გამოთქვით საკუთარი აზრი, თუნდაც არაპოპულარულ თემაზე და რეაქციას დააკვირდით

გამოთქვით საკუთარი აზრი, თუნდაც არაპოპულარულ თემაზე და რეაქციას დააკვირდით,,სარკე”, აზა გაგოშიძე

ადამიანთა უმეტესობა ბუნებრივი და გულწრფელია ნებისმიერ სიტუაციაში, გარემოში, წრეში. მათგან განსხვავებით, თქვენ ნებისმიერ კოლექტივში მუდამ ცდილობთ, სხვებს შეეწყოთ, ისე მოიქცეთ, რომ მათ მოლოდინს შეესაბამებოდეთ. ამგვარად კონფლიქტებს თავიდან იცილებთ, სამაგიეროდ, თავს არაკომფორტულად გრძნობთ. როგორ გადაჭრათ ეს პრობლემა?

მთელი უბედურება დაბალ თვითშეფასებაშია. უკონფლიქტო ადამიანი ხართ, ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ დაბალ თვითშეფასებასთან ერთობლიობა სამწუხარო შედეგს იძლევა: მზად ხართ, სხვებს მოერგოთ თქვენთვის მიუღებელ სიტუაციაშიც კი.

იმუშავეთ საკუთარი “მე”-ს ამაღლებაზე, თავის, როგორც პიროვნების, მნიშვნელობის შეცნობაზე. გადახედეთ გარშემომყოფებს, შესაძლებელია სულაც არ იმყოფებით თქვენიან ადამიანებთან, რადგან მუდამ გჩაგრავენ, გჯაბნიან.

შეისწავლეთ სიტუაცია: მოულოდნელად გააკეთეთ ის, რისი უფლებაც თავისთვის მანამდე არ მიგიციათ. გამოთქვით საკუთარი აზრი, თუნდაც არაპოპულარულ რომელიმე მწვავე საკითხზე და რეაქციას დააკვირდით. თუ გარშემომყოფები თქვენს ქცევას ნორმალურად აღიქვამენ და თქვენს მოსაზრებას მიიღებენ, რომელსაც არსებობის უფლება აქვს, ან თქვენთან კამათს დაიწყებენ (კამათი უნდა იყოს კონსტრუქციული და არა – წნეხისმიერი, მაჩვენებელი, რომ არასწორი ხართ და სისულელეს ჩმახავთ) – შესანიშნავია! მაშასადამე, თქვენი ყველა შიში უსაფუძვლო იყო. ისინი მზად არიან, მიგიღონ თავიანთ კოლექტივში თქვენი აზრებითა და ქცევებით.

მაგრამ, თუ ასეთი ქცევის შემდეგ თავი მარტოდ იგრძენით ან სხვა დისკომფორტს განიცდით, ნუ დაღონდებით. შესაძლებელია, სხვები უბრალოდ გაოცებულნი არიან თქვენი ქმედებით ან, მაგალითად, ნამდვილად აქვთ განსხვავებული მოსაზრება და არ შეუძლიათ ეს დელიკატურად აჩვენონ.

ექსპერიმენტის განმეორება არ გააჭიანუროთ. ორი, სამი, ოთხი მსგავსი შემოწმება დაგეხმარებათ: პირველი – უფრო თავდაჯერებული გახდეთ, მეორე – გარემოცვაში გაერკვიოთ და მიხვდეთ, რამდენად არის თქვენი ხალხი.