,,მასტერშეფში” სერგო ოვჩარენკომ გაიმარჯვა – როგორ აღმოჩნდა მოკრივე კულინარიაში – „მომავალი მეუღლე რესტორანში გავიცანი, ის მიმტანი იყო”

,,მასტერშეფში" სერგო ოვჩარენკომ გაიმარჯვა - როგორ აღმოჩნდა მოკრივე კულინარიაში - „მომავალი მეუღლე რესტორანში გავიცანი, ის მიმტანი იყო",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

კულინარიული ტელეშოუ „მასტერშეფის“ გამარჯვებული სერგო ოვჩარენკო გახდა. მას პრიზად თბილისში ბინა ერგო.  ის კრწანისის რეზიდენციაში მზარეულად მუშაობს, სახლში შეფმზარეულობას მეუღლეს უთმობს. ამბობს, რომ ცოლი მის შენიშვნებს არ ითვალისწინებს, მაგრამ ამაზე არ ბრაზდება და მის ნახელავს გემრიელად შეექცევა.

სერგო ოვჩარენკო კულინარიით ბავშვობიდან დაინტერესდა. სპეციალურ კოლეჯში ყველა პროდუქტის ,,ანატომია” შეისწავლა და ახლა ამ პროფესიას ისე უყურებს, როგორც მეცნიერების ერთ-ერთ დარგს, რომელსაც განვითარება სჭირდება. სერგოსთან ინტერვიუ ,,სარკემ” მანამდე ჩაწერა, სანამ ფინალში მოხვდებოდა. თუ როგორია მისი ცხოვრება, ამაზე ქვემოთ.

__ სერგო, როდის და რატომ დაინტერესდით კულინარიით?

_ ეს ჩემი ბავშვობის გატაცებაა. დედას მზარეულობა ძალიან კარგად გამოსდის და ალბათ გენეტიკითაც გადმომეცა. ხშირად ვამზადებდი სახლში და მეგობრებს ვეპატიჟებოდი. ჭამაც ძალიან მიყვარს და კერძების კეთება ალბათ ამიტომაც მიყვარდა. შეუძლებელია, მომზადება გიყვარდეს და ჭამა _ არა. კარგ მზარეულს კარგად ჭამა უნდა უყვარდეს.

20 წლის ვიყავი, პროფესიულ კოლეჯში რომ ჩავაბარე. კულინარია ძირფესვიანად იქ შევისწავლე. ამზარეულოში წარმატების მიღწევას შრომა განაპირობებს. გემოს აღქმის და სხვა რაღაცების სწავლა კი შესაძლებელია. პირის გემოსაც გამოიმუშავებ. თეორიული ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ ძირითადი მაინც პრაქტიკაა. ყველა კარგ მზარეულს დიდი შრომა აქვს გავლილი.

ძალიან მონდომებული ვიყავი, დილიდან ღამემდე კოლეჯში ვსწავლობდი, რამდენიმე ჯგუფის ლექციებს ვესწრებოდი. სწავლის მერე მარტივად ვიშოვე სამსახური. მაშინვე გუდაურის სასტუმროში დავიწყე მუშაობა. მერე იყო ქობულეთი. ზამთრის სეზონზე გუდაურში ვიყავი და ზაფხულში _ ზღვაზე. სეზონური სამსხური დიდი გამოცდილება იყო.

__ პრეტენზიული მჭამელი ხართ?

_ ჭამა კი მიყვარს, მაგრამ პრეტენზიული არ ვარ. შეიძლება ბევრი ისეთი რამ მომეწონოს, რაზეც პროფესიონალ მზარეულს ბევრი შენიშვნა ექნება. არ ვეტყვი კერძის შემქმენლს, რომ არ გამოუვიდა. ან ვცდილობ, რაც შეიძლება რბილად ვუთხრა.

__ ანუ მასტერშეფობა არ გამოგივათ? იმდენ შენიშვნას იძლევიან და ისე უხეშად…

_ მერიდება, კონკრეტული შეცდომა პირდაპირ მივუთითო. არ ვთვლი, რომ კარგი შეფმზარეული აუცილებლად მკაცრი მასწავლებელი უნდა იყოს. პირიქით, თბილი კომუნიკაციით შეიძლება უკეთესი შედეგი დადგეს, თუ მოსწავლესთან საერთო ენას გამონახავ. მკაცრად თქმა და ყვირილი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ვინც მასწავლიდა, ყველას დიდი მოთმინების უნარი ჰქონდა, არ ყვიროდნენ და მათ ნათქვამს კარგადაც ვიგებდი.

__ თურმე შეფ კონსტანტინე თედელურთან მუშაობდით.

_ დიახ, ბრენდშეფი იყო იმ რესტორნის, სადაც ვმუშაობდი. ძალიან კეთილი და პოზიტიური ადამიანია. როგორიც ,,მასტერშეფში” ჩანს, მგონი, ეს მხოლოდ სატელევიზიო იმიჯია. ცხოვრებაში სულ სხვანაირია და საუკეთესო მზარეულია.

