,,გული მწყდება, რომ ქმართან ვერ ჩავედი” – რატომ დამალა ხატია შამუგიამ გათხოვება

,,გული მწყდება, რომ ქმართან ვერ ჩავედი" - რატომ დამალა ხატია შამუგიამ გათხოვება,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

პანდემიამ გლამურული ცხოვრების აქტიური წევრი, ბომონდური წვეულებების სული და გული, პარფიუმერიულ ქსელ ,,ისი პარის” პიარმენეჯერი ხატია შამუგიაც სახლში დასვა, მაგრამ ამაში დადებითი უფრო მეტი იპოვა, ვიდრე უარყოფითი (ინტერვიუ ჩაერილია აპრილში_.

ხატიამ 18 წლის შემდეგ პირველად მოიცალა სახლისთვის, მთლიანად დაალაგა და ბევრი ისეთი ნივთი აღმოაჩინა, რომელთა არსებობა აღარც ახსოვდა. კარანტინს აბიტურიენტ შვილთან, ნიკუშა ლომიძესთან ერთად ატარებს, რომელსაც, ისე როგორც დედამისს, კორონავირუსის საფრთხემ საგაზაფხულო გეგმები ჩაუშალა.

ბოლო ერთი წელი ხატიასთვის მძიმე იყო.  გასული წლის მაისში, რამდენიმეწლიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ დედა გარდაეცვალა, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო. ამ რთულ პერიოდში ყველაზე მეტად ხატიას საყვარელი მამაკაცი დაეხმარა, რომელთანაც რამდენიმე თვის წინ, დეკემბერში, ხელიც მოაწერა.

ეს ამბავი ხატიამ არ გაამხილა, რადგან თვლის, რომ საჯარო ცხოვრებაში დიდი დოზით არის ჩართული და პირადის აფიშირება უკვე ზედმეტია.

მისი რჩეული ირლანდიაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი არჩილია, რომელიც ხატიამ ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გაიცნო. ბედმა ისინი წლების შემდეგ კვლავ შეახვედრა და ძველ ნაცნობებს შორის სიყვარულიც ჩაისახა.

ასე რომ, ხატიას საკმაოდ ბევრი დაუგროვდა “სარკისთვის” მოსაყოლი.

– ხატია, როგორ შეიცვალა თქვენი ყოველდღიურობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში?

– რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაგრამ ჯერჯერობით ამ ეტაპამდე არ მიჭირს შეზღუდვებით და სახლის რეჟიმით ცხოვრება. 18 წლიდან, რაც მუშაობა დავიწყე, სახლიდან ვარ გასული და თურმე შინ ყოფნა მომნატრებია.

ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. სახლში ყოფნით გამოწვეული დეპრესიის ნიშნები ჯერ არ მაქვს, ალბათ იმიტომ, რომ დიდი დრო არ გასულა. სამაგიეროდ, ჩემი სახლი ძალიან კარგად გავიცანი, ყველა კუთხე-კუნჭული დავალაგე და აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ისეთი ნივთი მქონია, რომელთა არსებობაც არ მახსოვდა.

კორონავირუსმა დადებითი ის მომიტანა, რომ აბსოლუტურად ყველაფრის კეთება ვისწავლე. უკვე ვამზადებ კერძებს, დესერტებს, კვერცხიც კი ამ აღდგომას პირველად შევღებე. ალბათ მომავალ წელს პასკასაც გამოვაცხობ.

ეს ჩემთვის დიდი ნახტომია, რადგან ერთი წლის წინ, მგონი, პურიც არ მქონდა დაჭრილი. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ისედაც მომიწია ბევრი რამის სწავლა, მაგრამ ამ თვითიზოლაციამ დიასახლისად რეალიზების საშუალება მთლიანად მომცა.

დღის განმავლობაში იმდენი საქმე მაქვს, რომ დრო არ მყოფნის. დილით ადრე ვდგები და ისე ვგეგმავ დღეს, რომ თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, ამიტომაც ვერ ვიტყვი, რომ ასე ცხოვრება მიჭირს.

– არ მოგენატრათ ადამიანებთან ურთიერთობები, შეხვედრები, პრეზენტაციები, წვეულებები, ანუ თქვენი ჩვეული ცხოვრების რიტმი?

– ცოცხალი ურთიერთობები ყველაზე მეტად მენატრება. ეზოში შემხვდა ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც ორი თვე მაინც არ მყავდა ნანახი. ძალიან მეტკინა გული, რომ შორიდან მივესალმეთ და არ ჩავეხუტეთ ისე, როგორც გვჩვეოდა.

ცოტა რობოტებივით კი გვიწევს ცხოვრება, მაგრამ, როცა ვიცი, ეს ყველაფერი მალე გაივლის, პრობლემას არ ვქმნი. კანონმორჩილი ადამიანი ვარ.

