თუ ბავშვს ფრჩხილებზე ზოლები გაუჩნდა

თუ ბავშვს ფრჩხილებზე ზოლები გაუჩნდა,,სარკე”, ნათია ტოტიკაშვილი

შვილის ფრჩხილების მოვლაზე დედიკოები საკმაოდ დიდ ენერგიას ვხარჯავთ. ფრჩხილი ადამიანის ცხოვრებაში არა მხოლოდ ესთეტიკურ ფუნქციას ასრულებს, არამედ მათი საშუალებით შეიძლება განვსაზღვროთ მთელი ორგანიზმის მდგომარეობა. ბევრ დედას შეუმჩნევია, რომ ბავშვის ფრჩხილმა ფორმა, შეფერილობა იცვალა, ან მასზე ზოლები გაჩნდა. ალბათ დაგაინტერესებთ, რის გამო ხდება ეს და რაზე შეიძლება მიანიშნებდეს. თეთრი ლაქები ფრჩხილებზე – სავარაუდო მიზეზი ტრავმა.

ბავშვის ფრჩხილებზე პატარა თეთრი ლაქები საფრთხეს არ წარმოადგენს და, როგორც წესი, მცირე ტრავმის შედეგად ჩნდება. ასევე შეიძლება, ვიტამინების ნაკლებობაზეც მიუთითებდეს.

ჰორიზონტალური თეთრი ხაზები – სავარაუდო მიზეზი თუთიის უკმარისობა.

ჰორიზონტალური ხაზები, ისევე, როგორც ლაქები, შეიძლება ფრჩხილის ტრავმის შედეგად გაჩნდეს, ან თუთიისა და კალციუმის ნაკლებობაზე მიუთითებდეს. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ისეთი დაავადების ნიშანიც იყოს, როგორიცაა დიაბეტი. ამ შემთხვევაში ჰორიზონტალური თეთრი ხაზები ერთდროულად რამდენიმე ფრჩხილზე იჩენს თავს.

თეთრი ფრჩხილები – სავარაუდო მიზეზი ღვიძლის დაავადება.

თუ ფრჩხილები მოულოდნელად გათეთრდა, ეს შეიძლება ჰეპატიტის ან ღვიძლთან დაკავშირებული სხვა დაავადების დაწყების ნიშანი იყოს, ამიტომ შვილი სასწრაფოდ ექიმთან წაიყვანეთ და შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარეთ.

მოლურჯო ფრჩხილები – სავარაუდო მიზეზი ჟანგბადის უკმარისობა.

მოლურჯო ფერის ფრჩხილები მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვის ორგანიზმი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ფილტვების პრობლემას, ამიტომ, თუ შვილის ფრჩხილებზე ლურჯ შეფერილობას შენიშნავთ, უმჯობესია, ექიმს გაასინჯოთ.

მსხვრევადი ფრჩხილები – სავარაუდო მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ხშირად ფრჩხილები მსხვრევადი ხდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და ა, ბე და ცე ვიტამინების ნაკლებობის გამო.

მუქი ხაზი ფრჩხილებზე – სავარაუდო მიზეზი საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები.

ფრჩხილებზე მუქი ფერის ხაზები სხვადასხვა მიზეზით წარმოიქმნება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მექანიკური დაზიანება, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები. მიაქციეთ ყურადღება, როგორ იკვებება შვილი და რა დევს მის თეფშზე.

კოვზისებრი ფრჩხილები – სავარაუდო მიზეზი რკინის ნაკლებობა.

ოვზის ფორმის, ჩაღუნული ფრჩხილი ორგანიზმში რკინის დეფიციტის ნიშანია, ძალიან იშვიათად კი მის ზედმეტად დაგროვებაზე მიანიშნებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამგვარი ფორმის ფრჩხილი შეიძლება ბავშვს მემკვიდრეობითაც გადაეცეს. პატარა ასაკის ბავშვებში მოღუნული ფრჩხილი ბუნებრივი მოვლენაა და ორგანიზმის ფორმირებას უკავშირდება. სასკოლო ასაკისთვის, სწორი კვებისა და სრულფასოვანი განვითარების პირობებში, ფრჩხილი უნდა გასწორდეს.