დათო მაღრაძე: ,,ჯაბა იოსელიანი მომხიბლავი ადამიანი იყო, გაოცებული ვიყავი აფხაზეთის ომში მისი სიმამაცით”

დათო მაღრაძე: ,,ჯაბა იოსელიანი მომხიბლავი ადამიანი იყო, გაოცებული ვიყავი აფხაზეთის ომში მისი სიმამაცით"პოეტი დათო მაღრაძე ჟურნალ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვან მოვლენებს იხსენებს, მათ შორის იმ პერიოდს, როცა ის კულტურის მინისტრად დანიშნეს და ,,ნხედრიონის” ხელმძღვანელ ჯაბა იოსელიანთან ურთიერთობას.

-ქვეყანას სახელმწიფო საბჭო მართავდა. ყველა თანამდებობრივ საკითხს შევარდნაძე-სიგუა-იოსელიანი წყვეტდნენ. ჩემთვის ფრიად პტივსაცემმა ელდარ შენგელაიამ შესთავაზა ჩემი კანდიდატურა და ჩვენი პირველი შეხვედრაც მაშინ შედგა. ჩემმა ძალიან ძვირფასმა უფროსმა მეგობარმა, შესანიშნავმა მწერალმა და დრამატურგმა, რეზო თაბუკაშვილმა გამაცნო ჯაბა. ასე გადაწყდა ჩემი მინისტრობა…

ჯაბა იოსელიანთან კი ამის შემდეგ გარკვეული მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ის უდაოდ მომხიბლავი ადამიანი იყო. მე მინახავს ის აფხაზეთის ომში და გაოცებული ვიყავი ამ ხანდაზმული კაცის საოცარი სიმამაცით. საინტერესო მწერალიც იყო. თუმცა ყოველთვის ვფიქრობდი და ვამბობდი, რომ მისი სახელმწიფო მეთაურად ყოფნა არ აღმაფრთოვანებდა.

ხალხი კი, როგორც წისქვილი, ჭორ-მართალს ფქვავდა და ბრწყინვალე ქართველი პოეტის, აფხაზეთის ომის ვეტერანის, ბაადურ ბალარჯიშვილის ლექი „ჩემო გენერალო“ ჩემ შექმნილად ჩათვალეს“, – ამბობს „სარკესთან“ დავით მაღრაძე _ ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში. ამავე ინტერვიუში ბევრ საინტერესო ამბავს წაიკითხავთ დათო მაღრაძის ცხოვრებიდან.

„ჩემო გენერალო“ – ავტორი ბაადურ ბალარჯიშვილი

,,ჩემო გენერალო! ცეცხლი მაშინდელი თმენამ ვეღარაფრით ვეღარ მიაცია.

მინდა, გაგიმხილო ჩემი ხვაშიადი თუ არ დაირღვევა სუბორდინაცია,

ჩემო გენერალო, ჩემო გენერალო, გუშინ აჭიკჭიკდა ბაღში მაფშალია,

ვიყავ უგრძნობელი როგორც მინერალი, სისხლი გაყინულა, ცრემლი გამშრალია.

ჭმუნვა ვერაფერმა ვეღარ გამიქარვა, ზოგნი უმეცარნი კარგი მერე რაო

ბოღმა წავიყოლე ჭუბერს მიმავალმა და არ მავიწყდებ,  ჩემო გენერალო.

იყო ტრაგედია, იყო კომედია, მტერთა საქილიკო, მოყვრის სავალალო,

მაგრამ გულში მაინც შენი იმედია და შენც ჩემი გქონდეს, ჩემო გენერალო.

უფლის სანაპირო სისხლით განიბანა, რეგვენ სირაქლემას როგორ დავემსგავსო,

ჩემი მოლოდინი შენი ბრძანებაა და მეც ველოდები, ჩემო გენერალო…”.