მალხაზ ქვრივიშვილი ცოლის სწრაფმა რეაქციამ გადაარჩინა – ,,ექიმმა გვითხრა, სასწაული მოხდა, რომ ცოცხალი მოვიდა ჩვენამდეო”

მალხაზ ქვრივიშვილი ცოლის სწრაფმა რეაქციამ გადაარჩინა - ,,ექიმმა გვითხრა, სასწაული მოხდა, რომ ცოცხალი მოვიდა ჩვენამდეო"ჟურნალი ,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

რამდენიმე კვირის წინ მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი გულის მიოკარდიული შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს. ხუთდღიანი მკურნალობის შემდეგ მას ერთი სტენტი ჩაუდგეს, უახლოეს ერთ თვეში კი კიდევ ორს ჩაუდგამენ. ჯანმრთელობას არასდროს უჩიოდა, თუმცა, როგორც მისი ცოლი, ხათუნა ფეიქრიშვილი ამბობს, ბოლო დროს გულის არეში ტკივილებს გრძნობდა, მაგრამ ამას იუმორით უდგებოდა და საგანგაშოდ არ აღიქვამდა.

როგორც ხათუნა გვიამბობს, იმ დღეს, როდესაც ინფარქტი განვითარდა, იღბალი მათ მხარეს აღმოჩნდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის დროულმა რეაგირებამ და კლინიკასთან ახლოს ყოფნამ მსახიობი გადაარჩინა. ხათუნა ფეიქრიშვილი გადატანილ განსაცდელს ,,სარკესთან” დეტალურად იხსენებს.

– ხათუნა, მართლაც რთული დღეები გქონდათ. ამბობენ, რომ არა თქვენი სწრაფი რეაქცია, შეიძლებოდა სულ სხვა, ტრაგიკული რეალობის წინაშე აღმოჩენილიყავით.

– მთლად საკუთარ თავზე ვერ ავიღებ, საბედნიეროდ, ბევრი რამ ჩვენს სასიკეთოდ დაემთხვა. მე და მახო პროდუქტების საყიდლად ვიყავით გასული და ვთხოვე, რომ დიღომში, ჩემს სახლში გაგვევლო, რაღაცის აღება მინდოდა. მთელი გზა ტელეფონზე ლაპარაკობდა. კორონავირუსისგან შექმნილი მძიმე ფონის გამო პარტნიორთან ლაპარაკობდა, კარაოკე კლუბის თანამშრომლებისთვის რა მოეხერხებინათ, რომ უსამსახუროდ არ დარჩენილიყვნენ.

სახლთან როცა მივედით, მახო ისევ საუბრობდა. ვუთხარი, რომ მე ავიდოდი, საკვებს სწრაფად მოვამზადებდი და იქვე ვისადილებდით, როცა საუბარს მორჩებოდა და ამოვიდოდა.

ცოტა ხანში ფანჯრიდან რომ გადავიხედე, დავინახე, მახო მანქანიდან იყო გადმოსული, მაგრამ ხელებით ეყრდნობოდა. თან ამომძახა, ვერ ამოვალ, ცუდად ვარო. ეს ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო, რადგან არ ვიყავი მიჩვეული მის ცუდად ყოფნას, არასდროს დაუჩივლია.

გიჟივით ჩავირბინე და ვნახე, რომ სახეზე ფერი არ ედო, გულის მხარე გახურებული ჰქონდა, თვალთ უბნელდებოდა. ხელებს ვერ ვგრძნობო და ცივი ოფლი ასხამდა. მივხვდი, რომ ინფარქტის ყველა ნიშანი სახეზე იყო. პანიკაში არ ჩავაგდე და ვუთხარი, რომ ალბათ ნევროზული გამოვლენა იყო. ძალიან ნელი მოძრაობებით ავიყვანე სახლში და სასწრაფო გამოვიძახე.

ყველაფერმა ჩვენ სასიკეთოდ იმუშავა. სასწრაფოს 5 წუთიც არ დასჭირდა და იქვე, დიღომშივე გადაგვიყვანეს კლინიკაში. ბაგებში, ჩვენს სახლში რომ ვყოფილიყავით, ალბათ უფრო ბევრ დროს დავკარგავით. სასწრაფოს რომ დაეგვიანა, როგორც გვეუბნებიან, დღეს სულ სხვა სურათი იქნებოდა.