– საკუთარ თავში პანიკის ნიშნები არ შეგინიშნავთ?

– არავითარი პანიკური ნიშნები არ მაქვს. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ფული არ გამითავდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დღე თვითიზოლაციაშიც ძალიან დატვირთულია, მგონია, რომ ერთი დიდი შვებულება მაქვს, რადგან მაინც ვისვენებ, მაკიაჟს ყოველ დილით აღარ ვიკეთებ, მუდმივად მაღალ ქუსლებზე არ ვდგავარ.

სულ სახლში რომ არ ჩავჯდე, ყოველდღე ცოტ-ცოტა საყიდლებზე მაინც გავდივარ, რა თქმა უნდა, წესების სრული დაცვით. აქტიურობას ამ სიტუაციაშიც ვინარჩუნებ.

– ალბათ ამ გაზაფხულზე ბევრი გეგმა გქონდათ.

– ძალიან ბევრი მივლინება და მოგზაურობა ჩამეშალა. მარტში მივდიოდი დუბლინში, ჩემს მეუღლესთან, აპრილში ნიკუშა მიდიოდა ამერიკაში, მერე კიდევ მქონდა დაგეგმილი ესპანეთსა და საფრანგეთში მივლინებები.

ვოიაჟებით სავსე გაზაფხული უნდა მქონოდა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. ცუდ ხასიათზე არც ამის გამო ვარ. მარტო ჩემი ცხოვრება ხომ არ შეიცვალა? მთელი მსოფლიო ასეთ დღეშია, ხალხმა ოჯახის წევრები დაკარგა და რა მოსატანია, მე თუ მივლინება ჩამივარდა.

ზოგადად ძალიან ოპტიმისტი ვარ და არ მიყვარს ფრუსტრაციაში ჩავარდნა. ეს არის ხარკი, რომელიც მსოფლიომ უნდა გადაიხადოს.

– ალბათ ყველაზე გულდასაწყვეტი მაინც ის არის, რომ ვერ მოახერხეთ საყვარელ მამაკაცთან ჩასვლა.

– რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად გული იმაზე დამწყდა, რომ მეუღლესთან ვერ ჩავედი. მომავლის იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ვფიქრობ, ამ ამბების შემდეგ ადამიანებში ბევრი რამ შეიცვლება. ერთმანეთში მისვლა-მოსვლა ცოტა გაუფასურებული გვქონდა, ახლა კი ადამიანურ ურთიერთობებს უფრო მეტად დავაფასებთ. ჩემი აზრით, უკეთეს სამყაროში მოგვიწევს ცხოვრება.

– რითი იქარვებთ მეუღლისგან შორს ყოფნის სევდას?

– ჩვენთვის ბევრი არაფერი შეცვლილა, რადგან იმის გამო, რომ დუბლინში ცხოვრობს და საქმიანობს, ძირითადი კომუნიკაცია ისედაც ინტერნეტით გვაქვს, თვეში ათი დღე თუ ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას –  ძირითადად ის ჩამოდის ხოლმე.

მე როგორი ურთიერთობაც მქონდა ჩემს მეუღლესთან, ახლა მთელ მსოფლიოში ბევრ წყვილს ასეთივე ურთიერთობა აქვს.

– დუბლინში უფრო რთული სიტუაციაა თუ თბილისში?

– მე უფრო ვაწვდი ინფორმაციას კორონავირუსზე, ვიდრე ის, რადგან იქ პანიკა არ არის და საზოგადოება მითითებებს უფრო მოწესრიგებულად ემორჩილება. სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ირლანდიაში შეზღუდვები ნელ-ნელა და ადრეულ ეტაპზე დაიწყეს. მათთვის სლოგანი “დარჩი სახლში” – ნიშნავს სახლში ჯდომას და არა – გარეთ სირბილს, როგორც ეს ჩვენთან ხდება.

– ჟურნალისტებთან ყოველთვის გახსნილი და გულახდილი ხართ, თუმცა საზოგადოებას თქვენი გათხოვების ამბავი მაინც გამოაპარეთ. რამდენიმე თვის შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე დეკემბერში საყვარელ მამაკაცთან ხელი მოაწერეთ და ოფიციალური  ცოლ-ქმარი გახდით. რატომ გაასაიდუმლოეთ ეს ამბავი?

რამდენადაც გახსნილი ადამიანი ვარ, იმდენად არ მიყვარს ჩემს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი. ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი ასაკი და პეწი აქვს. გათხოვებით დიდი აჟიოტაჟის ატეხა ჩემი სტილი არ არის. საერთოდ ამ თემაზე არ ვსაუბრობ და ეს არც ერთ ჟურნალისტს არ ეწყინოს.

