მოციმციმე თვალების საიდუმლო – ნაადრევმა ნაოჭებმა რომ არ შეგაწუხოთ

მოციმციმე თვალების საიდუმლო - ნაადრევმა ნაოჭებმა რომ არ შეგაწუხოთ,,სარკე”, აზა გაგოშიძე

გადაღლილობა, სტრესი და ნერვიულობა თვალების ირგვლივ ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს. იმისათვის, რომ ეს არასასიამოვნო მოვლენა თავიდან აიცილოთ, რამდენიმე პატარა საიდუმლოს ცოდნაა საჭირო.

1. დიდი მნიშვნელობა აქვს ბალიშის შერჩევას. დიდი ზომისა და მაღალი ბალიში შესაძლოა, თვალების ირგვლივ ნაოჭების წარმოქმნის მიზეზი გახდეს. სასურველია ბალიში თხელი და საშუალო ზომის იყოს.

2. თვალები ახალგამოღვიძებულმა არავითარ შემთხვევაში არ დაისრისოთ. ამით თავად შეუწყობთ ხელს ნაადრევი ნაოჭების გაჩენას.

3. ლოგინიდან ადგომისას სახე გვირილის ან პიტნის ნახარშის ყინულით დაიზილეთ, შემდეგ კი მკვებავი კრემი წაისვით.

4. ტრანსპორტში წიგნის კითხვას მოერიდეთ.

5. თუ სამუშაოს შესრულებისას შეატყვეთ, რომ თვალები აგეწვათ ან აგტკივდათ, მათ დასვენების საშუალება მიეცით – რამდენიმე წუთით დახუჭეთ და მოდუნდით.

6. მზიან ამინდში, როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში, სათვალე უნდა ატაროთ.

7. რეგულარულად გაიკეთეთ თვალების გარშემო მასაჟი.

8. შეამოწმეთ იმ კოსმეტიკური საშუალებების ანოტაცია, რომლებსაც იყენებთ. იქ აუცილებლად უნდა ეწეროს, რომ ოფთალმოლოგიური კონტროლი გავლილი აქვს.

9. სასურველია, სპეციალურად თვალებისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური საშუალებები გამოიყენოთ. რაც უნდა ძვირადღირებულ დღის მკვებავ კრემს ხმარობდეთ, თვალების ირგვლივ სპეციალური საშუალებები წაისვით.

10. თუ თვალის უპეები გისივდებათ ან ლაქები აღგენიშნებათ, ასეთი სავარჯიშო ჩაატარეთ – ღრმად ჩაისუნთქეთ, საჩვენებელი თითი თვალებისა და ცხვირის ძგიდეს შორის არეზე დააჭირეთ, შემდეგ აუშვით, შემდეგ ისევ დააჭირეთ. ასე 5-7-ჯერ გაიმეორეთ. ეს თვალებისთვის კარგი მასაჟია.

11. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მაკიაჟის მოცილებას. ეცადეთ, ლოსიონით ან სპეციალური საშუალებით ისე მოიშოროთ, რომ კანზე ცხიმის ფენა არ დაგრჩეთ.

12. თუ ლინზებს იყენებთ, სახის გაწმენდის დროს მათი მოცილება აუცილებელია.

13. ყველაზე მეტად თვალებს ულტრაიისფერი და წითელი გამოსხივება ღლის.