თეა ჩეჩელაშვილი: ,,მეც ვიყავი სამოთხეში ევა”

თეა ჩეჩელაშვილი: ,,მეც ვიყავი სამოთხეში ევა",,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

ქუთაისელი ჟურნალისტი, თეა ჩეჩელაშვილი 20 წელზე მეტი იყო  ჟურნალისტიკაში, ცოტა ხნის წინ კი საყვარელი საქმე მიატოვა. ამის შესახებ ,,სარკეს” ესაუბრა.

_ თეა, ხომ არ ნანობთ ჟურნალისტიკიდან წასვლას?

– სინანულს ვერ დავარქმევდი, ეს უფრო  მონატრებაა. როცა ძალიან მომაწვება პუბლიკასთან ურთიერთობის სურვილი, ჩემს ძველ გადაცემებს ვუყურებ, რომლებიც ბლომადაა ინტერნეტში ან ფეისბუქ ლაივებს ვრთავ. რაღაცნაირად მგონია, რომ 23 წლის შემდეგ ტრანსფორმაციის დრო დადგა.

– ახლა თავს რით ირჩენთ?

– ღმერთის და კეთილი ადამიანების დახმარებით. ისე, ჩემი ახალი პროფესიაც მეხმარება, ტაროლოგიაში ძალიან შევიჭერი და, როგორც იტყვიიან, ამასაც თავისი წილი შემოაქვს ჩემი ცხოვრების საყოფაცხოვრებო ყულაბაში.

– ტაროლოგია რას გვეუბნება, როდის გადაივლის ეს ნეგატიური ამბები (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში, პანდემიის დროს)?

– ეს ისტერიკა ერთი დიდი აფერის რაუნდი მგონია, რომელსაც ადამიანთა ფსიქომონობისკენ უფრო მივყავართ, ვიდრე კოვიდ-19-ით გამოწვეულ ლეტალურ შედეგებამდე. ამაზე ბევრი მაქვს სათქმელი და ერთი ინტერვიუ ნამდვილად არ ეყოფა.

ერთი ეს ვიცი, დადგება დრო, ყველაფერი  გაიშიფრება და სრულ სიმართლეს შევიტყობთ. არ შეგეშინდეთ! იცხოვრეთ ერთმანეთისთვის. ერთიმეორეს რწმენით გაუგზავნეთ ნუგეში და ნებისმიერი ფორმით – თანადგომა. სამყაროში  ყველაფერი ბრუნავს და აუცილებლად უკან მოგიბრუნდებათ სიკეთის დიდი დოზით.

– მუდმივად პეპლები დაფრინავენ თქვენს თვალებში. საინტერესოა, რა განაპირობებს თქვენს  მუდმივ სიკეკლუცეს?

– ასეთი მერე არ შევქმნილვარ, ეტყობა, პეპლებით და ჭიამაიებით დავიბადე. მთავარია, ჯერ ტარაკნები და ყვავები არ აფრენილან ჩემი წამწამებიდან. ადამიანებისთვის საჩუქრებს ღმერთი აბალანსებს. ზოგს ბევრ სიმდიდრეს აძლევს, ზოგს – კარგ ჯანმრთელობას და ზოგსაც – გახანგრძლივებული სიკეკლუცის შნოს.

ერთი ეს ვიცი, რომ არ ვპოზიორობ, შინაგანად მართლა ასეთი ვარ. როგორც კი თამაშს ვიწყებ, მაშინვე იმ უნიჭო არტისტივით ვწითლდები, რომელსაც სცენაზე ტექსტი დაავიწყდა, სუფლიორს კი ჩაეძინა.

– ქალი კაცის გარეშე ბედნიერია?

– ქალს გააჩნია. ვიცნობ ქალებს, რომლებსაც, სხვების ცხოვრების თვალის დევნების გარდა, ჰობიც კი არ აქვთ. ვიცი ქალები, რომელთა მთავარი საფიქრალი შვილები არიან, ზოგიერთისთვის კი – ახლგაზრდა ან ფულიანი საყვარელი. მოკლედ, როგორც ერთი ძველი ,,ჩეკისტი” ამბობდა: “ზოგიერთებისთვის სიამოვნება რევოლუციური  ბრძოლებია, ზოგისთვის კი ხულიგნობა”.

– კაცის გამო რაიმე სიგიჟე ჩაგიდენიათ?

– გააჩნია, სიგიჟეს ვინ როგორ აკვალიფიცირებს. მე მგონია, რომ სიყვარული ბედნიერებით შერაცხულთა სამოთხეა. მეც ვყოფილვარ აქ ევა და ადამს ვაშლი ჩემი ხელიდან მიურთმევია. ამაზე მეტი სიგიჟე რაღა გინდათ?! ისე, იმ ედემიდან სულ მდევნიან ჩემი დიდი მზრუნველობის გამო. მერე ვწერ ლექსებს და ვიკეთებ ტატუს.

– თქვენი შვილები რას საქმიანობენ?

