როგორ ვაჯობოთ შვილის კომპლექსებს

როგორ ვაჯობოთ შვილის კომპლექსებს

,,სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ

ავშვებს მშობლებისგან ხშირად ესმით: “საშინელი ბავშვი ხარ!”, “რა დავაშავე, ასეთი ჯიუტი შვილი რომ მყავს?!”, “სხვების შვილები რატომ არ იქცევიან ასე?” და ა.შ.

როგორც წესი, 5 წელზე უფროსი ბავშვები ასეთ სიტყვებს ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ უფრო პატარებმა შესაძლოა, პირდაპირი მნიშვნელობით აღიქვან მშობლის ნათქვამი. პატარა ასაკის ბავშვი მშობლის ყველა უარყოფით ინტონაციას “იჭერს”, რაც ღრმად ილექება მის ცნობიერებაში, უჩნდება დანაშაულის გრძნობა და თუ ასეთი სიტყვებით ხშირად მიმართავენ, ისინი სამუდამოდ რჩება მის გონებაში.

ნებისმიერი მშობელი დამჯერ შვილებზე ოცნებობს, ამიტომ ხშირად იყენებენ ასეთ ფრაზებს: “ძალიან საყვარელი ხარ, მაგრამ ასეთი და ასეთი უნდა იყო” ან “მამა გაგიბრაზდება, თუ ამას გააფუჭებ” და ა.შ. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ამ ფრაზების მიღმა ბრძანება და შესაძლო სასჯელი იმალება.

თუ ასეთი ფრაზები ხშირად ესმის, ბავშვს გარკვეული აზრი უყალიბდება: მშობლების სიყვარული რომ დაიმსახუროს, ყველაფერი უნდა შეასრულოს. ფსიქოლოგები კი ირწმუნებიან, რომ მშობლის სიყვარულს დამსახურება არ უნდა სჭირდებოდეს, ის ყველა ბავშვს უანგაროდ ეკუთვნის.

ზოგიერთი მშობლის აღზრდის მეთოდი ასეთია: უყვებიან შვილებს მძიმე მშობიარობაზე, ნერვიულობაზე, როგორ ღელავენ თავიანთ შვილებზე ან რამდენ რამეზე თქვეს უარი მათ გამო, ანუ თითქოს შვილს ამადლიან ამქვეყნად მოვლინებას. ამ საუბრების შედეგად ბავშვი დამნაშავედ გრძნობს თავს და მიაჩნია, რომ მშობლებისთვის ზედმეტი ტვირთია.

ბავშვს კომპლექსებს უყალიბებს და მის ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს ფრაზები, რომლებითაც მშობლები რომელიმე ემოციის გამოხატვას უკრძალავენ, მაგალითად, ,,არ გრცხვენია, რომ გეშინია?”, ,,ტირილი არ შეიძლება, სირცხვილია”.

ბავშვს უნდა შეეძლოს შიშის, ბრაზის, სიხარულის გადატანა. ამ ემოციებს უნდა უმკლავდებოდეს. მხოლოდ ასე მოახერხებს სხვადასხვა სიტუაციაში ადეკვატურ მოქცევას, ისწავლის ემოციების კონტროლს და არ გადმოანთხევს სხვაზე.

როგორ მოიქცეს მშობელი, როგორ აჯობოს შვილის კომპლექსებს, რა ქნას, შეაქოს? დიახ, ოღონდ ზომიერად. ეჩხუბოს? ასეც შეიძლება, ოღონდ ასევე ზომიერად. ძნელია, ბავშვის აღზდისას დასჯასა და ძალდატანებაზე სრულად თქვათ უარი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერს საზღვარი აქვს.

თუ მშობელს შეუძლია, დაუფიქრდეს საკუთარ შეცდომებს, აანალიზებს და მიზეზებს საკუთარ თავში ეძებს, შვილსაც სწორად და გონივრულად აღზრდის და მის კომპლექსებსაც ადვილად გაუმკლავდება.