ლანჩხუთელმა მაშველებმა დილით ცოლი გადაარჩინეს, საღამოს – ქმარი – ,,ტორტი მოგვიტანეს, წარწერით ,,მაშველი გიშველის”

ლანჩხუთელმა მაშველებმა დილით ცოლი გადაარჩინეს, საღამოს - ქმარი - ,,ტორტი მოგვიტანეს, წარწერით ,,მაშველი გიშველის"ლანჩხუთელმა მაშველებმა დილით ცოლი, საღამოს ქმარი გადაარჩინეს!

შემთხვევა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოხდა. ერთ-ერთმა მაშველმა ,,გურია თუდეისთან” ისაუბრა:
-გავაფრთხილეთ ადამიანები, რომ ზღვაში არ შესულიყვნენ, მაგრამ, როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, ნაკლებად გვიჯერებენ. ის იყო, ზღვაში შესაბამისი ფერის ალმები აღვმართეთ, რომ შტორმის გამო წყალში შესვლა აკრძალული იყო, დახმარებისთვის მოგვმართეს მოქალაქეებმა. ახალგაზრდა ქალბატონი შევლას ითხოვდა.

უცებ გავეშურეთ შემთხვევის ადგილზე და ეს მოქალაქე სამშვიდობოს გამოვიყვანეთ. საღამოსაც ძლიერი ღელვა იყო და კიდევ ერთხელ დასჭირდათ ჩვენი დახმარება. ამჯერად მამაკაცი ითხოვდა შველას. უცებ მივვარდით, ალბათ, ნახევარი წუთი რომ დაგვგვიანებოდა, ვინ იცის, რა მოხდებოდა.

დილით გადარჩენილი ქალბატონი და საღამოს გადარჩენილი მამაკაცი ცოლ-ქმარი აღმოჩნდნენ. ბავშვი ჰყოლიათ მაგნიტური ქვიშის სამკურნალო თვისებების გამო ჩამოყვანილი და კინაღამ ტრაგედია დატრიალდა მათ თავს. გავიდა ორი დღე და მოულოდნელად სამაშველო კოშკურასთან ეს ცოლ-ქმარი გვესტუმრა, ფოთელები აღმოჩნდნენ, მადლიერების ნიშნად ტორტი მოგვიტანეს, წარწერით – ,,მაშველი გიშველის”.

მაშველის თქმით, ბოლო 10 დღეში 15-მდე ადამიანი გამოსტაცეს ზღვის ტალღებს. მათგან ერთი ეპიზოდი იყო გამორჩეული:

-კახეთიდან იყვნენ ჩამოსულები, სულ ოთხნი და ცოტა ნასვამები შესულან ზღვაში. ერთ-ერთი ცუდად გახდა და შველას ითხოვდა. ჩვენი ბიჭები ცოტათი მოშორებით იყვნენ, დანარჩენმა სამმა მიშველება გადაწყვიტა და ისინიც აღმოჩნდნენ ცუდ დღეში. სირბილით გავიქეცით, ტელეფონი თუ რაც თან გვქონდა, გზადაგზა გადავყარეთ, რომ არ დასველებულიყო. ამასობაში სკუტერიც მოვიდა და 4-ვე სამშვიდობოს გამოვიყვანეთ. დამსვენებლებმა მოგვიგროვეს სანაპიროზე დაყრილი ჩვენი ნივთები და მოგვიტანეს.

ლანჩხუთელმა მაშველებმა დილით ცოლი გადაარჩინეს, საღამოს - ქმარი - ,,ტორტი მოგვიტანეს, წარწერით ,,მაშველი გიშველის"