– როგორი გახდა თქვენი ცხოვრება ამ სიყვარულით?

– ძალიან მშვიდი და ბედნიერი.

– ჯერ ერთი წელიც არ გასულა, რაც დედა გამოგეცალათ ხელიდან. როგორ გადაგაქვთ ეს ტკივილი?

– დედის გარეშე ყოფნა დღემდე მიჭირს და არ არსებობს დრო, რომელიც მოერევა იმ ტკივილს, რასაც დედის დაკარგვა ჰქვია. სულ მახსოვს, სულ ვგრძნობ, რომ ჩემთან არის, სულ მესიზმრება. რაც დრო გადის,  უფრო და უფრო მტკივა და უფრო მძაფრად აღვიქვამ მის არყოფნას.

ყოველდღე ვრწმუნდები, რამდენად მოწესრიგებული ადამიანი იყო. ამას წინათ თმის შეღებვა მომიწია სახლში და ყველა ატრიბუტი შენახული დამხვდა.

ჩემთვის სპეციალურად დაწერა რეცეპტების რვეული, რომელსაც ასე ჰქვია – ,,ჩემს სიცოცხლეს, ხატიას”. რვეულში წერია, როგორ უნდა გავშალო სუფრა და საერთოდ ყველაფერი, რა როგორ უნდა გავაკეთო. მაგალითად, ჩემს საყვარელ ვაშლის ნამცხვარს ბოლოს უწერია: “ხატია, დედა, მერე ეს ყველაფერი უნდა გამოაცხო”.

ძალიან მტკივნეული იყო დედაჩემის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულის, აღდგომის, შეხვედრა მის გარეშე. გული მწყდება, რომ პანდემიის გამო მას ისეთ წლისთავსაც ვერ გადავუხდი, როგორიც მინდოდა.

– დედასთან ურთიერთობაში ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული, რა ვერ მოასწარით?

– ჩვენ ერთად ვცხოვრობდით და სამსახურის შემდეგ მთელ დროს მას ვუთმობდი. როგორც თვითონ ამბობდა, ძალიან კარგი შვილი ვიყავი და ეს სიტყვები მანუგეშებს. სულ იმის დანაკლისი მაქვს, რამე ხომ არ გამომრჩა, როგორ შეიძლებოდა, კიდევ რამით მეშველა, მაგრამ 12 წელი ვებრძოდით დიაბეტს და მისგან გამწვავებულ ქრონიკულ დაავადებებს.

ძალიან განვიცდი, რომ ნიკუშას სტუდენტობას ვერ მოესწრო. ოცნებობდა, ერთი ნიკუშას სტუდენტობაც მანახა და მეტი არაფერი მინდაო.

– ნიკუშა აბიტურენტია, ხომ?

– კი, წელს აბარებს, მაგრამ ამ კორონას გამო ყველაფერი აერდაერია. სწავლას განაგრძობს, რეპეტიტორებთანაც დადის და უნდა, რომ ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით განვითარდეს.

– ნიკუშას სახით როგორი მამაკაცი გიდგათ გვერდით?

– ძალიან საყვარელია, მაგრამ ახლა სიმუნჯის ასაკი აქვს, ზედმეტი კონტაქტი არ უნდა.

მგონია, რომ ხასიათით უფრო მამამისს (ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრი გურამ ლომიძე – რედ.შენ.) ჰგავს, ვიდრე მე. უფრო მშვიდი და წყნარი ბიჭია, მე კი ნაკლებად ვჯდები ამ კრიტერიუმებში. ემოციური ვარ, კონტაქტური და ვგიჟდები ყურადღების ცენტრში ყოფნაზე.

კარანტინში ყოფნამ ბევრს ზედმეტი წონის პრობლემა შეუქმნა. თქვენც აგაღელვათ ამ საკითხმა?

– 14 წელია აკვაერობიკაზე დავდივარ, რაც სულ მეხმარებოდა, რომ ზედმეტი კილოგრამების პრობლემა არ მქონოდა. ახლა რომ ვეღარ დავდივარ, ნამდვილად ძალიან მეშინია, რომ წონაში არ მოვიმატო. იპოდრომზე გავდივარ სრულიად მარტო, როცა ხალხი არ არის და ვსეირნობ.

ძალიან კარგი ნებისყოფა მაქვს, თუ საკვებიდან რამეზე უარს ვიტყვი, არ არსებობს, დავარღვიო. არ ვჭამ ცომეულს, არ ვიღებ შაქარს.

ჩემი სწორი კვება ასე გამოიყურება: ყოველ დილას ვიწყებ შვრიის ან წიწიბურის ფაფით, რომლებსაც ნუშის რძით ვამზადებ. საღამოს 8 საათის შემდეგ არაფერს ვჭამ და ასე ცხოვრება არც მიჭირს.