მას შემდეგ, რაც სტენტი ჩაუდგეს, ექიმმა გვითხრა, იმ სისხლძარღვით, რომელიც ჩაკეტილი ჰქონდა, გული მაშინვე ჩერდება, სასწაული მოხდა, რომ ის ცოცხალი მოვიდა ჩვენამდე, ამ დროს 5 წუთიც კი გადამწყვეტია, გილოცავთო.

– მანამდე არავითარი სიმპტომები არ ჰქონდა?

– ბოლო დროს გულზე ხელს იდებდა, მაგრამ ჩემს შეშინებულ სახეს რომ დაინახავდა ან ვეტყოდი, გული ხომ არ გაწუხებს, სასწრაფოს დავურეკოთ-მეთქი, გაიცინებდა ხოლმე, ვითომ მეხუმრებოდა.

იმ დღესაც კი არ უნდოდა, რომ სასწრაფოში დამერეკა, გადამივლისო, მეუბნებოდა. კიდევ კარგი, მის გვერდით ვიყავი, სხვას არავის მისცემდა ამის უფლებას. აღმოჩნდა, რომ სამი სისხლძარღვია დაზიანებული. ერთი იყო სრულიად დახურული, სადაც სტენტი ჩაიდგა, დანარჩენ ორში კი 80 პროცენტამდეა შევიწროება და, მაქსიმუმი, ერთ თვეში უნდა ჩაიდგას ორი სტენტი.

– როგორ შეიცვალა მალხაზის ცხოვრება ამის შემდეგ, ახლა როგორი რეჟიმი აქვს?

– გამთენიამდე არ იძინებდა, ხან ფილმს უყურებდა, ხან კითხულობდა. პირველი, რაც უნდა მოაწესრიგოს, ძილის რეჟიმია. ერთი თვის განმავლობაში, სანამ კიდევ ორს სტენტს ჩაუდგამენ, ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, მერე კი ჯანსაღი ცხოვრების წესზე უნდა გადავიდეს, ჰაერზე ისეირნოს, ველოსიპედით იაროს. მანამდე კი ყოველ საღამოს ხელიხელჩაკიდებულები ვისეირნებთ. იმდენი წამალი დაუნიშნეს, როდის უნდა დალიოს, არ ვიცი.

ალბათ პირველი შეზღუდვა სიგარეტზე და ალკოჰოლზე ექნება.

– შევპირდი, ოღონდ შენ არ მოსწიო და მეც არ მოვწევ-მეთქი და ვიტანჯები. მახო უფრო პასიური მწეველი იყო. მოკლედ, რადიკალურად შეიცვალა ჩვენი ცხოვრების წესი – საათობრივი კვება და წამლების მიღების გრაფიკი.

– ბუნებით ფეთქებადი და ემოციური ადამიანია?

– არა. ის არასდროს გაგრძნობინებს, რომ რამეზე ნერვიულობს. არასოდეს მოგიყვება საკუთარ პრობლემებზე. ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმდენი პრობლემა მიჰყვა ერთმანეთს, რომ ეს ყველაფერი დაგროვდა და შედეგიც მივიღეთ. ძალიან დარდობს, რომ თავისი პროფესიით არ იხარჯება.

– ბოლო დროს თითქოს იყო საუბარი იმაზე, რომ მალხაზი რუსთაველის თეატრში დაბრუნდებოდა.

ვინც იქ არის, აქეთ ეუბნებიან, ჯობია, არ მოხვიდე თეატრში, რადგან ისეთი სიტუაციაა, გული უფრო გეტკინებაო. მიუხედავად ამისა, ძალიან განიცდის, რომ არც თეატრშია და არც ეკრანზე ჩანს. თავის დროზე, როდესაც რუსთაველის თეატრიდან გაათავისუფლეს, ნერვიულობისგან შაქრიანი დიაბეტი დაემართა.

– ალბათ ძალიან გაუმართლა იმ მხრივ, რომ გვერდით თქვენნაირი მზრუნველი ადამიანი ჰყავს.

– მეც ძალიან გამიმართლა. ის 5 დღე, სანამ მახო საავადმყოფოში იწვა და მის გარეშე ვიყავი, ჩემთვის კოშმარი იყო. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენი სიყვარული მართლაც სხვა არის. ასაკში სულ სხვა ყოფილა ეს გრძნობა. არ არსებობს ჩხუბი, დაძაბულობა. უფრო მეტად ვუფრთხილდებით ერთმანეთს და მუდმივად ვზრუნავთ ერთმანეთის კარგად ყოფნაზე.