იმუნიტეტის საიდუმლო

იმუნიტეტის საიდუმლო,,სარკე”, აზა გაგოშიძე

იმუნიტეტი ნამდვილი გამოცანაა როგორც პაციენტებისთვის, ასევე ექიმებისთვის. ერთი რამ კი ცხადია, დაბალი იმუნიტეტის დროს ხშირად ვხდებით ავად. როგორ ავიმაღლოთ ის?

რატომ გვაქვს ყველას განსხვავებული იმუნიტეტი?

იმუნიტეტი მეტად ინდივიდუალური რამ არის. ის ჯერ კიდევ დაბადებამდე ყალიბდება გენეტიკის, ცხოვრების წესისა და ჩვილის დედის ჯანმრთელობის მიხედვით. ეს ე.წ. პირველადი იმუნიტეტია. დაბადებისას ბავშვი ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების მნიშვნელოვან ულუფას იღებს და მათთან ბრძოლას უკვე დამოუკიდებლად იწყებს. მნიშვნელოვანია, ის იზოლციაში არ ამყოფოთ, ჭიის პარკის მსგავს დამცავ გარემოში არ გაზარდოთ, არამედ მიეცით შესაძლებლობა, მიკრობების რაც შეიძლება მეტი სახეობა გაიცნოს. მაშინ იმუნიტეტი მათ გამოცნობას ისწავლის და გაუმკლავდება.

ასაკთან ერთად ჩვენზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები: ავად ვხდებით, სტრესებს განვიცდით, ოპერაციები გადაგვაქვს და ა.შ. ამით ფორმირდება მეორადი იმუნიტეტი და ისიც ყველას განსხვავებული აქვს. ხანდაზმულობისას, სამწუხაროდ, იმუნიტეტი ყველას უქვეითდება, უბრალოდ, იმიტომ, რომ ორგანიზმი სუსტდება.

ვინ არის რისკის  ჯგუფში?

ყველაზე მეტად დაცული არიან ადამიანები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავენ, სწორად იკვებებიან, თავს ფიზიკურად იტვირთავენ, მაგრამ ასეთები ცოტანი არიან. უმეტესობა მჯდომარე ცხოვრების წესით ცხოვრობს, რაც ხელში მოხვდება, იმით იკვებება, სუფთა ჰაერზე ცოტა დროს ატარებს. ყველა ეს ადამიანი რისკის ჯგუფშია.

დამტკიცებულია, რომ იმუნიტეტის მდგომარეობაზე სტრესი პირდაპირ ზემოქმედებს. ძლიერი ნეგატიური ემოციების განცდისას, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქს სიგნალს ვუგზავნით და ის მეტი ჰორმონის გამომუშავებას იწყებს. ეს უკანასკნელები კი, თავის მხრივ, დამცავ უჯრედებს ანგრევენ, შლიან.

ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმუნიტეტზე ზემოქმედება ერთ წუთში არ ხდება, ის წყალივითაა, რომელიც ქვას ნელ-ნელა ხვრეტს. თუ ადამიანს კარგი იმუნიტეტი აქვს, მაშინ მასზე პერიოდული ზემოქმედება უარყოფით გავლენას არ მოახდენს.  თუ ორგანიზმი დასუსტებულია, ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია, დაავადების განვითრებას ბიძგი მისცეს.

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ფორმირდება ბუნებრივი გზით. გსურთ, იყოთ ჯანმრთელი? ფეხით მეტი ისეირნეთ, ფიზიკური აქტივობით დაკავდით, ყურადღება მიაქციეთ, რას ჭამთ.

ლაქტობაქტერიებით გამდიდრებული პროდუქტები (რძის მჟავე პროდუქტები) სასიკეთოდ ზემოქმედებს ნაწლავებზე, სადაც, როგორც ცნობილია, დიდი რაოდენობით იმუნური უჯრედია. იმუნტეტის ბუნებრივი მასტიმულირებელია: ნიორი, ხახვი, კოჭა.