ქარი იმუნიტეტს ამაღლებს, წონას არეგულირებს

ქარი იმუნიტეტს ამაღლებს, წონას არეგულირებს,,სარკე”, აზა გაგოშიძე

ინურ მედიცინაში ბუნებრივი სტიქიების სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. დღესაც აღმოსავლეთში ძირითადი თერაპიული მკურნალობის გვერდით, ადამიანები დასახმარებლად ქარს მიმართავენ.

რა შეუძლია ჰაერის სტიქიას?

ბევრს ქარი არ მოსწონს: მტვერი მოაქვს, ვარცხნილობას წეწავს და საერთოდ, უსიამოვნო ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ყველაფერი ასე ერთსახოვანი არ არის. სამედიცინო თვალსაზრისით ის სარგებლობის მომტანია. თუ იცით ქარის თერაპიის მთავარი წესები, შეგიძლიათ, მრავალი სერიოზული დაავადებისგან განიკურნოთ, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა, გაციებითი დაავადებები.

სწორად ,,გამოწერილი” ქარი სტრესსა და მის დამანგრეველ შედეგებს კურნავს, ნერვულ სისტემას ამაგრებს, ამშვიდებს, უძილობას აქრობს. ჰაერის სამკურნალო ნაკადი სასიცოცხლო ენერგიას ჩუქნის, იმუნიტეტს ამაღლებს, მხნე და სიცოცხლის მოყვარული ხდებით. ქარის დახმარებით ასევე შესაძლებელია წონის ნორმაში მოყვანა. ისეირნეთ იქ, სადაც სუფთა ჰაერია – სკვერში, პარკში, ქალაქგარეთ.

,,მკურნალი” ლაღი ქარი

სამკურნალოდ გამოიყენება ქარის ოთხი სახეობა: ჩრდილოეთის ქარი მდიდარია ჟანგბადით, ორგანიზმში გაცვლით პროცესებს აძლიერებს, კანის უჯრედებს კვებავს, ორგანიზმს ენერგიით მუხტავს. თუ მხნეობა, გახდომა და გაახალგაზრდავება გსურთ, ჩრდილოეთის ქარი სწორედ ისაა, რაც გესაჭიროებათ. სეირნობის ხანგრძლივობა დაახლოებით ნახევარი საათია, მაგრამ გახსოვდეთ: ეს ქარი ცბიერია, მისი ნაკადი ძალიან ცივია. სამკურნალო სეირნობისას უფრო თბილად ჩაიცვით – გადაციება დაუშვებელია.

სამხრეთის ქარი ეხმარება მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან პრობლემები (ათეროსკლეროზი, ტაქიკარდია, გულის მიდამოში მტკივნეული შეგრძნებები) აქვს. ის შესანიშნავი საშუალებაა სასუნთქი ორგანოების დაავადებების, ქოშინის, ასთმის დროს. სეირნობის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 წუთია. სამხრეთის ქარის ერთადერთი მინუსი ისაა, რომ კანს აშრობს, ამიტომ ქუჩაში გასვლამდე 30 წუთით ადრე კანის ღია ნაწილებზე კრემი წაისვით.

აღმოსავლეთის ქარი უნივერსალური “ექიმია”. მაშინაც კი, თუ თავს მთლიანობაში კარგად გრძნობთ, ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას და სახე ქარის სამკურნალო ნაკადს მიუშვირეთ. აღმოსავლეთის ქარი ყველა ორგანოსა და სისტემას აახალგაზრდავებს, სისხლძარღვების ელასტიკურობას ამაღლებს, ნერვებს ამშვიდებს, კანის მდგომარეობას აუმჯობესებს. სეირნობის ხანგრძლივობა თავად დაარეგულირეთ. მთავარია, თავი კომფორტულად იგრძნოთ. დაიცავით ერთი მნიშვნელოვანი პირობა: ამინდის შესატყვისად ჩაიცვით.

დასავლეთის ქარი ამშვიდებს, სტრესს ხსნის, ფსიქიკური მდგომარეობა ჰარმონიაში მოჰყავს, უძილობას აძევებს. სამკურნალო სეანსის ხანგრძლივობა 20-30 წუთია თქვენი მდგომარეობის მიხედვით, მაგრამ, თუ თავის ტკივილი გაწუხებთ, მიდრეკილება გაქვთ ხშირი გაციებისა და ზედა სასუნთქი ორგანოების დაავადებებისკენ ან ახლახან იავადმყოფეთ, სეირნობა 15 წუთით შემოფარგლეთ. უარს ნუ იტყვით თავსაბურავზე.

საიდან ქრის ქარი?

როგორ განსაზღვროთ მიმართულება? ამისთვის დაგჭირდებათ აბრეშუმის თავსაფარი და კომპასი. დადექით ქარიან ადგილას, კომპასით განსაზღვრეთ დედამიწის მხარე (წითელი ისარი ჩრდილოეთის მაჩვენებელია). თავსაფარი ბოლოთი დაიჭირეთ და დააკვირდით, რომელ მხარეს შეეცდება გაფრენას. ეს თქვენთვის დააფიქსირეთ. ახლა კომპასის დახმარებით საწინააღმდეგო მხარე იპოვეთ – ის იქნება ქარის მიმართულება.