მთავარი შეცდომები გრიპთან ბრძოლაში და რატომ არის აუცილებელი ომეგა 3

მთავარი შეცდომები გრიპთან ბრძოლაში და რატომ არის აუცილებელი ომეგა 3,,სარკე”, აზა გაგოშიძე

გრიპი სერიოზული ვირუსია: შეიძლება გართულებები მოჰყვეს, რომელთა გამოსწორებას მრავალი თვე ან ზოგჯერ მთელი დარჩენილი ცხოვრება სჭირდება. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა სწორად მკურნალობა და არავითარ შეითხვევაში არ უნდა დაუშვათ შემდეგი შეცდომები:

ვირუსის ფეხზე გადატანა

ყველაზე უხეში შეცდომა – ეს არის სიმპტომების იგნორირება და ცხოვრების ჩვეულებრივად გაგრძელება. თქვენი “თავგანწირვა” საწინააღმდეგოდ შემოგიბრუნდებათ, თუ ავადმყოფი ორგანიზმით სამუშაოზე ან სასწავლებელში გამოცხადდებით. გახსოვდეთ: გრიპის ფეხზე გადატანა დაუშვებელია! ამას სერიოზული გართულებები მოჰყვება.

დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას საწოლში ჩაწექით და ექიმი გამოიძახეთ. ამას რაც სწრაფად გააკეთებთ, მით უფრო მალე გამოჯანმრთელდებით.

მუჭობით C ვიტამინის ყლაპვა

არცთუ დიდი ხნის წინ ექიმები გვირჩევდნენ გრიპის საწყის სტადიაზე C ვიტამინის დარტყმითი დოზის მიღებას. ასეთი “პატივისცემით” იმიტომ გამოიყენებოდა, რომ ორგანიზმის წინააღმდეგობის ამაღლების თვისებას ფლობს.

უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა: ასკორბინის მჟავა ნამდვილად ამაღლებს წინააღმდეგობას, მაგრამ ცუდად შეითვისება და დიდი ნაწილი თირკმლების მიერ გამოიდევნება, ამავე დროს მათ ტვირთავს. გარდა ამისა, C ვიტამინი საკმაოდ აგრესიულია: კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს და შეიძლება ძლიერი ალერგიული რეაქციის მიზეზიც კი გახდეს.

თუ ავად გახდით, შეგიძლიათ თამამად მიეძალოთ C ვიტამინის ნატურალურ წყაროს, როგორიცაა: გამხმარი ასკილის ნაყენი, ლიმონი, შტოში, შავი მოცხარი, ბულგარული წიწაკა, დამწნილებული კომბოსტო. საჭიროზე მეტს, სულ ერთია, მაინც ვერ შეჭამთ, სამაგიეროდ შეთვისება სრულფასოვანი იქნება.

ტემპერატურის დაწევა

სხეულის მაღალი ტემპერატურა ორგანიზმის ვირუსთან ბრძოლის ნიშანია. რაც უფრო მაღალია, ჩვენი იმუნური სისტემა მით უფრო ეფექტურად ებრძვის მას. სხვა საქმეა, თუ თერმომეტრი 38,5 გრადუსზე მეტს უჩვენებს. ამ შემთხვევაში ორგანიზმი უკვე გადატვირთვას განიცდის და ცოტა დახმარება ესაჭიროება. მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალება. დამატებით შეგიძლიათ დალიოთ თბილი (და არა – ცხელი) ჩაი ჟოლოთი და ოფლი მოიდინოთ. სითხის ინტენსიურად მიღებით ორგანიზმი გრილდება.

ალკოჰოლის მიღება

არსებობს მოსაზრება, რომ ალკოჰოლი ვირუსის უფრო სწრაფად დამარცხებას ეხმარება. განსაკუთრებით გამოყოფენ ორ “სასწაულმოქმედ წამალს”: ხალხურ კოქტეილს ორი ყველაზე ძლიერი შემადგენლით “არაყი წიწაკით” და უფრო შემწყნარებლურს – გლინტვეინს. გახსოვდეთ, ალკოჰოლი ვირუსს არ ებრძვის, პირიქით, ორგანიზმს ასუსტებს და ამით ბაცილებს მეტ შანსს აძლევს გასამარჯვებლად.

ანტიბიოტიკების მიღება

ვირუსული ინფექციების დროს, რომელსაც მიეკუთვნება გრიპიც, ანტიბიოტიკები აბსოლუტურად უსარგებლოა. უფრო მეტიც, მავნეა. ბაქტერიული მიკროფლორის განადგურებით ისინი ჩვენი იმუნიტეტის დაცვაზე პასუხისმგებელ სასარგებლო ბაქტერიებსაც ღუპავენ.

გრიპის დროს ეხმარება ექიმის მიერ სპეციალურად შერჩეული კონკრეტული ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები. ხოლო ანტიბიოტიკები ინიშნება მაშინ, თუ გრიპი გართულებულია ბაქტერიული ინფექციით, მაგალითად, ანგინით ან ფილტვების ანთებით.

რით არის სასარგებლო ომეგა 3

დიეტოლოგები გვირჩევენ, გამოვიყენოთ ცხიმმჟავა ომეგა 3-ით მდიდარი პროდუქტები. სახელდობრ, რაში მდგომარეობს მისი სარგებლიანობა? ნახევრადუჯერი ცხიმმჟავების ეს ჯგუფი შეუცვლელია. ჩვენს ორგანიზმს მათი სინთეზირება არ შეუძლია, მხოლოდ საკვებიდან ვიღებთ.

ომეგა 3 სისხლის მწებვარობას აქვეითებს, თრომბის წარმოქმნას აბრკოლებს, სისხლძარღვებს აფართოებს, ჰიპერტონიის განვითარების რისკს ამცირებს, გულის კუნთსა და ნერვულ უჯრედებს ამაგრებს.

ომეგა 3-ით მდიდარია შემდეგი პროდუქტები: თევზი და თევზის ქონი, სელის ზეთი და სელის მთლიანი მარცვლები, ნიგოზი და მისი ზეთი.

ომეგა 3-ის ერთი სერიოზული ნაკლი ისაა, რომ ჰაერთან კონტაქტისას სწრაფად იჟანგება, ამიტომ მისი შემცველი პროდუქტების დიდხანს შენახვა არ შეიძლება. ასევე სასურველი არ არის მათი გაცხელება.