სინუსიტის დროს შვილის თვითმკურნალობას ერიდეთ

სინუსიტის დროს შვილის თვითმკურნალობას ერიდეთ,,სარკე”, ნათია ტოტიკაშვილი

სინუსიტი ცხვირის დანამატი ღრუების ანთებითი პროცესია. მისი წარმოქმნის მიზეზი ბევრია, მაგალითად, კარიესიც კი შეიძლება მწვავე სინუსიტის მიზეზად იქცეს. თუ დროულად არ უმკურნალეთ, შეიძლება ქრონიკულში გადაიზარდოს, რომლის მკურნალობასაც დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება.

ბევრ დედას აინტერესებს, როგორ უნდა ამოიცნოს სინუსიტი. გახანგრძლივებული სურდო საშიში არ არის, მაგრამ თუ მკურნალობის მიუხედავად ბავშვს ცხვირი 7-10 დღეა გაჭედილი აქვს, არსებობს რისკი, წიაღებში ანთებითი პროცესი დაიწყოს. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სიმპტომებს:

ხანგრძლივი სურდო ჩირქოვან-ლორწოვანი ან წყლიანი გამონადენით;

ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხანგამოშვებითი გაჭედილობა ცხვირის მარჯვენა და მარცხენა ნახევარში;

ხახის სიმშრალე;

ხშირი ამოხველება, დილაობით ლორწოვანი ნახველის ჭარბი გამოყოფა;

ანთებითი წიაღის მიდამოში ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება, ზოგჯერ ტკივილი კბილის, თვალების, ყვრიმალებისა და ლოყების მიდამოში;

სახის ნაწილის მომატებული მგრძნობელობა;

სხეულის ტემპერატურის მომატება (38 გრადუსი და მეტი). როგორც წესი, ასეა მწვავე სინუსიტის შემთხვევაში. ქრონიკული პროცესის დროს სხეულის ტემპერატურა იშვიათად იწევს ან სუბფებრილურ ზღვარზეა (37-37,5 გრადუსი);

საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, გაღიზიანება, ცრემლდენა, უმადობა, ძილის დარღვევა;

ყნოსვის დაქვეითება ან გაქრობა;

ლოყის და ქუთუთოს შეშუპება.

ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი ძლიერდება თავის წინ დახრის დროს. ბავშვს სტკივა თავი. დაავადების გაქრონიკულება რომ არ დაუშვათ, დროულად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ ბავშვს აქვს რამდენიმე ეს სიმპტომი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მხოლოდ მას შეუძლია სწორი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

ბავშვებში სინუსიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ბოლომდე არანამკურნალევი სურდო და ფეხზე გადატანილი მწვავე ვირუსული ინფექცია, ასევე ცხვირის ძგიდის გამრუდება, ქრონიკული სურდო.

ბავშვის დაბადებისას დამანატი წიაღები ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. მათი ფორმირება სხვადასხვა ასაკში ხდება. თავდაპირველად შუბლის წიაღები ყალიბდება, ამიტომ პატარა ბავშვებს უმეტესად მათი ანთება – ეთმოიდიტი ემართებათ.

თუ მწვავე სინუსიტს არ უმკურნალეთ, ის ქრონიკულში გადავა. ამ დროს დაავადება თითქოს უკან იხევს, თავის ტკივილი თანდათანობით ქრება და სიმძიმის შეგრძნებაში გადადის, ბავშვს ცხვირი მხოლოდ დაწოლის შემთხვევაში “ეჭედება”. ჩნდება სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელია ცხვირ-ხახის ქრონიკული ანთებისთვის: ყლაპვისას ტკივილი, სიმშრალე. ქრონიკული სინუსიტი ხშირად იწვევს შინაგანი ორგანოების გართულებებს (გულის, თირკმლების, ღვიძლის, ფილტვების).

თუ ბავშვს სინუსიტი აქვს, პირველ რიგში, შეშუპება უნდა მოიხსნას, რათა ლორწომ ბუნებრივი გზით გამოსვლა შეძლოს. ამისთვის საჭიროა დღეში 3-4-ჯერ სპეციალური ცხვირის წვეთების ჩაწვეთება. პარალელურად გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები. თუ მკურნალობა დროულად არ დაიწყო და წიაღების ანთება ჩირქოვან ფორმაში გადავიდა, ინიშნება ანტიბიოტიკები.

ხშირად დედიკოები სინუსიტს ხალხური, შინაური მეთოდებით მკურნალობენ. ექიმები გვირჩევენ, ამ დაავადების დროს ხალხურ მედიცინას არ ვენდოთ. თვითმკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია ინჰალაცია. ის ბავშვს უნდა ჩაუტაროთ გახანგრძლივებული სურდოს მე-7 დღეს. აურიეთ ერთმანეთში თითო სუფრის კოვზი სალბის ფოთოლი, გვირილას ყვავილი და კალენდულა, დაასხით მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან. პროცედურისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ინჰალატორი ან ფაიფურის ჩაიდანი. თუ ბავშვი ალერგიული არ არის, კარგია მენთოლის ზეთითა და პროპოლისით ინჰალაციაც.