ნაირა ბეტაევამ და მერი ცუხურბათმა თარგმნეს, აფხაზურად – ირმა ოსიამ და მინაზ ლაზბამ. ისინი ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერტიტორიებზე და ფაქტობრივად რისკის წინაშე დადგნენ.

პირველი პრეზენტაცია კი ჩერქეზული კულტურის ცენტრის ინიციატივით (ჩერქეზულადაც ითარგმნა), სამივე ენაზე იორდანიაში გაიმართა. პრეზენტაციას დიდი რეზონანსი ჰქონდა.

რუსეთის იმპერიამ პირდაპირ მიიტანა იერიში და ჩაშლა გადაწყვიტა. რუსეთის საელჩოს კონსული, მოჰამედ დაგესტანი, თავის ემისრებთან ერთად შემოიჭრა შენობაში და გვემუქრებოდა. ჩვენმა ელჩმა იორდანიაში, ზაზა კანდელაკმა, დიდი მხნეობა და დიპლომატიური შემართება გამოიჩინა და ფაქტობრივად პრეზენტაცია გადაარჩინა. ასე იყო ოდითგან, პოეტი ყოველთვის იდგა იმპერიის საწინააღმდეგოდ და ბევრ შემთხვევაში გამარჯვებული გამოდიოდა.

მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლებისგან შეუმჩნეველი დარჩა ესოდენ მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ოსების, აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის აღდგენას წაადგება. მთარგმნელების შრომა უბრალო სამადლობელი სიტყვითაც არ დაუფასებიათ. თუმცა, რაც ხელისუფლებას გამორჩა, საზოგადოებას არ გამორჩენია და ილია ჭავჭავაძის ფონდმა ისინი პრემია “საგურამოთი” დააჯილდოვა.

ეს აუცილებლად უნდა გაეკეთებინა საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ ზურაბიშვილს, რომლის “გაპრეზინდენტებაში” მეც მიმიძღვის ჩემი მოკრძალებული წვლილი. როცა არჩევნების პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა, მაშინ ვუთხარი, ეს კარგიც კი არის, ახლა ჩვენ, უპარტიო მოსახლეობა, ჩავერთვებით არჩევნებში, გადავტეხავთ სიტუაციას და თქვენ გახდებით მთელი საქართველოს პრეზიდენტი, პასუხისმგებელი მთელი მოსახლეობის წინაშე და არ იქნებით რომელიმე პარტიის წარმომადგენელი-მეთქი.

სამწუხაროდ, ზურაბიშვილმა ვერ ან არ გააცნობიერა ეს და დარჩა ,,ქართული ოცნების” პრეზიდენტად. ალბათ ამიტომაც ვერ შეძლო მან ასეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენის შეფასება. საქმე რადგან ჩემს წიგნს ეხებოდა, პარტიის ხელმძღვანელობისგან საყვედურს მოერიდა და მთარგმნელების მიმართ ყურადღების გამოხატვა საჭიროდ არ ჩათვალა.

– პირადზე საუბარი არ გიყვართ, მაგრამ იქნებ მაინც მითხრათ ორიოდე სიტყვა ოჯახზე, სიყვარულზე, ქალზე.

– მე ისიც არ მიყვარს, რომ თავად გავხდი საჯარო და ხშირად ვდგავარ სამსჯავროზე. ჩემს ოჯახს არასოდეს დავაყენებ სხვათა დასანახად სცენაზე. მყავს მეუღლე, ორი ქალიშვილი, შვილიშვილები. მიყვარს, ვუყვარვარ. მთავარი ურთიერთნდობაა.

ქალს რაც შეეხება, ჩემს წიგნში ,,AVE EVA” არის ასეთი სტრიქონები: ,,და რადგან მომცა ღიმილი ევამ, კიდობნის საშვი არ მომცა ნოემ, მას შემდეგ ევას სხეულის რხევას ვატანოებ და ვატატანოვებ”, ,,შემამკეს, როგორც ცეცხლის თალიბი, შემომიტიეს პრესის აქტივით და შენი კოცნა, როგორც ალიბი, სასამართლოზე დავდე ფაქტივით”.

– დაბოლოს, გვასწავლა რამე მსოფლიო პანდემიამ?

– ამპარტავნებაშია კაცობრიობა. “ქართლის ცხოვრებაში” არის საუცხოო ფრაზა – ,,ცოდავათა ჩვენთა გამო”. განგებამ კიდევ ერთხელ გაგვახსენა, როგორი უმწეოები ვართ ღვთის წინაშე. მთელი განვითარებული კაცობრიობა ებრძვის უხილავ ვირუსს და ვაქცინა არ ჩანს. ამიტომ “დურგლებო, მაღლა ასწიეთ ჭერი, თქვენი სიმაღლის არ დაიჯეროთ”. რაც პოლიტიკამ სახე დაგვაკარგვინა, იქნებ განსაცდელმა გვაპოვნინოს.