– 28 წლის და 27 წლის ვაჟების დედა ვარ. უფროსი შვილი, ანრი, უკვე სამართალმცოდნეობის დოქტორია, გასულ ზაფხულს ოჯახი შექმნა. უმცროსი, გიორგი, სადაზღვეო კომპანიაში მუშაობს. დიდად არც ერთი შვილი არ მგავს და ვისთან  გავაპროტესტო, არ ვიცი.

– ქუთაისური კომპლექსებიდან გამომდინარე, რას ამბობენ ვაჟები თამამ დედაზე?

– არ მახსოვს, რომ შვილებისგან მსგავსი შენიშვნები მიმეღოს. ისე გავზარდე, კარგად  შევაგნებინე, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდია და თავისუფლებისთვის არის შექმნილი.

ეს აუცილებლად უნდა იყოს მორალური კოდექსით განსაზღვრული ნორმები, რომლებსაც ოჯახში ტრადიციულად მკაცრად ვიცავთ და მისი დამრღვევი, ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენ შორის აღმოჩნდეს.

დანარჩენი, უბრალოდ, გარეგანი ეფექტია. ვისაც ჩემი თამამი გარდერობი და პუბლიკისთვის განკუთვნილი რეპლიკები არ მოსწონს, შეგუება და საკუთარ თავში გადახარშვა მოუწევს.

– კორონავირუსის ეპიდემია რომ ჩაივლის, პირველს რას გააკეთებთ?

– პირველი, სადაც გადარეული მივვარდები, ქალთა ფიტნესკლუბია. ვარჯიში სიგიჟემდე მენატრება.

_კორონავირუსმა ხომ არ შეგაშინათ?

– ბუნებით მშიშარა არ ვარ და დაღრეჯილობას არ ვემონები. 6 წლის წინ ასე გადავლახე ვერაგი  ნევროზი და ახლა ისე ვარ გამობრძმედილი, ზუსტად ვიცი, რა უნდა მოვიმოქმედო, რომ ფობიამ თავის ბრჭყალებში არ მომაქციოს. ამ ვირუსზეც ამას ვიტყოდი – არ მეშინია!

ეს დათრგუნული და უვადო შვებულებაში გასული დედამიწა უფრო მაწუხებს და მაშინებს. მეჩვენება, რომ ყველანი დიდ კინოდარბაზში შეგვრეკეს, სადაც იძულებით გვაყურებინებენ მისტიკურ ტრილერს, რომლის თითოეული სერია ჩვენი უფერული და დაზაფრული დღეებია.

– უჯერებთ მთავრობას და ექიმებს, რჩებით სახლში?

– მინდა, გულახდილი ინტერვიუ გამოგვივიდეს, ამიტომ მირჩევნია, მხოლოდ სიმართლე გითხრათ. ბოლომდე ვერ ვარ “დარჩისახლელი”. რაღაც ექსტრემალური თამაშიც მოვიგონე, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა დიდ ფსიქოთავსატეხს მიჩენს. 9 საათს, ანუ კომენდანტის საათის დაწყებას  რომ დაახლოებით 90 წუთი უკლია, ბოტასებს ვიცვამ, ყურსასმენებს ვიკეთებ და საყვარელი მუსიკის ფონზე ქუჩებს მივუყვები.

დროს ორად ვყოფ და ზუსტად ვიცი, რამდენი წუთი უნდა მოვიტოვო უკან დასაბრუნებლად. მერე კი, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, 9 საათს სახლში ვხვდები.

– როგორც სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოებიდან ჩანს, თქვენ კი ხართ სახლში, მაგრამ  მეგობრები გსტუმრობენ. არ გეშინიათ?

– მეგობრების არასოდეს უნდა გეშინოდეს, მათ შორის – არც ასეთ ექსტრიმში. ეს შეიძლება ბევრისთვის სადაო თემაა, მაგრამ ჩემთვის ასეა. ყოველთვის მჯერა, რომ მოსახდენი უნდა მოხდეს და ხდება კიდეც.

ამ ბოლო დროს სულ ის ანეკდოტი მახსენდება, ჭიჭიკია რომ საბავშვო ბაღში ემალებოდა სიკვდილს, მან კი მაინც მიაგნო ბავშვებთან ფაფის საჭმელად დამჯდარ წინსაფრიანს. მხარზე ხელი დაადო და ღიმილით უთხრა, ჭამე, ჭამე და მერე წევიდეთ ნანაშიო.

ვფიქრობ, რომ ჩვენი ხსნა რწმენაშია. სასოწარკვეთას და პანიკას არ უნდა მივეცეთ. ზუსტად ეს შიშია უარყოფითი ენერგიის  რეზერვუარი და იმუნიტეტის დაუძინებელი მტერი. დასუსტებული ორგანიზმი კი სნეულებებს  მარტივად ნებდება.

მეტსაც გეტყვით, ახლა ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება, ეგოიზმი დავივიწყოთ და ერთმანეთისთვის მოვიცალოთ. ეს კორონა კაცობრიობისთვის პირდაპირი ტესტია, თუ  როგორ ჩააბარებს ჰუმანურ გამოცდას.