კომში თმის ძირების გასამაგრებლად, სახის კანისთვის, ასთმისთვის, დიაბეტისთვის – როგორ დავამზადოთ ნაყენი

კომში თმის ძირების გასამაგრებლად, სახის კანისთვის, ასთმისთვის, დიაბეტისთვის - როგორ დავამზადოთ ნაყენი

სარკე, აზა გაგოშიძე

კომში უძველესი კულტურაა, რომელის სამშობლოდ კავკასია, ჩრდილოეთ ირანი და შუა აზია ითვლება. კომში ორგანიზმისათვის საჭირო მრავალ ნივთიერებას შეიცავს, განსაკუთრებით – ფრუქტოზასა და საქაროზას. ის მდიდარია ბე1, ბე2, პეპე, ცე, ე ვიტამინებით, კაროტინით, კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, რკინით, ფოსფორით, კობალტით.

ჯერ კიდევ ავიცენა აღნიშნავდა, რომ ეს ნაყოფი, მისი ფოთლები და კანი აუცილებელია ორგანიზმისათვის. აზიელი მკურნალები კი განსაკუთრებით გამოყოფენ კომშის არომატს, რომელიც დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, საგრძნობლად აუმჯობესებს განწყობას, აძლიერებს იმუნიტეტს.

ერთი რამ გასათვალისწინებელია – კომში რეკომენდებული არაა მათთვის, ვისაც ენტერიტი, ენტეროკოლიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აწუხებს.

გთავაზობთ კომშის ნაყენის მომზადების წესს, რომელიც ეფექტურია ზოგიერთი დაავადებების პრევენციისთვის.

ასთმის დროს: აიღეთ ერთი სუფრის კოვზი კომშის კურკა, დაასხით 200 გ ადუღებული წყალი და თავდახურულ ქილაში 15 წუთი დააყოვნეთ. გააგრილეთ, შემდეგ ნაყენი მარლაში გაფილტრეთ და დღეში ოთხჯერ ორი სუფრის კოვზი სვით ჭამის წინ.

დიაბეტისა და ჰიპერტონიის დროს: 2 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ კომშის ფოთოლს 200 გრამი წყალი დაასხით და ნელ ცეცხლზე 30 წუთი გააჩერეთ. ყოველდღე 3-4-ჯერ ერთი სუფრის კოვზი მიიღეთ.

ხველის დროს: 1 სუფრის კოვზ კომშის კურკებს 200 გრ ადუღებული წყალი დაასხით, ადუღეთ 15-20 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ, მარლაში გაფილტრეთ და დღეში ნახევარი ჭიქა მიირთვით ჭამის წინ.

დამწვრობის დროს: კომშის კურკებს მდუღარე დაასხით (პროპორციით 1:50), დააყოვნეთ, კარგად შეანჯღრიეთ და გაფილტრეთ. მიღებული მასა 10-15 წუთის შუალედებით დამწვარ ადგილებზე წაისვით.

ნაბახუსევზე, ღებინების და ასთმის დროს: ჭამის წინ ნახევარი ჭიქა კომშის ნატურალური წვენი მიირთვით.

კომშს კოსმეტიკური მიზნებითაც იყენებენ

თმის ძირების გასამაგრებლად

კომშის ფოთლებისაგან მოამზადეთ ნაყენი, რომელიც ნელ ცეცხლზე დაახლოებით 40-45 წუთი უნდა ადუღოთ, გადაწურეთ და დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლეთ. ეს ნაყენი არამარტო თმის ძირებს ამაგრებს, თმას არბილებს კიდეც.

ნიღაბი სახის კანისათვის

1 ჩ.კ. კომშის წვენს 1 ს.კ. კოვზი თაფლი და ერთი ცალი კვერცხის ცილა დაუმატეთ. კარგად აურიეთ და მიღებული მასა დაბანილ სახეზე წაისვით.