აქამდე ძალიან კარგად არ ვიცნობდი. ბრენდშეფები ხშირად არ სტუმრობენ რესტორანებს. შეიძლებოდა კვირაში ერთხელ ან 2–3 კვირაში ერთხელ მოსულიყო, ისიც რამდენიმე საათით. მზარეულებს ზოგად რჩევებს გვაძლევდა.

__ როგორ დაახასიათებდით მასტერშეფებს?

_ სამივე უძლიერესია თავის საქმეში. ლუკა ნაჭყებია როგორც ტექნოლოგი, ერთ-ერთი საუკეთესო თეორეტიკოსია ამ სფეროში საქართველოს მასშტაბით. კვებით ტექნოლოგიაში ძალიან ბევრი რამ იცის. ლევან კობიაშვილი უძლიერესია ქართულ სამზარეულოში. კონსტანტინე კი სტერეოტიპებს არღვევს და ბევრი ისეთი კერძი აქვს, რომლებსაც ვერც კი წარმოიდგენ, რომ არსებობს. შემოქმედია და ახალ გემოებს ქმნის.

სამივე უძლიერესია და ძალიან ბევრს აკეთებენ ჩვენი გასტრო-კულტურისთვის. როგორც მეცნიერები მოღვაწეობენ თავიანთ დარგებში, ჩვენი შეფებიც იმავეს აკეთებენ, ოღონდ გასტრო-კულტურაში. როგორც სხვა დარგები ვითარდება, კულინარიაც ისე უნდა ვითარდებოდეს და ეს ადამიანები სწორედ ამას აკეთებენ.

__ კულინარიის გარდა, რა გამოგდით კარგად?

_ წარსულში სპორტსმენი, მოკრივე ვიყავი. ეს ჩემთვის კულინარიაზე დიდი გატაცება იყო. 4-5 წელი პროფესიონალურ დონეზე ვვარჯიშობდი. მერე დიეტოლოგიით დავინტერესდი, შევისწავლე პროდუქრტები და მათი შემადგენლობა. ერთი პერიოდი ჭადრაკითაც ვიყავი დაკავებული, ოღონდ მოყვარულის დონეზე.

__ მეუღლე გაგვაცანით, რას საქმიანობს და როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი.

_ ჩემი მეუღლე ნინი ვაშაკიძეა. ერთ-ერთ რესტორანში  მუშაობისას გავიცანი. მე მზარეული ვიყავი, ის _ მიმტანი. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ფილმებშია ხოლმე. თავიდანვე მოგვეწონა ერთმანეთი. პირველი შეხვედრიდან ერთ წელიწადში ცოლად მოვიყვანე და შვილიც გვყავს _ 2 წლის ანასტასია.

ძალიან მალე მივხვდით, რომ ერთად უნდა გვეცხოვრა. სიყვარული არამხოლოდ ერთი თვისების გამო მოდის, ეს რამდენიმე კომპონენტის შერწყმაა, რომელსაც არც არაფრის დამატება სჭირდება და არც მოკლება.

__ სახლში რომელია შეფმზარეული?

_ ნინი, რადგან დრო ფაქტობრივად არ მაქვს. საკმაოდ გემრიელად ამზადებს, მაგრამ ტრადიციულ კერძებს, რომლებიც მეც მომწონს. სარესტორნო საჭმელები შეიძლება დღეგამოშვებით ჭამო. მნიშვნელოვანი ის კერძებია, რომლებსაც ბავშვობაში გვიმზადებდნენ სახლში და ნინი ამას მივსებს. ოჯახში გაკეთებული კერძი მაინც ყველაზე გემრიელია, რომელიც შეგიძლია ხანდახან ხელითაც ჭამო.

სახლში მაშინ ვამზადებ, როცა თავისუფალი დრო მაქვს ან რაიმე იდეა მომდის, თუმცა იდეებისთვის უფრო კარგი ადგილი მაინც პროფესიონალური სამზარეულოა.

__ მეუღლეს რჩევას არ შენიშვნას არ აძლევთ?

_ კი, პირდაპირ ვეუბნები. ის ერთადერთია, ვისთანაც ასეთი გულღია ვარ, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ჩემს რჩევებს ითვალისწინებს. თავის გემოზე უფრო აკეთებს და ეს კარგი თვისებაა.

__ თქვენი მთავარი კოზირი რა გგონიათ, რითი შეიძლება სხვებისგან გამოგარჩიონ?

_ შეიძლება კოზირი ჩემი მიზანდასახულობა იყოს ან კრეატიულობა, ასევე გამოცდილება. ვფიქრობ, სხვებზე მეტი გამოცდილება მაქვს. არასოდეს ვამზადებდი ტრაფარეტული რეცეპტებით.

კოლეჯიდანვე მოვიქნიე ფანჯარიდან რეცეპტების რვეული და ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, ჩემი ენის რეცეპტორებზე იყო დამოკიდებული. ხშირად ვერ ვიმახსოვრებდი, რა ინგრედიენტს რა დოზით ვამატებდი. ბევრჯერ ვიხსენებდი, ნეტავ, ის როგორ გავაკეთე–მეთქი, მაგრამ ისეთი აღარ გამომსვლია. მომზადების მომენტში იმდენად შევდივარ აზარტში, რომ შეიძლება დამავიწყდეს და მეორედ ისეთი ვეღარ გავაკეთო.